პრემიერი საბიუჯეტო თანხების შესაბამის ხარჯვას ითხოვს

0

GIO_9759მუნიციპალიტეტებში, რომლებიც საბიუჯეტო თანხებს გეგმის შესაბამისად ვერ ხარჯავენ, მმართველი გუნდი, პოლიტიკური ძალის მეშვეობით გამგებლების და მერების პასუხისმგებლობის საკითხს დააყენებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
პრემიერის დავალებით, ფინანსთა სამინისტრო უახლოეს მომავალში გაასაჯაროებს ინფორმაციას რაიონების მუნიციპალიტეტების მიერ საბიუჯეტო თანხების ათვისების შესახებ.
„ჩვენი პოლიტიკური ძალის მეშვეობით დავაყენებ იმ გამგებლების და საკრებულოს თავმჯდომარეების პასუხისმგებლობის საკითხს, რომლებიც საბიუჯეტო თანხების შესაბამის ხარჯვას ხელს უშლიან და აფერხებენ რაღაც გაუგონარი ბიუროკრატიული ბარიერების გამო. გამგებლებს და არჩეულ მერებს გაუჩნდათ განცდა, რომ არიან ხელშეუხებლები. მინდა ვუთხრა, რომ ძალიან ცდებიან. მათ აიღეს პასუხისმგებლობა იმ ხალხის მიმართ, ვინც ისინი აირჩია, რასაც ვერავინ გაექცევა. თუ არაეფექტურები არიან და ვერ ასრულებენ დაკისრებულ მოვალეობას, აუცილებლად დადგება მათი პასუხისმგებლობის საკითხი. მინდა, ყველამ გაითვალისწინოს ეს, მინისტრებმა, გამგებლებმა, მერებმა. არ ვაპირებთ, ვინმეს არაეფექტურობა ყურადღების მიღმა დარჩეს”, – განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი ღარიბაშვილმა გააქტიურებისკენ მოუწოდა მინისტრებსაც და შეახსენა, აკონტროლონ უწყებებში მიმდინარე სამუშაოების განრიგი, რადგან შეუსრულებელ სამუშაოებზე პასუხისმგებლობის აღება მათაც მოუწევთ. პრემიერ-მინისტრის დავალებით, ბიუჯეტის მიხედვით გაწერილი ყველა პროექტი მაქსიმალურად დაჩქარებული ტემპებით უნდა შესრულდეს.

Share.

Leave A Reply