ინფრასტრუქტურული პრობლემების მოსაგვარებლად პრიორიტეტების გამოვლენა სოფლებში გრძელდება

0

10995497_916382271756226_572730767660563148_nსოფლად მცხოვრებთა ინფრასტრუქტურული პრობლემების მოსაგვარებლად პრიორიტეტების გამოვლენა სოფლებში გრძელდება. 40 სოფელში ადგილობრივებმა წელს სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტები თავად დაასახელეს.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველი მოადგილე დავით შერაზადიშვილი, საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების” თავმჯდომარე ნუკრი ანდრიაძესა და საკრებულოს დეპუტატებთან ერთად ფოლადაურს, სამწევრისს, ზემო ბოლნისსა და სოფელ ბოლნისს ესტუმრა. სოფლის მაცხოვრებლებმა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს ყველა ის საკითხი გააცნეს, რაც მათ დღის წესრიგში დგას.
სოფელ ფოლადაურში 75 კომლი ცხოვრობს. სახელმწიფო ბიუჯეტიდან წელს 8 000 ლარია გამოყოფილი. ამ თანხით ადგილობრივები სარწყავი სისტემების რეაბილიტაციას ითხოვენ. გარდა ამისა გარე განათების დამონტაჟებასა და ე.წ. ,,კაბელიზაციას”. კომპანია ,,ენერგო-პრო ჯორჯია” ფოლადაურში ელეტქრო ენერგიის მოძველებული ბოძების შეცვლას უახლოეს პერიოდში დაიწყებს.
ფოლადაურისაგან განსხვავებით სოფელ სამწევრისის მოსახლეობას სასმელი წყლის პრობლემა აწუხებს. სოფელში არსებული რეზერვუარიდან 2 სოფელი: სამწევრისი და ზემო ბოლნისი მარაგდება. ადგილობრივების განცხადებით, ზაფხულის სეზონის დადგომათან ერთად, წყლის დებეტი იკლებს და მოსახლეობისთვის სასმელი წყალი არასაკმარისია. დღევანდელ შეხვედრაზე წელს გამოყოფილი 9 000 ლარით მათ დამატებით ორკილომეტრიანი მაგისტრალის მშენებლობა ითხოვეს, რის შემდეგაც სოფელს სასმელი წყლის პრობლემა მოეხსნება.
გარდა ამისა ადგილობრივი ბიუჯეტიდან წელს მდინარე ფოლადაურზე არსებული სოფელ სამწევრისთან დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდის სრული რეაბილიტაციაც განხორციელდება.სამუშაოები უახლოეს ორ თვეში უნდა დაიწყოს.
სოფლის კრების ოქმები დღესვე შედგა ზემო ბოლნისსა და სოფელ ბოლნისში. ზემო ბოლნისში გასულ წლებში რიტუალების სახლის მშენებლობა განხორციელდა. 145 კომლიანი სოფელი წელს რიტუალების სახლისთვის სამზარეულოს მშენებლობას, ეზოსა და სველი წერტილების კეთილმოწყობას ითხოვს. გარდა ამისა სოფლის ახალგაზრდებს 10 წლის წინ აშენებული სტადიონის რეაბილიტაციას სურვილი აქვთ.
ბოლო სოფელი, რომელიც დღეს გამგებლის პირველმა მოადგილემ და ფრაქცია ,,ქართული ოცნების” თავმჯდომარემ მოინახულეს სოფელი ბოლნისი გახლდათ. სოფელში სადაც 500 ოჯახი ცხოვრობს, უმთავრესი პრობლემა სარწყავ წყალს უკავშირდება. წელს გამოყოფილი 80 ათასი ლარით სოფელი სარწყავი სისტემების მშენებლობას ითხოვს. გარდა ამისა, წელსვე განხორციელდება სასმელი წყლის სათავო ნაგებობის რეაბილიტაციაც.
სოფლის კრებები მუნიციპალიტეტში 16 მარტს განახლდება.
,,დღეს კიდევ ოთხი სოფლის მონახულება შევძელით. გავეცანით მათ პრობლემებს და მიმაჩნია, რომ ყველა ის მოთხოვნა რაც მათ გააჩნიათ ლეგიტიმურია და აუცილებლად საჭიროებს მოგვარებას. ადგილობრივი თვითმმართველობის პირდაპირი მოვალეობა მოსახლეობაზე ზრუნვა გახლავთ და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ სხვადასხვა პროგრამისა და ფონდის დახმარებით, ეტაპობრივად გადავჭრათ მოსახლეობის წინაშე არსებული საკითხები”,- განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველმა მოადგილე დავით შერაზადიშვილმა.

Share.

Leave A Reply