გოგი მეშველიანი – „მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი ყველა თეთრი მიზანმიმართულად იქნას დახარჯული”

0

10828119_920148264712960_8608438589167411089_o,,დღეს ჩვენთან შეხვედრა გთხოვეთ იმიტომ, რომ თქვენგან მოვისმინოთ ის პრიორიტეტები, რომლებიც სოფელს გააჩნია. მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი ყველა თეთრი მიზანმიმართულად იქნას დახარჯული თქვენი პრობლემების მოსაგვარებლად”,- ასეთი განცხადებით დაიწყო ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, გოგი მეშველიანმა, დღეს სოფელ სავანეთის მოსახლეობასთან შეხვედრა.
სოფლის ცენტრში შეკრებილი მოსახლეობა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან შესახვედრად კონკრეტული მოთხოვნებით მოვიდა. სავანეთს, სადაც 400 ოჯახი ცხოვრობს, ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან 30 000 ლარი გამოეყო. სოფელმა წელს პრიორიტეტად სასმელი წყლის პრობლემის გადაჭრა დაასახელა.მოსახლეობის თქმით, სოფლის გარკვეულ უბნებს სასმელი წყალი საერთოდ არ მიეწოდება. მსჯელობის შემდეგ გადაწყდა, რომ სავანეთში დამატებით კიდევ ერთი რეზერვუარი დამონტაჟდეს, რაც მოსახლეობას საბოლოოდ გადაუჭრის სასმელი წყლის პრობლემას.
მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირის წინაშე ასევე დასვა საკითხი საძოვრების უკმარისობასთან დაკავშირებით. ადგილობრივებმა სოფლის მიმდებარე ტერიტორიაზე სიჩქარის შემანელებელი ბორცვების დამონტაჟებაც ითხოვეს.
სოფელ სავანეთის შემდეგ მუნიციპალიტეტის გამგებელმა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთდ სოფელ ტალავერში გადაინაცვლა. მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ ყველაზე დიდ სოფელს, სავანეთის მსგავსად სასმელი წყლის პრობლემა აწუხებს. სოფლის ერთი ნაწილი ინდივიდუალურად გამრიცხველიანებულია, თუმცა ფერდობებზე შეფენილ უბნებს სასმელი წყალი საერთოდ არ მიეწოდება. მოსახლეობას ოჯახებში სასმელი წყლის მიტანა რამდენიმე კილომეტრიდან უწევს. დღევანდელ კრებაზე გადაწყდა, რომ სოფლის მხარდაჭერის პროგრამით გამოყოფილი 95 000 ლარი ამ პრობლემის მოგვარებას მოხმარდება. გარდა ამისა, ადგილობრივები სოფელში არსებული რეზერვუარის დაქლორვასა და გარკვეულ უბნებში არსებული შიდა გზების მოხრეშვას ითხოვენ.
ბოლნისის მუნიციპალიტეტში სოფლის კრებები დღეს დასრულდა. 9-დან 17 მარტის ჩათვლით კრების ოქმები 46 სოფელსა და 2 დაბაში შედგა.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამა საქართველოში უკვე მე-7 წელია ხორციელდება და იგი სოფლად მცხოვრებთა ინფრასტრუქტურული პრობლემების მოწესრიგებას ითვალისწინებს. ბოლნისის მუნიციპალიტეტისათვის ცენტრალური ბიუჯეტიდან პროექტების განხორციელებისათვის ტრანსფერის სახით 1 259 243 ლარი გამოიყო.
,,საკოორდინაციო ჯგუფებმა ათი დღის განმავლობაში მთელი მუნიციპალიტეტი მოიარეს. კრებებს დღეს შევუერთდი და სოფლების: სავანეთისა და ტალავერის პრობლემებს გავეცანი. მინდა გითხრათ, რომ ორივე სოფლისათვის ძირითადი პრიორიტეტია სასმელი წყლის პრობლემის მოგვარება. გარდა ამისა, მუნიციპალიტეტის სოფლებში შიდა გზებისა და სარწყავი სისტემების რეაბილიტაციის საკითხებიც აქტიურად დგას. მინდა გითხრათ, რომ ყველა ის მოთხოვნა, რაც მათ აწუხებთ, სავსებით მისაღებია და ჩვენ, როგორც არჩეული თვითმმართველობის წარმომადგენლები, ვალდებულნი ვართ მათი პრობლემების მოგვარებაზე ვიზრუნოთ. რაც მთავარია, მოსახლეობასთან შეხვედრებს ჩვენი მხრიდან სისტემატიური ხასიათი მიეცემა და ყოფით პრობლემებს მათ , ჩვენი უფლებამოსილების ფარლებში ეტაპობრივად მოვუგვარებთ”,- განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოგი მეშველიანმა.

10956346_920148844712902_2150879306386484622_o


Share.

Leave A Reply