მეტი ქალი პოლიტიკაში – 8 მარტის მსვლელობა ქალთა უფლებებისთვის

0

11002902_351873268347235_843404970_oბოლნისის მუნიციპალიტეტში მცხოვრები სხვადასხვა პროფესიის ქალბატონები ქალთა მოძრაობის მანიფესტს შეუერთდნენ. მშვიდობიანი აქცია საქართველოს 24 ქალაქში ერთდროულად გაიმართ, რომელიც მიზნად ქალთა მხარდაჭერას და გაძლიერებას ისახავს.

„მხარი დავუჭიროთ ქალების გაძლიერებას’’, „ჩვენ გვჭირდება მეტი ქალი პოლიტიკაში’’,„მიეცი ხმა ქალს’’, – ამ ლოზუნგებით ქალებს აქციაში ჩართვისკენ მოუწოდებდნენ. აქციის მონაწილეებმა საზოგადოებას ქალთა მოძრაობის მიერ შემუშავებული განცხადება გააცნეს.

„ჩვენ ვართ საქართველოს მოსახლეობის 53%, მაგრამ პარლამენტში 12%-ით ვართ წარმოდგენილი. 59 გამგებლიდან მხოლოდ ორია ქალი. ქვეყნის არცერთი მერი და არცერთი გუბერნატორი ქალი არ არის. დღეს საქართველოში ქალის ხმა არ ისმის. 25 წელია ქვეყანამ აღიდგინა დამოუკიდებლობა, მაგრამ ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის კუთხით პროგრესისთვის არ მიგვიღწევია. ჩვენი უფლებები უწინდებურად ირღვევა. 2014 წლის ქალთამკვლელობებმა გვიჩვენა, რომ საქართველოში ჩვენი სიცოცხლის უფლებაც კი არ არის დაცული. დღეს ქართულ პოლიტიკას აკლია ქალების ხედვა, გამოცდილება და უნარები. პოლიტიკის სფეროში ქალების სიმბოლური, მცირე რაოდენობა, არ გვაძლევს საშუალებას სრულად გამოვავლინოთ და გამოვიყენოთ ჩვენი პოტენციალი. საზოგადოების და კაცობრიობის განვითარების პროცესში ჩვენი უნიკალური წვლილი დაკნინებული ან სრულიად დაკარგულია. ქალები იმ საკითხების გადაწყვეტაშიც კი ვერ მონაწილეობენ, რომელიც უშუალოდ და მხოლოდ მათ ეხებათ. პარლამენტი არ უზრუნველყოფს ქალების წარმომადგენლობას და შესაბამისად არ იცავს მათ ინტერესებს. საქართველოში არ გვაქვს წარმომადგენლობითი დემოკრატია. ჩვენ, ქალები, უგულებელყოფილნი ვართ პოლიტიკურ ცხოვრებაში და ამას აღარ შევეგუებით” – ნათქვამია განცხადებაში.

Share.

Comments are closed.