ბავშვთა და ახალგაზრდული საგუნდო კოლექტივების პირველ ეროვნულ კონკურსზე ბოლნისელებიც მიიღებენ მონაწილეობას

0

imagesსაგუნდო მუსიკის პირველი ეროვნული კონკურსი საქართველოში ორ ეტაპად ჩატარდება. პირველ შესარჩევ ტურს, ქვემო ქართლის მასშტაბით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის კულტურის სახლი 16 მარტს  უმასპინძლებს, რომელშიც ადგილობრივი  საგუნდო კოლექტივები მიიღებენ მონაწილეობას.

„მე ორი გუნდი გამყავს შესარჩევ კონკურსზე. ეს არის სამუსიკო სკოლის გოგონათა გუნდი და ბიჭუნათა ფოლკლორული ანსამბლი „ბოლნისი’’. კონკურსის ფორმატიდან გამომდინარე ორ-ორ ნომერს ვამზადებთ. ჟიურის წინაშე წარვსდგებით როგორც ფოლკლორული, ისე პროფესიული ნომრით. ასეთი დონის კონკურსი 20-25 წელია არ ჩატარებულა. დიდი შემართებით ვემზადებით და ვიმედოვნებთ, რომ გადავალთ ფინალურ ტურშიც. მინდა აღვნიშნო, რომ არა ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებლის თანადგომა,  ბიჭუნათა ანსამბლი  ვერ მიიღებდა მონაწილეობას კონკურსზე, რადგან ბატონი გოგის კეთილი ნებით და  კულტურის სამსახურის ხელმძღვანელობის თანადგომით, ანსამბლის ბიჭებისთვის იკერება ფორმები, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი ყველას“, _ განაცხადა ბოლნისის კულტურის სახლთან არსებულ ბიჭუნათა ფოლკლორულ ანსამბლ „ბოლნისის“ ხელმძღვანელმა ნინო დვალიშვილმა.

სამუსიკო სკოლისა და ბიჭუნათა ანსამბლ „ბოლნისის“ გარდა კონკურსისთვის აქტიურად ემზადებიან ბოლნისის საჯარო და კერძო სკოლებთან არსებული ფოლკლორული გუნდებიც.

კონკურსის შესარჩევ და ფინალურ ტურებში მონაწილე კონკურსანტებს სპეციალურად შერჩეული ჟიური შეაფასებს.  მეორე ტურში გადასული გუნდები მონაწილეობას გალა კონცერტში მიიღებენ, რომელიც თბილისის კონსერვატორიის მცირე დარბაზში გაიმართება.

ბავშვთა და ახალგაზრდული საგუნდო კოლექტივების პირველი ეროვნული კონკურსის მიზანია  მოახდინოს აკადემიური საგუნდო სიმღერის პოპულარიზაცია, ეროვნული სასიმღერო  ტრადიციების დაცვა, საშემსრულებლო დონის ამაღლება და არსებული  გუნდების მონიტორინგი.


Share.

Leave A Reply