ქალაქის ცენტრალურ ქუჩებში უყურადღებოდ მყოფი პირუტყვის მეპატრონე დაჯარიმდება

0

dsc01964ქალაქის ტერიტორიაზე ხშირად შეხვდებით ქუჩებში მოსეირნე მსხვილფეხა საქონელს, რომლებიც თავისუფლად გადაადგილდებიან ბულვარის ტერიტორიაზე, სკვერებსა და საზოგადოებრივი  თავშეყრის ადგილებზე. ანადგურებენ მწვანე ნარგავებს, აზიანებენ ქალაქის იერსახეს. საქონლის  გაშვება ხშირ შემთხვევაში მოსახლეობის უყურადღებობით ხდება.

საკრებულოს ორი მარტის სხდომაზე მიიღეს შესაბამისი დადგენილება, დამტკიცდა „ბოლნისის  მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წვრილფეხა და მსხვილფეხა  პირუტყვის ყოფნის წესი“, რომლის კონტროლიც ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურს დაევალა.

საქონლისთვის განისაზღვრა ყოფნის დასაშვები ზონა. ქალაქ ბოლნისის ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე დასაშვებია წვრილფეხა და მსხვილფეხა პირუტყვის ყოფნა, გარდა ქალაქის ქუჩებში, ბაღებში, პარკებში, გაზონებში, სკვერებში და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, ამ ტერიტორიაზე აკრძალულია პირუტყვის  სიარული. საქონლის ყოფნა დასაშვებია ქალაქის ქუჩებში საძოვრებზე გადარეკვის მიზნით.

აღნიშნული წესის დარღვევისთვის განისაზღვრა ჯარიმები, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 148-ე მუხლის შესაბამისად. აქტის შედგენა მოხდება საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს ბოლნისის მუნიციპალიტეტში იდენტიფიცირებული პირუტყვის სახელობითი სიების  საფუძველზე.

„ამ დადგენილების მიღებას მოსახლეობა გაგებით უნდა მოეკიდოს, უყურადღებოდ დარჩენილმა საქონელმა გაანადგურა გაზონები და მწვანე ნარგავები, ამიტომ საკრებულომ მიიღო ასეთი წესი – მოხდება მეპატრონის დაჯარიმება. შევიმუშავეთ გეგმა, გამოვითხოვეთ სიები სურსათის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოდან, რომლებმაც მოახდინეს პირუტყვის იდენტიფიცირება, რის მეშვეობითაც  ადვილად დავუკავშირდებით მეპატრონეს, ჯერ მოვახდენთ  მის გაფრთხილებას, განმეორებით შემთხვევაში მოხდება დაჯარიმება 50 ლარის ოდენობით. საქონლის ყოფნა ძირითადად იკრძალება ცენტრალურ ქუჩაზე, სადაც არის სკვერები, პარკები, გაზონები, ბაღები. ჩვენმა თანამშრომლებმა მოსახლეობას უკვე დაურიგეს გაფრთხილების ფურცლები, სადაც ამ დადგენილების შესახებაა ინფორმაცია“, _აღნიშნა ბოლნისის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა მერაბ ხაჭიპერაძემ.

იმ შემთხვევაში, თუ იდენტიფიკაციით ვერ მოხდა პირუტყვის მესაკუთრის დადგენა, ზედამხედველობის სამსახურსვე დაევალა მისი გადაყვანა სპეციალურად გამოყოფილ ადგილზე. განისაზღვრა მისი მოვლა-პატრონობის ხარჯებიც, ყოველდღიურად 10 ლარის ოდენობით. მომსახურების საფასური გადაანგარიშდება წვრილფეხა და მსხვილფეხა პირუტყვის სულადობის მიხედვით. დადგენილება ძალაში შესვლისთანავე ამოქმედდა.


Share.

Leave A Reply