მიკრო და მცირე ბიზნესის წამოსაწყებად ბიზნეს იდეების კონკურსი დაიწყო

0

11127911_765919300189481_1982139736_nკონკურსის ფარგლებში დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტში საინფორმაციო სახის შეხვედრა მოეწყო. რეგიონული განვითარების ასოციაციის წარმომადგენელმა ბოლნისელ მეწარმეებს კონკურსის პირობები გააცნო.

სამცხე-ჯავახეთსა და ქვემო ქართლში მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამის ბიზნეს იდეების კონკურსი დაიწყო. აღნიშნული კუთხით განცხადებების მიღება 5 მაისამდე გაგრძელდება.

,, ბოლნისელ მეწარმეებს გავაცანი კონკურსის პირობები.   აღნიშნული პროგრამა საქართველოში ხორციელდება პირველად და მისი მიზანია გამოავლინოს საუკეთესო ბიზნეს იდეები. საუკეთესო ბიზნეს იდეების ავტორებს მიეცემათ შესაძლებლობა გაიარონ სპეციალური ტრენინგი, შეადგინონ პროფესიონალური ბიზნეს გეგმა და კონკურსის წესით მოიპოვონ თანადაფინანსება.  ერთ მეწარმეზე გაიცემა 5,000 ლარი,  შესაძლებელია მაქსიმუმ სამი მეწარმის გაერთიანება, რომლებიც შესაბამისად მიიღებენ  15000 ლარამდე.  მეწარმეს მოეთხოვება თანადაფინანსების სულ მცირე 20% ოდენობის  ფულადი თანამონაწილეობა ბიზნესში,“_ განაცხადა რეგიონული განვითარების ასოციაციის წარმომადგენელმა მადონა ცერცვაძემ.

თანადაფინანსების მოსაპოვებლად მეწარმეები მიიღებენ მონაწილეობას ჯერ ბიზნეს იდეების კონკურსში, ხოლო სპეციალური ტრენინგის შემდგომ კი,  საკუთარ ბიზნეს გეგმებს სპეციალურ კომისიას წარუდგენენ.

ბიზნეს იდეების კონკურსში მონაწილეობა შეუძლია სამცხე-ჯავახეთსა და ქვემო ქართლში მიკრო ან მცირე ბიზნესის წამოწყების ან განვითარების მსურველ ნებისმიერ სრულწლოვან საქართველოს მოქალაქეს, რომელიც არ არის საჯარო მოხელე და არ აქვს საგადასახადო დავალიანება სახელმწიფოს წინაშე. ბიზნეს გეგმების კონკურსში მონაწილეობას გააგრძელებენ მხოლოდ ის მეწარმეები, ვისაც შემოსავლების სამსახური მიანიჭებს მიკრობიზნესის, მცირე ბიზნესის ან ფიქსირებული გადასახადის გადამხდელი ფიზიკური პირის სტატუსს. ხოლო მეწარმეთა ჯგუფებს, კონკურსის ბოლო ეტაპზე ასევე მოეთხოვებათ გაერთიანება ამხანაგობის ფორმით.

პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება როგორც სასოფლო-სამეურნეო, ასევე არასასოფლო-სამეურნეო წარმოება და მომსახურება, რომელიც ნებადართულია ზემოხსენებული სპეციალური შეღავათიანი დაბეგვრის სტატუსის მქონე ფიზიკური პირებისთვის.

მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამა ხორციელდება საქართველოს პრემიერ მინისტრის ინიციატივის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში და მიზნად ისახავს საქართველოს რეგიონებში მიკრო და მცირე ბიზნესის განვითარებას _ მეწარმეების დაფინანსებისა და ცოდნის ამაღლების გზით. პროგრამას ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს სსიპ მეწარმეობის განვითარების სააგენტო კონტრაქტორი არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით. სამცხე-ჯავახეთსა და ქვემო ქართლში სააგენტოს კონტრაქტორია ააიპ რეგიონული განვითარების ასოციაცია (RDA).

ბიზნეს იდეების განაცხადის ფორმის ჩამოტვირთვა და პროგრამასთან დაკავშირებული ინფორმაციის გაცნობა შესაძლებელია ვებგვერდზე WWW.qartuli.ge.

15 აპრილიდან მეწარმეები შეძლებენ შეავსონ განაცხადი ონლაინ!

მისამართი: ქვემო ქართლი, მარნეული, რუსთაველის ქუჩა№48

სამცხე-ჯავახეთი, ახალციხე. გვარამაძის ქუჩა№16.

პროგრამის ცხელი ხაზი: 0322-05-19-92


Share.

Leave A Reply