პირველი ეროვნული კონკურსის შესარჩევი ტურის შედეგები ცნობილია

0

11082181_660360550760230_3369586026938387089_oბავშვთა და ახალგაზრდული საგუნდო კოლექტივების პირველი ეროვნული კონკურსის შესარჩევი ტური ბოლნისის ხუთმა ანსამბლმა წარმატებით გაიარა. ჟიურის გადაწყვეტილებით კონკურსის  ფინალურ ტურში  მონაწილეობას შემდეგი ანსამბლები მიიღებენ: ბოლნისის კულტურის სახლთან არსებული ბიჭუნათა ანსამბლი „ბოლნისი“, სამუსიკო სკოლის გოგონათა ანსამბლი, ბოლნისის №1,  №5 საჯარო სკოლებისა და იოანე ბოლნელის სახელობის სასულიერო გიმნაზიის შემოქმედებითი კოლექტივები.

„გახარებული ვარ მიღებული შედეგებით. ბოლნისიდან შესარჩევ ტურში სულ რვა კოლექტივი მონაწილეობდა და აქედან ხუთი გადავიდა ფინალურ ტურში. ეს არის დიდი სტიმული და წახალისება თითოეული ბავშვისთვის. ისინი დიდი შემართებით, დიდი ენთუზიაზმით ემზადებიან შემდგომი ეტაპისთვის, რათა კიდევ უფრო ხმამაღალი განაცხადი გააკეთონ კონკურსის ფინალში. თითოეულ ანსამბლს ვუსურვებ წარმატებებს და იმედი მაქვს, რომ გვასახელებენ  და ბოლნისის მუნიციპალიტეტის სახელი გაიჟღერებს კონკურსის დასკვნითი ეტაპის გალა კონცერტზე“, _განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსმა კობა ჟღენტმა.

ფინალური ტური 28-29 მარტს თბილისში, მერაბ ბერძენიშვილის სახელობის კულტურის ცენტრ „მუზაში“ გაიმართება, სადაც მონაწილეობას მიიღებენ რესპუბლიკის მასშტაბით შერჩეული საუკეთესო შემოქმედებითი კოლექტივები.

ფინალური ტურის შემდეგ კონკურსის ფარგლებში  მოეწყობა გალა კონცერტი, სადაც მოხდება სხვადასხვა ნომინაციებში გამოვლენილი გამარჯვებულების დაჯილდოვება.

ბავშვთა და ახალგაზრდული საგუნდო კოლექტივების პირველი ეროვნული კონკურსი საქართველოს საგუნდო საზოგადოებისა და თბილისის ევგენი მიქელაძის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის ორგანიზატორობითა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით ტარდება. კონკურსის მიზანია აკადემიური საგუნდო სიმღერის პოპულარიზაცია, ეროვნული სასიმღერო ტრადიციების დაცვა, საგუნდო კოლექტივების მხარდაჭერა,  განვითარება და საშემსრულებლო დონის ამაღლება.


Share.

Leave A Reply