სასკოლო ფოტოკონკურსის რეგიონალურ ტურში სამმა ბოლნისელმა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა

0

11064163_10153108122997230_2104045636_oარასამთავრობო ორგანიზაცია CENN კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელია, რომელიც უკვე მესამე წელია საქართველოში ახორციელებს პროექტს „ტყის მდგრადი მართვა საქართველოში“. პროექტი მუშაობს შვიდ რეგიონში და ხორციელდება როგორც ადგილობრივ, ასევე სამთავრობო დონეზე. ვინაიდან სატყეო სექტორი და ეკო სისტემა ძალიან ცუდ მდგომარეობაშია და დიდი ზეწოლა არის შეშის მოპოვების კუთხით, რეგიონებში მნიშვნელოვანი გახდა ცნობიერების ამაღლება და სამოქალაქო საზოგადოების გააქტიურება. რამდენიმე თვის წინ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთან ერთად, სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურებთან კოორდინაციით   გამოცხადდა სასკოლო ფოტოკონკურსი სატყეო თემატიკაზე „ტყე მარტო შეშა არ არის“ და დაწესდა ნიკო კეცხოველის სახელობის პრემია. ათეულობით საჯარო სკოლაში, საქართველოს 7 რეგიონის მასშტაბით, ჩატარდა საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრები. ასევე მომზადდა სპეციალური ინტერნეტსივრცე სატყეო პორტალზე და CENN-ის „ფეისბუქის“ გვერდზე, სადაც აიტვირთა ასობით საკონკურსო ნამუშევარი.

„ამ ყველაფრის მიზანია, რომ საზოგადოება გავააქტიუროთ, მომავალმა თაობამ თავად ნახოს პრობლემები. კარგია რომ რეგიონები ასე აქტიურად ჩაებნენ, 3000-მდე ფოტო მივიღეთ.  თბილისის სკოლები სპეციალურად წასულან ექსკურსიებზე, რათა ამ პროექტის ფარგლებში სურათები გადაეღოთ ბუნებისთვის“ , _განაცხადა CENN-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ნანა ჯანაშიამ.

„ბოლნისიდან სამმა მოსწავლემ მიიღო დღევანდელ ფოტოკონკურსში მონაწილეობა, რომლებიც შეირჩნენ სკოლებში ჩატარებული ფოტოკონკურსის შედეგად, სამწუხაროდ ბევრმა სკოლამ არ მიიღო მონაწილეობა.  დღეს რეგიონალური ტური ჩატარდა, რომელიც პროექტის „ტყის მდგრადი მართვა საქართველოში“ ფარგლებში ხორციელდება“, _განაცხადა ღია გარემოსდაცვითი სამოქალაქო ინიციატივის კოორდინატორმა ქვემო ქართლის რეგიონში გიორგი დემურაშვილმა.

„გავიგე, რომ სკოლაში ჩატარდა აქცია „გადავარჩინოთ ტყე“. ბუნებაში ვიყავი გასული,  სურათები გადავუღე და გამოვაქვეყნე,  ძალიან კმაყოფილი ვარ ამ პროექტით,“- გიორგი გაბიძაშვილი, №1 საჯარო სკოლის მოსწავლე.

„მივიღე კონკურსში მონაწილეობა, გადავუღე ბუნებას  6 სურათი და აქედან 2 ავარჩიე, არ მეგონა თუ გავიმარჯვებდი, ჩემთვის  მნიშვნელოვანია ბუნების დაცვა და მისი მოვლა. ძალიან გახარებული ვარ დღევანდელი დღით“, _განაცხადა №5 საჯარო სკოლის მოსწავლემ მარიამ ფირცხელიანმა.

7 მარტს თბილისის  საგამოფენო დარბაზში   სასკოლო ტურში გამარჯვებულ მოსწავლეთა ნამუშევრები გამოიფინა, რომელთა შორისაც გამოვლინდნენ რეგიონალური ტურის გამარჯვებულები და  გადაეცათ პრიზები.

რეგიონალურ ტურზე გასული ნამუშევრები სპეციალურმა ჟიურიმ შეაფასა, რომელიც დაკომპლექტებული იყო სხვადასხვა სახელმწიფო უწყების წარმომადგენლებისა და სპეციალისტებისაგან.

“ყველა წამოწყება, რომელიც ბუნების დაცვას უკავშირდება, მისასალმებელია. ის ფაქტი, რომ CENN-ის მიერ გამოცხადებულ ფოტო კონკურსში ბოლნისის მუნიციპალიტეტის მოსწავლეებიც ჩაერთვნენ, თავისთავად წამოწყების მხარდაჭერას გულისხმობს. მსგავსი აქტივობები ძალიან მნიშვნელოვანია მომავალი თაობების ცნობიერების ამაღლებისთვის. თითოეული მოქალაქე ვალდებულია იზრუნოს გარემოზე, ვინაიდან მეტი სიმწვანე ქვეყანაში მეტ ჟანგბადს ნიშნავს. რაც შეეხება თავად კონკურსს, ძალიან საინტერესო ფოტოების ხილვის საშუალება მოგვეცა. რეგიონალურ ტურზე ბოლნისიდან სამი მოსწავლის ფოტონამუშევარი მოხვდა. მართალია რესპუბლიკურ ტურზე ვერცერთი მათგანი ვერ გადავიდა, თუმცა მონაწილეობის მიღება უკვე წარმატების ტოლფასია. მუნიციპალიტეტის გამგეობამ ჩვენს კონკურსანტებს მეტი მოტივაციისათვის ფასიანი საჩუქრები გადასცა. იმედია მომავალ წელს ბოლნისის მუნიციპალიტეტი უფრო აქტიურად ჩაერთვება კონკურსში ნიკო კეცხოველის სახელობის პრიზის მოსაპოვებლად“, _აღნიშნა რეგიონალური ტურის ჟიურის წევრმა თამარ ხოფერიამ.

21 მარტს ტყის საერთაშორისო დღეს, გაიმართება ეროვნული ტური, სადაც გამარჯვებულებს გადაეცემათ ნიკო კეცხოველის სახელობის I, II და III ადგილის პრემია და ფასიანი საჩუქრები.

11031016_10153108127552230_1364500796_o


Share.

Comments are closed.