პირველი ეროვნული კონკურსის შესარჩევ ტურს ბოლნისის მუნიციპალიტეტმა უმასპინძლა

0

კონკურსი8ბავშვთა და ახალგაზრდული საგუნდო კოლექტივების პირველი ეროვნული კონკურსის ქვემო ქართლის ტურში ბოლნისის, კაზრეთის, მარნეულის, გარდაბნის, დმანისის, წალკისა და თეთრიწყაროს სამუსიკო სკოლები, მგალობელთა გუნდები, საჯარო და კერძო სკოლებთან და კულტურის ცენტრებთან არსებული საგუნდო კოლექტივები მონაწილეობდნენ. შესარჩევი ტური ბოლნისის კულტურის სახლში მთელი დღის მანძილზე მიმდინარეობდა, რომელსაც სპეციალურად მოწვეული ჟიური აკვირდებოდა.

„ბევრი კარგი საგუნდო კოლექტივი წარსდგა დღეს ჩვენს წინაშე, თუმცა მათგან გამოვყოფდი დმანისის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის ბავშვთა ანსამბლს „კიდევაც დაიზრდებიან“, რომელმაც ყველაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე, ასევე მომეწონა ბოლნისის ვაჟთა ანსამბლი „ბოლნისი“ და მარნეულის გოგონათა აკადემიური  გუნდი. ქვემო ქართლის მასშტაბით სულ 53 საგუნდო კოლექტივი მონაწილეობდა შესარჩევ ტურში, აქედან ვფიქრობ 50% გადავა ფინალში. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელს ბატონ გოგი მეშველიანს, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსს კობა ჟღენტს და კულტურის სახლის კოლექტივს ასეთი ორგანიზებული და თბილი მასპინძლობისთვის“,_აღნიშნა ჟიურის წევრმა, საგუნდო კონკურსის ქვემო ქართლის ტურის ორგანიზატორმა თამარ ბუაძემ.

კონკურსანტები ჟიურის წინაშე ქართული საგალობლებით, აკადემიური და ქართული ხალხური სიმღერებით წარსდგნენ. თითოეულმა კონკურსანტმა,  შესარჩევი ტურის ფორმატიდან გამომდინარე,  ორ-ორი ნომერი შეასრულა.  ანსამბლების ხელმძღვანელებმა  ჟიურის წევრებისგან კონკრეტული მითითებებიც  მიიღეს.

„აღსანიშნავია, რომ ამ ტურს მასპინძლობს ბოლნისის მუნიციპალიტეტი. დღეს დილიდან სასიამოვნო ფუსფუსია ბოლნისის კულტურის სახლში, სადაც თავი მოიყარეს ქვემო ქართლში არსებულმა საგუნდო კოლექტივებმა. ისინი კონკურსის საშუალებით გამოცდილებას იძენენ და ეცნობიან ერთმანეთის შემოქმედებას, ამასთანავე მნიშვნელოვან რჩევებს იღებენ მაღალკვალიფიციური და კომპეტენტური ჟიურისგან. მივესალმები ამ ინიციატივას და თითოეულ ანსამბლს ვუსურვებ წარმატებებს“,_აღნიშნა ბოლნისის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსმა კობა ჟღენტმა.

საგუნდო კონკურსის შესარჩევი ტურის შედეგები 2-3 დღეში გახდება ცნობილი. აღნიშნული საგუნდო კონკურსი საქართველოს მასშტაბით მიმდინარეობს. რეგიონებსა და ქალაქებში შერჩეული საუკეთესო ანსამბლები II ტურში, საფინალო კონცერტზე მიიღებენ მონაწილეობას, რომელიც 28-დან 30 მარტის ჩათვლით თბილისში  გაიმართება. ის კონკურსანტები, რომლებმაც ჟიურის მოწონება დაიმსახურეს, თუმცა ვერ დააკმაყოფილეს კონკურსის მოთხოვნები, მონაწილეობას მიიღებენ გალა კონცერტში, სადაც მოხდება სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებული კონკურსანტების დაჯილდოება.

ბავშვთა და ახალგაზრდული საგუნდო კოლექტივების პირველი ეროვნული კონკურსი საქართველოს საგუნდო საზოგადოებისა და თბილისის ევგენი მიქელაძის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის ორგანიზატორობითა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით ტარდება. კონკურსის მიზანია აკადემიური საგუნდო სიმღერის პოპულარიზაცია, ეროვნული სასიმღერო ტრადიციების დაცვა, საგუნდო კოლექტივების მხარდაჭერა,  განვითარება და საშემსრულებლო დონის ამაღლება.

ქვემო ქართლის შესარჩევი ტურის დასრულების შემდეგ ჟიურის წევრები და ორგანიზატორები ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელს გოგი მეშველიანს შეხვდნენ, რომელსაც კონკურსის მნიშვნელობაზე ესაუბრნენ და მის ფარგლებში განსახორციელებელი სამომავლო გეგმები გააცნეს.


Share.

Leave A Reply