სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების გამოსავლენად სოფლის კრებები გრძელდება

0

სოფლ. პროგრ.2ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დღეს აკაურთის თემის ოთხ სოფელში იმყოფებოდა.

სოფელ გეტას  მოსახლეობა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს რიტუალების სახლის ეზოში შეხვდა. ადგილობრივები სოფლის განვითარების პროგრამით გამოყოფილი თანხით რიტუალების სახლისთვის სამზარეულოს და საპირფარეშოს აშენებას ითხოვენ. ძველი კლუბის შენობა ორი წლის წინ რიტუალების სახლად გადაკეთდა, ჩაისვა მეტალო პლასტმასის ფანჯრები, შერემონტდა ჭერი და დაიგო იატაკი, დარბაზი 250 კაცზეა გათვლილი.

მოსახლეობამ ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან  სოფელში არსებულ სხვა პრობლემურ საკითხებზეც ისაუბრა. თუმცა სოფელმა ნომერ პირველ პრობლემად რიტუალების სახლის მოწესრიგება დაასახელა. სოფლის პროგრამის ფარგლებში  პრობლემის მოსაგვარებლად 17 ათასი ლარია გამოყოფილი. გასულ წელს სოფელში აღნიშნული პროგრამთ შიდა გზები მოწესრიგდა.

კრების ოქმი გეტას შემდეგ ფოცხვერიანში შედგა. სოფელში 160 ოჯახი ცხოვრობს. მოსახლეობის აზრი აქ ორად გაიყო, ნაწილმა რიტუალების სახლისთვის კონდიციონერის და მაცივრის შეძენა ითხოვა. მოსახლეობის ის ნაწილი კი, რომელიც მთის ძირას ცხოვრობს და წვიმის დროს წამოსული ნიაღვარი მათ საცხოვრებელ სახლებს აზიანებს,  სანიაღვრის დამონტაჟებას ითხოვს. ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის აღნიშვნით მოსახლეობისთვის პრობლემას მდინარე გეტაზე მდებარე დაზიანებული ხიდიც წარმოადგენს, რომელიც სოფელს ორ ნაწილად ჰყოფს, თუმცა ადგილობრივები წლევანდელი სოფლის მხარდაჭერის პროგრამით პრიორიტეტად მაცივრის და კონდიციონერის შეძენას მიიჩნევენ.

რაც შეეხება სოფელ ძეძვნარიანს, გასული წლის სოფლის მხარდაჭერის პროგრამით სასმელი წყლის პრობლემა მოგვარდა, გაიწმინდა სათავე ნაგებობა და შეიცვალა შიდა ქსელი. წელს გამოყოფილი  16 000 ლარით კი ისინი რიტუალების სახლის მშენებლობას ითხოვენ. გადაწყვეტილების  მიღებაში ქალბატონები აქტიურობდნენ.

„ძეძვნარიანის გარდა ყველგან გაკეთდა რიტუალების სახლი, ჩვენ რა დავაშავეთ, სოფელი დიდია, ხშირად ჭირიცაა და ლხინიც, ამიტომ  გვჭირდება ისეთი ადგილი, სადაც შეგვეძლება სუფრის გაშლა, ტერიტორია შერჩეული გვაქვს და გვინდა რიტუალების სახლი ჩვენთანაც აშენდეს. ამდენი წელი სხვა პრობლემები გვარდებოდა, ახლა მთავარი საკითხი სწორედ ეს არის“, _აღნიშნავს სოფელ ძეძვნარიანის მაცხოვრებელი ეთერ მამედოვა. მოსახლეობამ მეორე პრიორიტეტულ საკითხად სოფლის ცენტრალური გზის რეაბილიტაცია დაასახელა.

აკაურთის თემში შეხვედრა სოფელ ძველ ქვეშით დასრულდა.  მოსახლეობა ადგილობრივ ხელმძღვანელობას სკოლის ეზოში შეხვდა,  მათ სოფელში არსებულ პრობლემებზე ისაუბრეს .

მიუხედავად იმისა, რომ სოფელი გამრიცხველიანებულია, ზედა უბნებისთვის სასმელი წყალი მაინც პრობლემაა, რადგან სარწყავი წყლის არარსებობის გამო მოსახლეობა  წყალს სარწყავად იყენებს.

„დებეტი ძალიან მცირეა, წყალი ზედა უბნებზე ვერ აღწევს, რადგან მოსახლეობის ნაწილი სარწყავად ხმარობს, რა ვქნათ, უმუშევრები ვართ, ერთადერთი შემოსავალი სწორედ მიწიდან მოყვანილი პროდუქტებია, ესეც რომ არ მოვიწიოთ, შიმშილით  დავიხოცებით. არც ბუნებრივი აირია სოფელში, შეშა ძალიან ძვირი გვიჯდება, ვწვალობთ წლიდან-წლამდე რომ ვირჩინოთ თავი. განსაკუთრებით გვიჭირს დიასახლისებს“, _გვიამბობს როქსანა მამედოვა. სოფელ ძველი ქვეშის მოსახლეობა სოფლის მხარდაჭერის პროგრამით გამოყოფილი 33 ათასი ლარით რიტუალების სახლისთვის სახურავის შეცვლას, კონდიციონერის და მაცივრის შეძენას ითხოვს.

კონსტანტინე კორძაძე, ბოლნისის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი:

_ შევხვდით სოფელ გეტას, ძეძვნარიანის, ფოცხვერიანის და ძველი ქვეშის მოსახლეობას, მათი მოთხოვნები აისახება კრების ოქმში და სოფლის პროგრამით განვახორციელებთ. გეტაში მოსახლეობა ითხოვს რიტუალებისთვის  სამზარეულოს და საპირფარეშოს მოწყობას, თუ თანხები დარჩება,  ინვენტარსაც შევუძენთ. ძეძვნარიანშიც ანალოგიური სიტუაციაა, შარშან მოხდა  სამზარეულოს  მიშენება და კეთილმოწყობა, ახლა ითხოვენ კონდიციონერის და მაცივრის შეძენას. ფოცხვერიანში რამდენიმე ოჯახს მთიდან წამოსული ნიაღვარი უზიანებს სახლს, მოითხოვეს  სანიაღვრის დამონტაჟება,  გზის გადაკვეთაში აუცილებლად უნდა ჩაიდოს 5 მეტრი წყლის გამტარი მილი. რაც შეეხება ძეძვნარიანს, აქ მოგვარდა სასმელი წყლის პრობლემა, წელს მოითხოვეს რიტუალების სახლის აშენება. ბოლო წლებში მასიური სახე მიიღო  სოფლის განვითარების პროგრამით რიტუალების სახლის მშენებლობამ სოფლებში, ამ საკითხს გამგეობაში დავაყენებთ, განვიხილავთ და გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში მოხდება განხორციელება. ძველი ქვეშშიც სამი წლის მანძილზე ეტაპობრივად მიმდინარეობს რიტუალების სახლის მშენებლობა, დარჩა მხოლოდ სახურავის სრული რეაბილიტაცია და ეზოს კეთილმოწყობა. რაც  წლევანდელი სოფლის განვითარების პროგრამით მოხდება. მოსახლეობასთან ვისაუბრეთ  არსებულ პრობლემებზე.

სოფელ ძველი ქვეშის საჯარო სკოლის მასწავლებლებმა სკოლის ავარიულ შენობაზეც გაამახვილეს ყურადღება. სოფელში ბავშვთა კონტიგენტი დიდია, 240 მოსწავლეს  გასარემონტებელ შენობაში უწევს სწავლა.


Share.

Leave A Reply