სოფლის მეურნეობის მინისტრი რეგიონული ტურნეს ფარგლებში ბოლნისს ეწვია

0

11043430_799865610088684_1814723382708818037_oსოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია ქვემო ქართლის რეგიონში სასოფლო-სამეურნეო დარგის ხელშეწყობის მიზნით დაწყებული პროექტების ფარგლებში მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.
მინისტრმა, ქვემო ქართლის რეგიონის რწმუნებულ-გუბერნატორთან, პაატა ხიზანაშვილთან ერთად, შპს ,,მექანიზატორის“ მარნეულის მუნიციპალიტეტის სერვისცენტრში მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის მესამე ეტაპისთვის საჭირო ტექნიკის მობილიზების შესახებ ინფორმაცია მოისმინა. აგროვადების დაცვით ხვნის სამუშაობის შესრულებისთვის ტექნიკის გამართულ მუშაობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. დღეის მონაცემებით ქვემო ქართლის რეგიონში მობილიზებულია 128 ერთეული ტექნიკა, აქედან ბოლნისში – 38 ერთეული (34 ტრაქტორი; 4 კომბაინი), ხოლო მარნეულში – 90 ერთეული (79 ტრაქტორი; 11 კომბაინი). ამ ეტაპზე შპს „მექანიზატორის“ მიერ ქვემო ქართლში დამუშავებულია 972 ჰა მიწის ფართობი.
ოთარ დანელიამ მარნეულის მუნიციპალიტეტში დებედას არხის სარწყავ სისტემაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებიც დაათვალიერა. რეაბილიტაციის შედეგად, 3 სოფლის (არაფლო, კიროხლო, ქვ.ყულარის) 875 ჰა სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი გასარწყავდება, რითაც 1800 მოსახლე ისარგებლებს. სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წელს დასრულდება.
სოფლის მეურნეობის მინისტრი ქვემო ქართლის რეგიონის ადგილობრივი თვითმმართველობის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს რაიონული საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურების წარმომადგენლებს და ადგილობრივ ფერმერებს შეხვდა. შეხვედრაზე ოთარ დანელიამ სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიის ძირითად მიმართულებებზე და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიმდინარე პროექტებზე ისაუბრა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ქვემო ქართლის რეგიონული სამსახურის წარმომადგენელმა რეგიონში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის მიმართულებით გატარებული ღონისძიებების შესახებ პრეზენტაცია წარადგინა. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს და ქვემო ქართლის რეგიონის ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელმა პირებმა ფერემერების მიერ დასმულ ყველა შეკითხვას უპასუხეს. როგორც შეხვედრაზე ოთარ დანელიამ აღნიშნა, მსგავსი ფორმატის შეხვედრები ყველა რეგიონში ეტაპობრივად გაიმართება.
ქვემო ქართლის რეგიონში სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ განხორციელებული პროექტების მიმდინარეობას სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად მინისტრის მოადგილეები გოჩა ცოფურაშვილი და იური ნოზაძე, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს უფროსი მარიანა მორგოშია, საქართველოს გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანიის დირექტორი ლევან დვალი და შპს ,,მექანიზატორის“ დირექტორი ზვიად ჩხაიძე გაეცნენ.


Share.

Comments are closed.