კრების ოქმი კიდევ ხუთ სოფელში შედგა

0

988906_919274938133626_3435540653282526683_nსოფლის მხარდაჭერის პროგრამით  არსებული პრობლემების გამოსავლენად მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები სოფელ კიანეთის, ბალიჭის, ზვარეთის, ქვემო ბოლნისის დაბა კაზრეთის მოსახლეობასთან გასაუბრებით  გაეცვნენ იქ არსებულ ინფრასტრუქტურულ პრობლემებს.

სოფელ  კიანეთში მოსახლეობასთან შეხვედრა სკოლის შენობაში შედგა, დიასახლისებმა პრიორიტეტულ საკითხად ბუნებრივი აირი დაასახელეს და სკოლის შენობის მდგომარეობაზეც  გაამახვილეს ყურადღება, სოფელში ერთადერთი საგანმანათლებლო და კულტურული დაწესებულება რეაბილიტაციას საჭიროებს. მოსწავლეებს მძიმე პირობებში უწევთ სწავლა. გასულ წელს სოფლის განვითარების პროგრამით  მოიხრეშა 300 მეტრი გზის მონაკვეთი, რიტუალების სახლისთვის კი შეიძინეს ორი მაცივარი. მოსახლეობამ ცენტრალური ბიუჯეტიდან მათთვის გამოყოფილი 11 ათასი ლარით სოფელში გარე განათების გაკეთება მოითხოვა. ადგილობრივებმა ახალი სასაფლაოსთვის ადგილის გამოყოფა და შემოღობვა ითხოვეს. სოფელში, სადაც 80-მდე ოჯახი ცხოვრობს, სასმელი წყლის პრობლემაც დგას.

კიანეთის შემდეგ შეხვედრა დაბა კაზრეთში გაგრძელდა. წელს ცენტრალური ბიუჯეტიდან 136 000 ლარია გამოყოფილი დაბაში არსებული პრიორიტეტული საკითხების მოსაგვარებლად.  მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებს ადგილობრივებმა დაბაში რიტუალების სახლის მშენებლობა სთხოვეს, რადგან მათ ბალიჭში არსებული დარბაზით უწევთ  სარგებლობა. მოსახლეობამ ასევე სხვა რიგ პრობლემებზეც ისაუბრა,  აღნიშნეს, რომ მოსაწესრიგებელია საკანალიზაციო სისტემები, ლიფტის შახტები და შესაცვლელია კორპუსის სახურავები.

გამგებლის პირველი მოადგილე   მოსახლეობას დაჰპირდა, რომ ამ პრობლემას ადგილობრივი ბიუჯეტიდან მოაგვარებს.

კრების ოქმი ბალიჭშიც შედგა. სოფელმა, სადაც 280 ოჯახი ცხოვრობს, წელს პრიორიტეტად რიტუალების სახლის ეზოს კეთილმოწყობა და სასაფლაომდე მისასვლელი გზის მოწესრიგება დაასახელა. მოსახლეობა  გარე განათების  დამონტაჟებას ითხოვს, მის მოსაგვარებლად თანხა ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყოფა.

სოფელ ზვარეთისთვის, სადაც 100 ოჯახი ცხოვრობს, სოფლის განვითარების პროგრამით 17 ათასი ლარია გამოყოფილი, გასულ წელს რიტუალების სახლი აშენდა, სახურავში მოექცა, ჩაისვა მეტალო-პლასტმასის კარ-ფანჯარა, მოსახლეობა წელს მის დასრულებას ითხოვს. ადგილობრივები მისასვლელი გზის კეთილმოწყობას და სანიაღვრეების გაკეთებასაც ითხოვენ.

ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები  ქვემო ბოლნისში გამართულ სოფლის კრებასაც დაესწრნენ. სოფელს, სადაც 2083 ოჯახი ცხოვრობს, სახელმწიფომ  ინფრასტრუქტურული პროექტების  განსახორციელებლად 116000 ლარი გამოუყო. მოსახლეობა სარწყავი წყლის დებეტის მომატებას ითხოვეს. შეხვედრაზე გადაწყდა, რომ წელს სოფლის მხარდაჭერის პროგრამით ქვემო ბოლნისში არსებულ სარწყავ არხს რეაბილიტაცია ჩაუტარდება და ექვსი ჭაბურღილი დამონტაჟდება, რაც გაზრდის სარწყავი წყლის მარაგს და ამით სოფელში არსებული პრობლემა საბოლოოდ მოგვარდება.

 


Share.

Comments are closed.