„სოფლის კრებები“ აქტიურად მიმდინარეობს

0

10424343_811747215581383_4428792850145998017_nბოლნისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში სოფლის განვითარების პროგრამის ფარგლებში „სოფლის კრებები“ კვლავ აქტიურად  მიმდინარეობს. დღეს ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა და საკოორდინაციო ჯგუფმა მორიგი გასვლა განახორციელეს რაჭისუბანში, რატევანში, დისველსა და აკაურთაში.

სოფელ რაჭისუბნის რიტუალების ეზოში შეკრებილი მოსახლეობის ძირითად პრობლემას პირუტყვის სასმელი წყლის მოძველებული სისტემის აღდგენა წარმოადგენს. ასევე მათი სურვილია, დასრულებული სახე მიეცეს რიტუალების სახლის კეთილმოწყობას.

რაც შეეხება სოფელ რატევანს, მოსახლეობა სასმელი წყლის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოებს,  შიდა გზების დაპროფილებასა და გარე განათების გაკეთებას მოითხოვს.

საკოორდინაციო ჯგუფი სოფელ დისველში შეკრებილ მოსახლეობას სკოლის ეზოში შეხვდა. დისველში ჯგუფის წევრებმა და ადგილობრივებმა იმ კონკრეტულ პრობლემებზე და ამოცანებზე ისაუბრეს, რომელიც დღეს სოფელში არსებობს:  მისასვლელი გზა, შიდა გზის დაპროფილება, გარე განათებები და სანაგვე ურნები _ ეს არის სოფელ დისველის მცხოვრებლების ძირითადი პრობლემები.

სოფელ დისველის შემდეგ საკოორდინაციო ჯგუფი სოფელ აკაურთის მოსახლეობას შეხვდა. ადგილობრივების თქმით, წლების მანძილზე მათ წყლის ზიდვა ბუნებრივი წყაროებიდან ხელით უწევდათ, ასევე  დიდ პრობლემას ტაძრამდე მისასვლელი ცენტრალური გზა წარმოადგენს.

რაფიკ ალიევი, სოფელ აკაურთის მკვიდრი:

_სოფლის სახელით მოვითხოვ ტაძრამდე მისასვლელი გზა დაიგოს, რადგან ამ ტაძარს ბევრი ხალხი სტუმრობს, ასევე მოგვარდეს სოფელში სასმელი წყლის პრობლემა.  კაცები  ხელით ვზიდავთ წყალს, მაგრამ ტაძარში ცხოვრობს დედაო, მან რა უნდა ქნას?

„უკვე რამდენიმე დღეა ორი ჯგუფი ყოველდღიურად გავდივართ მუნიციპალიტეტის სოფლებში და ვესწრებით სოფლის კრებებს. ეს ძალიან კარგი პროექტია, ამ პროგრამების მეშვეობით ძალიან ბევრი სასიკეთო საკითხი გადაიჭრა.  ბევრი ისეთი პრობლემაც წამოიჭრა, რომლის დაფინანსებაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან შეიძლება. დღეს ჩვენ სოფელ რაჭისუბანში, რატევანში, დისველსა და აკაურთაში ვიმყოფებოდით. მოსახლეობის ძირითად პრობლემას სასმელი წყალი, სარიტუალო სახლების დასრულება, გზისა და გარე განათების საკითხები წარმოდგენს“, _აღნიშნა ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში არსებული საკითხების შესწავლის, ანალიზისა და მონიტორინგის განყოფილების უფროსმა გიზო კორტავამ.


Share.

Leave A Reply