კრების ოქმები ხიდისყურსა და ნახიდურშიც შედგა

0

11038425_915391985188588_2608323358735347351_o,,თქვენი პრობლემები ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ყოფითი პრობლემები ეტაპობრივად გადაგიჭრათ“,- ასეთი განცხადებით დაიწყეს შეხვედრა დღეს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა სოფელ ხიდისყურში.
მუხრანასა და ბალახაურისაგან განსხვავებით სოფელ ხიდისყურის მაცხოვრებლებს სასმელი წყლის პრობლემა არ აწუხებთ. გასულ წელს სოფელში დამატებით ორი ჭაბურღილი მოეწყო და ახალი რეზერვუარი დამონტაჟდა. შედეგად კი სოფელს 24 საათიანი წყალმომარაგება აქვს.სოფელში ბუნებრივი აირის ქსელიც მიყვანილია და შიდა დაქსელვით სამუშაოებს კომპანია ,, სოკარ ჯორჯია გაზი ქართლი“ უახლოეს თვეებში დაიწყებს.
წელს გამოყოფილი 18 ათასი ლარით სოფელ ხიდისყურის მაცხოვრებლები არსებული სასაფლაოს კაპიტალურ შემოღობვას ითხოვენ.
კრების ოქმი შედგა დღეს სოფელ ნახიდურშიც, რომელიც მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი დიდი სოფელია. 1365 კომლიან სოფელს ინფრასტურქტურული პროექტების მოსაგვარებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან 80 ათასი ლარი გამოეყო. ნახიდურის ძირითადი პრობლემა სასმელ და სარწყავ წყალს უკავშირდება. მაცხოვრებლებმა მსჯელობის შემდეგ მოითხოვეს სოფელში არსებული ჭაბურღილის რეაბილიტაცია, დამატებით კიდევ ერთი ჭაბურღილის მოწყობა და ნახიდურში არსებული სამელიორაციო საქაჩის ელექტრო ენერგიაზე გადაყვანა. სოფელში არსებული ორიდან ერთი წყალსაქაჩი დიზელის საწვავით ფუნქციონირებს, რომელიც მოსახლეობას ძალიან ძვირი უჯდება.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამა საქართველოში უკვე მე-7 წელია ხორციელდება და იგი სოფლად მცხოვრებთა ინფრასტრუქტურული პრობლემების მოწესრიგებას ითვალისწინებს. ბოლნისის მუნიციპალიტეტისათვის ცენტრალური ბიუჯეტიდან პროექტების განხორციელებისათვის ტრანსფერის სახით 1 259 243 ლარი გამოიყო.
,, დღეს კიდევ ოთხი სოფლის პრიორიტეტები მოვისმინეთ. ჩვენი მიზანია, რომ სოფლის კრებები ჩატარდეს გამჭვირვალედ და ის თანხები, რომლებიც ამ სოფლებისთვის პრობლემების მოგვარებისთვის გამოიყო, მიზნობრივად იქნას დახარჯული. ძირითადი პრობლემა სასმელ და სარწყავ წყალს უკავშირდება. ჩვენ ვეცდებით, რომ ეს პრობლემები აღმოვფხვრათ და მათ ყოველდღიური ყოფა გავუადვილოთ“,- განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტიოს საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ნუკრი ანდრიაძემ.


Share.

Leave A Reply