საქართველოს მასშტაბით სასკოლო სპორტული ოლიმპიადა იწყება

0

1397461663_aaaსპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ხელშეწყობითა და ჩართულობით,მასშტაბურ სასკოლო სპორტულ  ოლიმპიადას იწყებს. ოლიმპიურ შეჯიბრებებში 11 ქალაქის – თბილისის, ბათუმის, მცხეთის, გორის, რუსთავის, თელავის, ახალციხის, ქუთაისის,ოზურგეთის, ზუგდიდის და ამბროლაურის სკოლების გუნდები ჩაერთვებიან.

სასკოლო გუნდები ერთმანეთს  სპორტის 4 სახეობაში – კალათბურთში, მაგიდის ჩოგბურთში, მინი ფეხბურთსა და მძლეოსნობაში შეეჯიბრებიან. შეჯიბრებები გაიმართება მხიარულ სტარტებშიც.

ოლიმპიადა 15 მარტს მცხეთაში საზეიმოდ გაიხსნება, ხოლო ფინალური თამაშები დაგეგმილია ანაკლიის „მომავლის ბანაკში”, სადაც სპორტულ შეჯიბრებებთან ერთად, კულტურული დაგასართობი სანახაობაც გაიმართება. პროექტის სპონსორია კომპანია „IDS ბორჯომი საქართველო”.

ფინალში გამარჯვებული გუნდები მონაწილეობას მიიღებენ 2016 წლის სასკოლო მსოფლიო ჩემპიონატებში, რომლებიც ხორვატიაში, ესტონეთში, ისრაელსა და უნგრეთში გაიმართება.

ოლიმპიადის შეჯიბრებები ჩატარდება საქართველოს ბავშვთა და მოსწავლე-ახალგაზრდობის სპორტის ეროვნული ფედერაციის სისტემითა და მოთხოვნებით, შეჯიბრებებში წარმოდგენილი სპორტის შესაბამისი სახეობების ეროვნული და საერთაშორისო ფედერაციების მოქმედი წესების მიხედვით და ოლიმპიადის საშეჯიბრო დებულების შესაბამისად.

მასშტაბური სასკოლო სპორტული ოლიმპიადა წელს პირველად იმართება და პროექტი საპილოტეა. მომავალ წელს ოლიმპიადაში საქართველოს მასშტაბით ყველა სკოლის ჩართვა იგეგმება.

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ დღესვე  გამოაცხადა კონკურსი, რომელიც  სპეციალურად სასკოლო სპორტული ოლიმპიადისთვის სლოგანის შექმნას ითვალისწინებს.

სპეციალურად სასკოლო სპორტული ოლიმპიადისთვის იქმნება ჰიმნიც, რომელსაც საზოგადოებას უახლოეს მომავალში წარუდგენენ.


Share.

Comments are closed.