ვის შეუძლია იცხოვროს სოციალურ საცხოვრისში, რომელსაც ბოლნისის მუნიციპალიტეტი აშენებს

0

29456BC2-EB0F-4828-887E-F9C16DDF3875_w640_r1_s_cx0_cy7_cw88სავარაუდოდ, 1 აპრილიდან დაბა კაზრეთში სამშენებლო სამუშაოები დაიწყება და უსახლკაროებისთვის მესამე სოციალური საცხოვრისი დაიწყებს ფუნქციონირებას.

16 მარტს მუნიციპალიტეტის სატენდერო კომისიის მიერ შპს „მეტრს“ გაეგზავნა მოწვევა ხელშეკრულების გასაფორმებლად, რისთვისაც განესაზღვრა ვადა 2015 წლის 20-დან  30 მარტის ჩათვლით.

დაახლოებით 25 ოჯახისთვის გაკეთდება 1,2 და 3 ოთახიანი ბინები. ამ ეტაპისთვის აღრიცხულია 80 სოციალურად შეჭირვებული ოჯახი. ახალ საცხოვრისში ბინის დასადებად აუცილებელია ბენეფიციარი აკმაყოფილებდეს გარკვეულ კრიტერიუმებს:  ოჯახი  არ უნდა ფლობდეს არც საქართველოში და არც მის ფარგლებს გარეთ საცხოვრებელ ფართს, მისი საცხოვრებელი არ უნდა აკმაყოფილებდეს ცხოვრებისთვის აუცილებელ მინიმალურ პირობებს; ოჯახის ყველა წევრი რეგისტრირებული უნდა იყოს ბოლნისის მუნიციპალიტეტში, უპირატესობა მიენიჭება იმ ოჯახებს, რომლებიც ამ ორ კრიტერიუმთან ერთად აკმაყოფილებენ ქვემოთ ჩამოთვლილ კრიტერიუმებიდან ერთს მაინც:

ა) ოჯახის სარეიტინგო ქულა სიღარიბის დაძლევის პროგრამის ფარგლებში არ აღემატება 57000-ს;

ბ) ოჯახი, რომლის ერთი წევრი შშმ პირი ან შშმ ბავშვია;

გ) მარტოხელა მშობლის მრავალშვილიანი ოჯახი, რომელსაც ჰყავს სამი ან მეტი არასრულწლოვანი შვილი;

დ) ოჯახი, რომელიც შედგება საპენსიო ასაკის მარტოხელა პირ(ებ)ის-გან და სადაც იზრდება 18 წლამდე ერთი ან ორი შვილიშვილი.

ამასთანავე ბენეფიციარებმა მუნიციპალიტეტში უნდა წარადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია: განცხადება გამგებლის სახელზე, განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლთან ერთად ბენეფიციარისა და მისი ოჯახის წევრების დაბადებისა და პირადობის მოწმობის ასლები, ცნობა საჯარო რეესტრიდან ბენეფიციარისა და მისი ოჯახის წევრების სახელზე ქონების რეგისტრაციის არსებობის შესახებ, ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან. კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში, შეიძლება საჭირო გახდეს დამატებით კიდევ სხვა დოკუმენტების წარდგენა.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოციალურ საცხოვრისში შესახლებული ბენეფიციარი ოჯახების შერჩევისა და სოციალური საცხოვრისის შემდგომი მონიტორინგის განხორციელების მიზნით შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც განიხილავს და შეისწავლის  შესახლების  მსურველთა განცხადებას, მიღებული გადაწყვეტილება კი დასაბუთებული უნდა იყოს, რაც აისახება  ოქმში და მის საფუძველზე მომზადებულ სამუშაო ჯგუფის დასკვნაში.

,,მეტი გამჭვირვალობისთვის  სამუშაო ჯგუფში შესაძლოა ჩავრთოთ არასამთავრობო სექტორიც, ასევე სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლები, ძირითადად დაკომპლექტებული იქნება  მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს თანამშრომლებით“,_ განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოციალური განყოფილების  უფროსმა შავლეგ მუშკუდიანმა.

სოციალური საცხოვრისი მუნიციპალიტეტის საკუთრებაა და მიზნად ისახავს მის ბინადართა ღირსეული საცხოვრებელი ადგილით უზრუნველყოფას იმ დრომდე, სანამ მობინადრეს არ ექნება საკუთარი საცხოვრებელი პირობების დამოუკიდებლად უზრუნველყოფის შესაძლებლობა.

„ისეთ დასახლებაში როგორიც კაზრეთია, ძალიან მნიშვნელოვანია, გამართული სოციალური სისტემა ფუნქციონირებდეს. პირველ რიგში, დავაკმაყოფილებთ ადგილობრივი მოსახლეობის და   იმ ადამიანების მოთხოვნებს, რომლებიც საერთო საცხოვრებელში გაუსაძლის პირობებში ცხოვრობენ“, – აღნიშნა გაზეთ „ბოლნისთან“ მიცემულ ინტერვიუში მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოგი მეშველიანმა. (№1-20 იანვარი, 2015 გაზეთი „ბოლნისი”)

დაბა კაზრეთის სოციალურ საცხოვრისში ბენეფიციარები შესახლდებიან ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებლის ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის გამოცემის შემდეგ. სამუშაო ჯგუფის მიერ შედგენილი ოქმისა და მომზადებული დასკვნის საფუძველზე.


Share.

Leave A Reply