აღდგება თუ არა სოფელ ზვარეთის სკოლის შენობა _ ადგილობრივების მოთხოვნა და განათლების სამინისტროს პასუხი

0

10966951_746001358847942_2093851914_nმხოლოდ ზარის ხმით თუ მიხვდებით, რომ სოფლის ბოლოში მდებარე ავარიული შენობა ზვარეთის საჯარო სკოლაა. ნაგებობა ყურადღებას გარეგნულად იპყრობს, მოშლილი კარ-ფანჯარა, ავარიული იატაკი, ფიცრული შენობა დანგრევის პირასაა. ამორტიზირებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში განათლების მისაღებად ყოველდღე 34  მოსწავლე დადის. მოსახლეობა სკოლაში ბავშვებს შიშით უშვებს.

1939 წელს სოფლის საბჭოსთვის აშენებული ეს ნაგებობა არასდროს შეკეთებულა. ავარიული შენობის კიბეებს, სადაც ყოველდღე მცირეწლოვანი ბავშვები მოძრაობენ, არც მოაჯირი აქვს. ელექტრო გაყვანილობა კი რამდენიმე თვის წინ მასწავლებლებმა საკუთარი სახსრებით გააკეთეს, რომელსაც მხოლოდ ზარის დასარეკად იყენებენ. წლებია პედაგოგები  დახმარებას  ითხოვენ.

„ბავშვებს ძალიან ცუდ პირობებში უწევთ სწავლა, არანაირი რესურსი არ გვაქვს, შენობა იმდენად ავარიულია, ძნელდება სასწავლო პროცესის წარმართვა, იატაკი დაზიანებულია, იმხელა ორმოებია, ბავშვებს არაერთხელ ჩავარდნიათ ფეხი. კედლები დაბზარულია და სიცივე შემოდის, მოაჯირი მონგრეულია, გვეშინია ბავშვები  არ გადმოცვივდნენ, კლასებში საშინლად ბნელა, შუქი რამდენიმე თვის წინ საკუთარი ძალებით გავიყვანეთ, მაგრამ მხოლოდ ზარის დასარეკად ვიყენებთ,  ნელ-ნელა მცირდება ბავშვთა კონტინგენტი“, _აღნიშნა სკოლის პედაგოგმა ნათია წიწკოლაურმა.

უამინდობის დროს სკოლის შენობაში ისე წვიმს, როგორც გარეთ. მძიმე პირობების გამო ბავშვების რაოდენობა ყოველწლიურად მცირდება. პედაგოგების განმარტებით მშობლები ცდილობენ შვილები სრულფასოვანი განათლების მისაღებად მეზობელ სოფლებში ატარონ. სკოლაში მოსწავლეები ახალი ეროვნული სასწავლო გეგმით სწავლობენ, თუმცა სხვა არანაირი სიახლე და პროექტი არ ხორციელდება.  მოსწავლეებს ფიზკულტურის გაკვეთილი სპორტული ინვენტარის გარეშე ეზოში უტარდებათ.

„სოფელში ერთადერთი საგანმანათლებლო დაწესებულება ეს სკოლაა. ავარიულ შენობას რემონტი არასდროს ჩატარებია, თუ რამეს ვაკეთებთ, ჩვენი სახსრებით. ბავშვების რაოდენობა ნელ-ნელა იკლებს, რამდენიმე წელია ვითხოვთ დახმარებას, მოგვაქციეთ ყურადღება“, _აცხადებენ სკოლის პედაგოგები.

ზვარეთის სკოლაში თითქოს დრო გაჩერდა, კედლებზე სსრკ-ს დროინდელი რუკები და ძველი წარწერებია განთავსებული, მოძველებულია ინვენტარიც. სკოლაში არსებულ პირობებს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში კარგად იცნობენ. შენობა იმ გეგმის ფარგლებში შეკეთდება, რომელიც მომდევნო 5 წლის განმავლობაში ყველა სასწავლო დაწესებულების რეაბილიტაციას ითვალისწინებს.

„ბოლნისის მუნიციპალიტეტის ზვარეთის სკოლა შედგება ერთ ეზოში მდებარე სამი დამოუკიდებელი შენობისაგან, რომლებიც ამორტიზირებული და ავარიულია. სააგენტოს სპეციალისტებმა დაათვალიერეს შენობები და იგეგმება მათი დეტალური შესწავლა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს 2015 წლის სარემონტო-სარეაბილიტაციო სამოქმედო გეგმის შემუშავება და დაახლოებით 2-3 კვირაში გვეცოდინება საბოლოო სია იმ სკოლების, რომლებსაც წელს ჩაუტარდებათ რეაბილიტაცია“, _აღნიშნა bolnisi.ge-თან განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის სამსახურის უფროსმა ნატა ასათიანმა.

სოფელი ახალგაზრდებისგან იცლება. როგორც პედაგოგები აღნიშნავენ, წლების წინ ამ სკოლაში 200 ბავშვი იღებდა განათლებას, სწავლა ორ ცვლაში მიმდინარეობდა, რაოდენობამ ნელ-ნელა იკლო. იმისთვის, რომ სრულფასოვანი განათლება მიიღონ, მოსწავლეების ნაწილი ბაქოში წავიდა, ნაწილი კი მეზობელ სოფლებში გადავიდა. გასულ წელთან შედარებით კონტინგენტი 20 ბავშვით შემცირდა, დღეს ზვარეთის სკოლაში 34 ბავშვს უწევს არასრულფასოვან გარემოში სწავლა.

11015188_746001445514600_1954720485_n 11008906_746001395514605_1854744604_n 11005571_746001285514616_1743901441_n


Share.

Leave A Reply