ბოლნისში 7 846 გაცემული ხვნის ბარათიდან 6 150 უკან დაბრუნდა

0

961751_937584086253317_1454347823_nბოლნისის მუნიციპალიტეტში ფერმერების იმ ნაწილმა, რომლებმაც მიწა შემოდგომით მოხნეს, ხვნის ბარათები უკან დააბრუნეს.

„მიწა ერთი ჰექტარი მაქვს, შემოდგომით  დავხანი. ხვნის ბარათი აღარ მჭირდებოდა და უკან დავაბრუნე“, _ამბობს შუქრი მაჭარაშვილი და ამატებს, რომ თანხით, რომელიც ბარათის უკან დაბრუნების შემდეგ დაერიცხება, აზოტს იყიდის _ „შევწამლავ კარტოფილს, სიმინდს და უკეთეს მოსავალს მოვიწევ“.

ბოლნისის მუნიციპალიტეტმა „მცირემიწიან ფერმერთა 2015 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის“ ფარგლებში 7 846 ხვნის ბარათი მიიღო, 4 მარტს კი იმ ადამიანებისთვის, ვინც ძირითად სიაში ვერ მოხვდა, დამატებით 101 ბარათი მოვიდა.

შეგახსენებთ, რომ პროექტის ფარგლებში მოსარგებლეები, ვისაც საკუთრებაში, სარგებლობაში ან ფაქტობრივ მფლობელობაში 0,25 ჰექტრამდე მიწის ნაკვეთი აქვს, მხოლოდ აგრო ბარათს მიიღებენ, ხოლო 0,25-დან 1,25 ჰექტრამდე მიწის ფართობზე  გადაეცემათ როგორც აგრო, ასევე ხვნის ბარათებიც.

ფერმერების იმ ნაწილმა ვისაც მოხნული ჰქონდა ნაკვეთი,  უკან დააბრუნა ბარათები.

„ვინაიდან მოსახლეობის უმეტესობას უკვე დახნული აქვს მიწის ნაკვეთი და ესაჭიროებათ სათესლე მასალა, სასუქი და მცენარეთა დაცვის საშუალებები, უკან  დააბრუნეს ხვნის ბარათები, მათ ნაცვლად კი მიიღებენ „აგრო ბარათებს“. უკან დაბრუნებული ბარათები უკვე გადაგზავნილია სოფლის მეურნეობის სამინისტროში, სადაც ხდება გაანგარიშება. 1 ჰექტარზე გათვლილია 140 ლარის შესაბამისი ქულები,  ვინც დააბრუნა, მიწის ფართობის შესაბამისად დაერიცხება ქულები „აგრო ბარათზე“, რისი საშუალებითაც შეეძლება კონკრეტულ მაღაზიაში მიიღოს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების საქონელი“, _აღნიშნა ბოლნისის მუნიციპალიტეტის ეკონომიკის განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის მთავარმა სპეციალისტმა ნიკა ავქოფაშვილმა.

„აგრო ბარათი“ არის საბანკო ბარათი, რომლის აღებაც პროექტის მოსარგებლეებს შეუძლიათ „ლიბერთი ბანკის“ ნებისმიერ ფილიალში. ბარათზე ირიცხება პროექტის ფარგლებში მოსარგებლისთვის განკუთვნილი სარგებლობის ღირებულების შესაბამისი ქულები (1 ქულა უდრის ერთ ლარს). „აგრო ბარათზე“ დარიცხული ქულების მეშვეობით მოსარგებლეს შეუძლია მხოლოდ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების საქონლის (სასუქი, სათესლე მასალა, სანერგე მასალა და მცენარეთა მოვლის საშუალებები) შეძენა მომწოდებლისგან. სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტომ „აგრო ბარათის“ მოსარგებლეთა სიები უკვე გადასცა „ლიბერთი ბანკს“.

ფერმერებს ქულები  2014 წელს დარიგებულ „აგრო ბარათებზე“ დაერიცხებათ.


Share.

Leave A Reply