ფირუზ გასანოვის საცხოვრებელ სახლს დღეს საღამოს ცეცხლი გაუჩნდა, რა დროსაც ოჯახის არცერთი წევრი შინ არ იმყოფებოდა. კვამლი მეზობლებმა გვიან შენიშნეს და სახანძრო- სამაშველი სამსახურში დარეკეს. სახანძრო მანქანა ადგილზე გამოძახებიდან რამდენიმე წუთში მივიდა და მალევე შეძლო ცეცხლის ლოკალიზება, თუმცა საყოფაცხოვრებო ნივთების გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ოჯახს მომხდარზე საუბარი უჭირს. მეზობლები ვარაუდობენ, რომ ხანძარი ელექრო გაყვანილობამ გამოიწვია.
დაზარალებული ოჯახი მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ნუკრი ანდრიაძემ თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად მოინახულა. ადგილობრივი ხელმძღვანელობა დაზარალებულ ოჯახს დახმარებას დაჰპირდა.
როგორც მუნიციპალიტეტის სოციალური სამსახურის უფროსი აღნიშნავს, ადგილობრივ ბიუჯეტში სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესში შეტანილი ცვლილების შედეგად, მუნიციპალიტეტს უფლება აქვს დაეხმაროს დაზარალებულ ოჯახს.
„სტიქიის, ხანძრის, სხვა უბედური და ფორსმაჟორული შემთხვევების შედეგად საცხოვრებელი სახლის დაზიანებისას მიყენებული ზიანის აღსადგენად, დაზარალებულ ოჯახებს ერთჯერადი მატერიალური დახმარება გაეწევათ ზარალის ოდენობის შესაბამისად, აღნიშნული საკითხების შემსწავლელი მუდმივმოქმედი კომისიის დასკვნისა, დამოუკიდებელი აუდიტის შეფასებისა და მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანების საფუძველზე. დაზარალებულ ოჯახებს დახმარება გაეწევათ მიყენებული ზიანის 70%-ის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 10 000 (ათი ათასი) ლარისა“, – განაცხადა სოციალური სამსახურის უფროსმა იროდი უგრეხელიძემ.