პრემიერ-მინისტრი რეგიონების განვითარების პროგრამის პრეზენტაციას იწყებს

0

406_47886_605459_11021314_821515117939566_7738861025413276787_o_650საქართველოს პრემიერ-მინისტრი მომავალი კვირიდან რეგიონების განვითარების პროგრამის პრეზენტაციას იწყებს, – ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს გუბერნატორებთან, გამგებლებთან და მერებთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა.
მთავრობის მეთაურის განმარტებით, შესწავლილია ყველა რაიონსა და ქალაქში არსებული რესურსი და ხელისუფლების მიზანია, მასიმალურად შეუწყოს ხელი რაიონებში ბიზნესისა და ადგილობრივი წარმოების განვითარებას.
რეგიონების განვითარების პროგრამაში აქტიურად იქნება ჩართული კერძო სექტორი და ადგილობრივი მოსახლეობა, რათა მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნას.
პრემიერი პირველად სამცხე-ჯავახეთის რეგიონს ეწვევა და რეგიონის საწარმოო პოტენციალის შესახებ ისაუბრებს.
პრემიერ-მინისტრმა დღევანდელ შეხვედრაზე გამგებლებსა და მერებს რაიონებში დაფიქსირებული ხარვეზების მაქსიმალურად მოკლე ვადებში გამოსწორებისკენ მოუწოდა და ხელისუფლების მთავარი გზავნილები გადასცა.
„ჩვენ ვართ და უნდა ვიყოთ ადამიანზე, მოქალაქეზე ორიენტირებული მთავრობა. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენს მოქალაქეებს მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ და მათი ყოფა შევამსუბუქოთ. გუბერნატორებს და გამგებლებს მოვუწოდე, კიდევ უფრო ეფექტიანები იყვნენ, მეტი კომუნიკაცია ჰქონდეთ ხალხთან, რათა უკეთ გავიგოთ ხალხის პრობლემები”, – განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურის ინფორმაციით, ადგილობრივი თვითმმართველობების შესახებ კანონის ამოქმედების შემდეგ გარკვეული ხარვეზები გამოიკვეთა და შესაბამის უწყებებს საკანონმდებლო ცვლილებების შემუშავება დაევალათ, რათა პროცედურები გამარტივდეს და გამგებლებმა მარტივად, ზედმეტი ბიუროკრატიის გარეშე შეძლონ გადაწყვეტილებების მიღება. როგორც პრემიერმა აღნიშნა, რეგიონების წარმომადგენლებთან შეხვედრები რეგულარულ ხასიათს მიიღებს და 2-3 თვეში ერთხელ გაიმართება.
ირაკლი ღარიბაშვილმა ასევე კომენტარი გააკეთა პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევასთან დაკავშირებით. მთავრობის მეთაური მიიჩნევს, რომ მთავარია, ხელისუფლების ყველა შტო ორიენტირებული იყოს ხალხზე და მეტი საქმე გააკეთოს ქვეყნისთვის.
„ჩემთვის მთავარია, მეტი საქმე გავაკეთოთ, ხალხზე და ქვეყანაზე ვიფიქროთ შოუ-მასკარადების გარეშე. ჩვენ ყოველთვის ღია ვართ, კომუნიკაცია გვაქვს ყველა უწყებასთან, არასოდეს არავისთვის გვითქვამს უარი ინფორმაციის მიწოდებაზე. ჩვენ, ყველანი – პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, მინისტრები, გამგებლები, მერები – ორიენტირებული უნდა ვიყოთ ადამიანებზე, ქვეყანაზე, საქმეზე”, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.


Share.

Leave A Reply