ძალაუფლების შესახებ

0

11026532_757164267724175_1177267918_nის, რომ საზოგადოებაში ზოგიერთ ადამიანს აქვს მეტი ძალაუფლება, ვიდრე სხვებს ადამიანთა არსებობის დამახასიათებელი ერთ-ერთი ყველაზე აშკარა ფაქტია. სწორედ ამის გამო, ძალაუფლების კონცეფცია არის ისეთივე ძველი და საყოველთაოდ გავრცელებული, როგორიც თვითონ სოციალური თეორია. ამ ყველაფრის დასამტკიცებლად, საკმარისია გადავხედოთ პლატონისა და არისტოტელეს, შემდეგ მაკიაველისა და ჰობსის ნაშრომებს და ბოლოს პარეტოსა და ვებერის ნააზრევს და დავინახავთ, რომ ძალაუფლებას არათუ არ დაუკარგავს აქტუალურობა, ეს სიტყვა თითოეულ საზოგადოებაში და სხვადასხვა ხალხების ენაში არის შესისხლხორცებული.

სოციალური მეცნიერებების მიხედვით, ძალუფლება სასურველი შედეგის მიღწევის უნარია და ხშირად უკავშირდება ცნებას ძალაუფლება რაღაცისთვის (პოწერ ტო). ამ შემთხვევაში, შესაძლოა, ძალაუფლება გავიგოთ მიღწეული მოქმედებების ერთობლიობად. უმთავრეს შემთხვევებში, ძალაუფლება შეგვიძლია აღვიქვად იმგვარ მოქმედებად, როდესაც ერთ პიროვნებას მეორის გაკონტროლება ხელეწიფება, ანუ ესაა ძალაუფლება რაღაცაზე (პოწერ ოვერ). ხშირად, მეცნიერები ცდილობენ ერთმანეთისგან განასხვავონ ისეთი კონტროლის ფორმები, როგორებიცაა “ძალაუფლება” და “გავლენა” (ინფლუენცე). ამ შემთხვევაში, ძალაუფლება გვესმის, როგორც ფორმალური გადაწყვეტილებების მიღების უნარი, რომელიც სხვადასხვა სუბიექტების ერთმანეთთან დაკავშირების საფუძველზე მიიღება. ამისგან განსხვავებით, გავლენა გადაწყვეტილებების შინაარსზე ეფექტის მოხდენის უნარია სხვადასხვა გარე ძალების ზემოქმედების შედეგად, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ ფორმალური და ურთიერთშემაკავშირებელი ხასიათის გადაწყვეტილებები ცარიელ ვაკუუმში არ მიიღება.

ძალაუფლები ცნების უკეთ გასაანალიზებლად, საინტერესოა ორი თანამედროვე მოაზროვნის სტივენ ლიუკსისა და რობერტ დალის ნაშრომების განხილვა და მათი შედარება.

სტივენ ლიუკსმა ნაშრომში, “ძალაუფლება: რადიკალური თვალსაზრისი” განავითარა შეხედულება, რომ ძალაუფლების ცნების კომპლექსური ბუნებიდან გამომდინარე, მისი დაყვანა რაიმე ერთ თეორიაზე არ იქნებოდა სწორი.. ლიუკსმა ძალაუფლების 3 სახე/განზომილება გამოყო. ავტორის მიხედვით, თუ გვსურს, რომ ძალაუფლება რეალობაში დავინახოთ, იგი რამდენიმე გამოვლინების ერთობლიობად უნდა წარმოვსახოთ, ანუ ძალაუფლება ესაა უნარი მეორე მხარეს იძულებით რაიმე გაკეთებინო, რასაც იგი სხვა შემთხვევაში არ გააკეთებდა. ამ თვალსაზრისით, შეგვიაძლია ვთქვათ, რომ ძალაუფლებას სამი სახე გააჩნია. პირველი, ესაა გადაყვეტილების მიღებაზე გავლენის მოხდენის უნარი, მეორე – ჩამოაყალიბო პოლიტიკური დღის წესრიგი და თავიდან აიცილო მიღებული გადაწყვეტილებები და მესამე – აღქმის და პრიორიტეტების მანიპულაციების საშუალებით გააკონტროლო ადამიანების შეხედულებები.

ძალაუფლების პირველი “სახე” რობერტ დალმა დაამუშავა ნაშრომში, “მმართველი ელიტის მოდელის კრიტიკა”. დალი ძალზე კრიტიკულად უდგებოდა გავრცელებულ შეხედულებას, რომ აშშ-ში ძალაუფლება მმართველი ელიტის ხელში იყო კონცენტრირებული.

მეცნიერის მიხედვით,  მსგავსი თეორიები ყალიბდებოდა ადამიანის/ჯგუფის გარკვეული რეპუტაციის საკითხების მიხედვით, რომელიც ხაზს უსვამდა საკითხს, თუ რის გვჯერა, როდესაც ძალაუფლების ადგილსამყოფელზე ვიწყებთ მსჯელობას. ამის საპირისპიროდ, დალმა შემოგვთავაზა იდეა, რომლის მიხედვითაც უმჯობესი იქნებოდა ძალაუფლება უფრო სისტემური და შემოწმებადი ჰიპოთეზების საშუალებით გაგვეგო. მან სამი კრიტერიუმი ჩამოაყალიბა, რომელიც, მანამ უნდა გავითვალისწინოთ, სანამ “მმართველი ელიტის” თეზისს მივანიჭებდეთ ვალიდურობას. პირველი, მკაფიოდ უნდა განვსაზღვროთ თუ ვინაა მმართველი ელიტა (თუ კი იგი არსებობს); მეორე: უნდა განვსაზღვროთ მმართველ ელიტასთან დაკავშირებული “საკვანძო პოლიტიკური გადაწყვეტილებები”, რომლითაც მოცემული ელიტა სხვა ჯგუფებებისგან გამოირჩევა; მესამე – უნდა მოვიპოვოთ იმის მტკიცებულებები, რომელიც დაგვიდასტურებდა, რომ მმართველი ელიტის პრიორიტეტები მუდმივად უპირატეს მდგომარეობაში იმყოფება სხვა დაჯგუფებების პრიორიტეტებთან შედარებით. დალს მიაჩნდა, რომ ძალაუფლება გადაწყვეტილების მიღების პროცესზე ზეგავლენის მოხდენის უნარია. მისი აზრით, ეს იყო მიდგომა, რომლის საშუალებითაც ძალაუფლების გაგება უფრო ობიექტური და დათვლადი იქნებოდა.

დალის მტკიცებულებით, მოცემული მიდგომის დადებითი მხარე იმაშია, რომ მისი საშუალებით შეგვიძლია ნებისმიერ დაჯგუფებაში, მცირე თემსა, თუ საზოგადოებაში ძალაუფლების განაწილების ემპირიული და მეცნიერული შესწავლა. კვლევის მეთოდი შემდეგში მდგომარეობს: შევარჩიოთ რამდენიმე “საკვანძო” გადაწყვეტილებების მიღების სფერო, გამოვავლინოთ მისი მოქმედი პირები და მოქმედი პირების პრიორიტეტები, და ბოლოს უკვე მოვახდინოთ გადაწყვეტილების ანალიზი და შევადაროთ იგი მოქმედი პირების თავდაპირველ პრიორიტეტებს.

გამოირჩევა რობერტ დალის ნაშრომი, “ვინ მართავს”, რომელიც ნიუ ჰევენში ძალაუფლების განაწილების საკითხებს ეძღვნება. ნიუ ჰევენის კვლევისას, დალმა სამი საკვანძო პოლიტიკური პროცესის სფერო შეარჩია: ურბანული განვითარების, სახელმწიფო განათლების და პოლიტიკურ კანდიდატთა წარდგენის საკითხები. თითოეულ სფეროში, დალმა დაადასტურა დიდი უთანასწორობის არსებობა პოლიტიკურად პრივილიგირებულ და ეკონომიკურად ძალმოსილ ჯგუფებსა და უბრალო მოქალაქეებს შორის. იმის მიუხედავად, რომ პრაქტიკული პოლიტიკის სფეროში ელიტური დაჯგუფებები განსაზღვრავენ კონკრეტული პოლიტიკის საკითხებს, დალი აღნიშნავდა, რომ ეს მაინც არ მიანიშნებდა მდგრადი მმართველი ელიტის არსებობაზე. მოცემული კვლევების თანახმად, ძალაუფლების სახე (გადაწყვეტილებებზე მოხდენის უნარი) ძალაუფლების “პლურალისტულ” გაგებასთან ასოცირდება, რომლის მიხედვითაც საზოგადოებაში ძალაუფლების რამდენიმე ცენტრის არსებობა უნდა დავუშვათ.

ყოველივე ზემოთთქმულიდან, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ რობერტ დალის მოსაზრებები, სტივენ ლიუკსის ძალაუფლების პირველ განზომილებას თანხვდება. ორივე ავტორი ყურადღებას ამახვილებს და დიდ მნიშვნელობას ანიჭებს იმას, თუ როგორ ხორციელდება ძალაუფლება რეალურ ცხოვრებაში; რეალურად ვინ იღებს გადაწყვეტილებებს და ადგენს სამოქმედო კურსს. მოაზროვნეები თანხმდებიან იმაზე, რომ ძალაუფლება გაგებული უნდა იყოს, როგორც გადაწყვეტილების პროცესზე ზეგავლენის მოხდენის უნარი.

რაც შეეხება განსხვავებებს, პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ ლიუკსი ძალაუფლების ინტერნაციონალისტური და სტრუქტურალისტური გაგებების ერთგვარ გაერთიანებას და მათ შორის წინააღმდეგობის დაძლევაზეა ორიენტირებული, რასაც ვერ ვხვდებით რობერტ დალთან. დალი უფრო მეტ აქცენტს აკეთებს იმაზე, რომ არ შეიძლება საყოველთაო ჭეშმარიტებად მივიჩნიიოთ ის, რომ თითქოს ძალაუფლება მხოლოდ მმართველი ელიტის ხელშია კონცენტრირებული. იგი გვთავაზობს კვლევის ძალიან კონკრეტულ მეთოდს, რომელიც შესაძლებელს ხდის გავიგოთ თუ რეალურად ვინ მართავს ხალხს  და იღებს გადაწყვეტილებებს. დალს მიაჩნია, რომ საზოგადოებაში არსებობს ძალაუფლების რამდენიმე ცენტრი, რომელთა არსებობის შემოწმება გარკვეული კრიტერიუმების მიხედვით შეიძლება.

ჩემი აზრით, დალისა და ლიუკსის თეორიებს შორის მსგავსება შეიძლება აღვიქვათ იმის შედეგად, რომ ეს ორი მოაზროვნე თანამედროვეობის წარმომადგენლები არიან – იმ ეპოქისა, სადაც მთავარი კონკრეტული ფაქტები და არგუმენტებია. თუკი ადრინდელ თეორიებს უფრო ჰიპოთეტური ხასიათი ჰქონდათ და ხასიათდებოდნენ იმაზე მსჯელობით, თუ როგორი უნდა იყოს ესა თუ ის პროცესი ან მოვლენა, დღესდღეობით მეტი ყურადღება არსებული სიტუაციის ანალიზს ეთმობა. თანამედროვეობა, ვფიქრობ, ორიენტირებულია იმაზე, რომ შეისწავლოს მიმდინარე პროცესები და მათი განხილვის საფუძველზე იზრუნოს გარკვეული ელემენტებისა თუ ასპექტების გაუმჯობესებაზე. რობერტ დალის მიერ შემოთავაზებული სამი კრიტერიუმი, რომლის წყალობით ნებისმიერ ჯგუფსა თუ საზოგადოებაში შეიძლება დავადგინოთ ვის ხელშია ძალაუფლება კონცენტრირებული, ჩემი აზრით, სრულიად გენიალური მიგნებაა და ძალიან ამარტივებს საზოგადოებაში ძალაუფლების გადანაწილების კვლევას.

საბოლოო ჯამში, კიდევ ერთხელაა საჭირო ხაზი გავუსვათ იმ ფაქტს, თუ რაოდენ მნიშვნელოვანი და აქტუალურია ძალაუფლების ცნება ნებისმიერი ეპოქისთვის და რომ მისი შესწავლით შეგვიძლია ბევრი რამ დავადგინოთ თვითონ საზოგადოების და იმ პროცესების შესახებ, რაც მასში მიმდინარეობს.

 

გვანცა იჩქითი

სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი

პოლიტიკის მეცნიერების მიმართულება

IV კურსი


Share.

Leave A Reply