ბოლნისის მუნიციპალიტეტი ევროკავშირის ინიციატივით დაწყებულ მერების შეთანხმებაში ერთვება

0

Picture-2781ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2015 წლის 16 მარტის მორიგ სხდომაზე ხმათა უმრავლესობით გადაწყვიტა, რომ ბოლნისის მუნიციპალიტეტი ჩაერთოს ევროკავშირის ინიციატივით დაწყებულ მერების შეთანხმებაში და განახორციელოს მასში მითითებული ყველა ვალდებულება.

„ეს პროექტი წარმოადგენს, მერების გაერთიანებაში გაწევრიანებას, რომელიც ევროკავშირის ინიციატივით შეიქმნა და ითვალისწინებს 2020 წლისთვის CO2  ემისიის შემცირებას მინიმუმ 20%-ით. ჩვენ ვერთვებით ამ პროცესში და ვხდებით მერების გაერთიანების დიდი ოჯახის წევრი და ვიღებთ იმ პასუხისმგებლობას, რომელიც ევროკავშირმა  დაგვისახა. ამ პირობიდან გამომდინარე ფასდება მუნიციპალიტეტის მუშაობა აღნიშნული პროექტის ფარგლებში, შესაძლებელია მივიღოთ გრანტები, მაგალითად ბაღების თანამედროვე გათბობის სისტემებზე გადასვლისთვის და ელექტრო ენერგიის ეკონომიურად ხარჯვისათვის“, _ აღნიშნა ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური განვითარების დაგეგმვისა და სტატისტიკის განყოფილების უფროსმა თორნიკე მიქელაძემ.

2008 წელს, ევროკავშირის კლიმატისა და ენერგო პაკეტის მიღების შემდეგ, ევროკომისიის ინიციატივით შეიქმნა მერების შეთანხმება, რათა წაეხალისებინა და დახმარება გაეწია ადგილობრივი ხელისუფლებისთვის ენერგეტიკის მდგრადი პოლიტიკის განხორციელებაში. ადგილობრივი მთავრობები მართლაც გადამწყვეტ როლს თამაშობენ კლიმატის ცვლილების შემცირებაში, რადგან ქალაქებზე ენერგიის მოხმარებისა და CO2-ის ემისიის 80% მოდის. მერების შეთანხმების მეშვეობით ევროკავშირის ინსტიტუტებმა უპრეცედენტო ნაბიჯი გადადგეს _ უშუალოდ ჩართეს ადგილობრივი და რეგიონული მთავრობები და ამით აღიარეს მათი მნიშვნელოვანი როლი ამბიციური, ენერგეტიკული და კლიმატური ამოცანების შესრულებაში.

დაკისრებული პოლიტიკური ვალდებულებების კონკრეტულ ღონისძიებებსა და პროექტებში გარდასახვისთვის შეთანხმების ხელმომწერნი იწყებენ ნახშირორჟანგის გაფრქვევის საბაზისო კადასტრის მომზადებას (რასაც წინ უსწრებს ადგილობრივი მდგრადი ენერგეტიკული პოლიტიკის ჩამოყალიბება და შესაბამისი ინსტიტუციონალურ/მმართველობითი უნარების შექმნა) და შეთანხმებაზე ხელმოწერიდან ერთი წლის განმავლობაში წარადგენენ მდგრადი ენერგეტიკის სამოქმედო გეგმას, რომელშიც ასახული იქნება მათ მიერ განსახორციელებელი ძირითადი ღონისძიებები. ენერგიის დაზოგვის გარდა, ხელმომწერები შემდეგი სახის შედეგებსაც აღწევენ: სუფთა და ფინანსურად ხელმისაწვდომი ენერგიით სარგებლობის საშუალება, კვალიფიციური და სტაბილური სამუშაო ადგილების შექმნა, ფინანსური და სოციალური სტაბილურობის ზრდა, ჯანსაღი გარემოსა და უკეთესი საცხოვრებელი პირობების ჩამოყალიბება, ბიზნესის განვითარებისა და ეკონომიკის კონკურენტუნარიანობის გაზრდა, გაუმჯობესებული კომუნალური მომსახურება და ინფრასტრუქტურა.

ეს ღონისძიებები სხვებისთვის სამაგალითოს წარმოადგენს და ე.წ. „წარმატებული გამოცდილების“ მონაცემთა ბაზაში არის თავმოყრილი.

შეთანხმებაზე ხელის მოწერის პოლიტიკურ ნებას სულ უფრო მეტი მუნიციპალიტეტი გამოთქვამს, ზოგ მათგანს ყოველთვის შეიძლება არ ჰქონდეს ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისათვის საჭირო პოლიტიკური, ადმინისტრაციული, ფინანსური და ტექნიკური რესურსები. ამიტომ შეთანხმების ფარგლებში საგანგებო სტატუსი მიენიჭა ისეთ სახელმწიფო ადმინისტრაციებსა და სამთავრობო ქსელებს, რომლებსაც შეუძლიათ ხელის მომწერი ქალაქების დახმარება მათი ამბიციური მიზნების მიღწევაში. ადგილობრივი მთავრობების ქსელები და ასოციაციები, რომლებიც ცნობილი არიან, როგორც შეთანხმების მხარდამჭერები, პასუხისმგებლობას იღებენ მაქსიმალურად შეუწყონ ხელი ინიციატივის განხორციელებას სტიმულირებით, თავიანთ წევრებთან დაკავშირებითა და გამოცდილების გაზიარებით.

პროექტში მონაწილეობის სრულ პროცესში ხელმომწერი მხარეები იღებენ ინსტრუქტაჟს მერების შეთანხმების ოფისებისა და გაერთიანებული კვლევითი ცენტრის მიერ შემუშავებული მრავალრიცხოვანი ინსტრუმენტებისა და მეთოდოლოგიების მეშვეობით.

დაახლოებით ერთი თვის წინ ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელი, გოგი მეშველიანი მერების შეთანხმების სამხრეთ კავკასიის ოფისის კოორდინატორს შეხვდა. გიორგი აბულაშვილმა გამგებელს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის კონცეფცია გააცნო და იმ სიკეთეებზე ესაუბრა, რასაც ბოლნისი მერების შეთანხმებაში გაწევრიანების შემდეგ მიიღებს.

ბოლნისი იქნება მეათე ქალაქი, რომელიც ევროკომისიის მიერ წამოწყებულ ინიციატივაში-მერების შეთანხმებაში გაწევრიანდება.


Share.

Leave A Reply