„ყოჩებმა” უპირატესობით ვერ ისარგებლეს

0
ccccc_1სპორტში ასეა – ერთი გუნდი სულ გამარჯვებული ვერ იქნება და ადრე თუ გვიან დგება დრო, როდესაც ნებისმიერი წყდება. ასე მოხდა ამ შემთხვევაშიც და მიუხედავად იმისა, რომ ქუთაისიდან “ყოჩებს” 4 ქულის წამოღება შეეძლო, საბოლოო შედეგის თანახმად უქულოდ დარჩა.
ერთის მხრივ, კარგია, რომ სერიის შეწყვეტა, რაც გარდაუვალი იყო, ამ პერიოდს დაემთხვა. ბოლნისის “ყოჩები” რჩება რეგულარული გათამაშების ერთპიროვნულ ლიდერად, მდევრებთან ჯერაც სოლიდური უპირატესობა აქვს და პლეი ოფში პირველი ადგილით გასვლის საკითხიც მის ხელთაა. თანაც კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ დაუმარცხებელი არავინაა, კონცენტრაციის დაკარგვა არცერთ სიტუაციაში არ ვარგა და ეს გუნდს რეგულარული პირველობის დარჩენილ შეხვედრებში და რაც მთავარია, მომავალ პლეი ოფებში გამოადგება.
არადა, ქუთაისის თამაში მოსაგებთა კატეგორიას განეკუთვნებოდა. “ყოჩები” “აიაზე” უკეთ თამაშობდა და პირველ ტაიმში ამით კარგადაც ისარგებლა, მერე კი, ბოლნისელთა მოდუნებას გულშემატკივრების მხარდაჭერით ფრთაშესხმული ქუთაისელების მონდომება დაემატა და საბოლოოდ ტაბლოზე 11:21 დაფიქსირდა.
შეხვედრა “ყოჩების” უპირატესობით დაიწყო და დებიუტშივე გუნდის კაპიტანმა თემო სოხაძემ ხელსაყრელი პოზიციიდან ანგარიში ჯარიმით გახსნა. მალე მანვე თითქმის ანალოგიური მდგომარეობიდან თანაგუნდელებს ნდობა კიდევ ერთხელ გაამართლა – 6:0. ტაიმის შუაში ჯარიმა მასპინძლებს გაუცუდდათ, მერე ქვემოქართლელებმა გაილაღეს და მრავალფაზიანი სანიმუშო შეტევის შემდეგ, შავლეგ მახარაშვილმა ბურთი ქუთათურთა ჩათვლის მოედანში დაამიწა. აქამდე უშეცდომო სოხაძეს გარდასახვა გაუცუდდა. ბურთი კარის ძელმა აისხლიტა – 11:0 მშვენიერი დასაწყისი იყო და სრულად ასახავდა მოედანზე განვითარებულ მოვლენებს.
სამწუხაროდ, დარჩენილ 50 წუთში ჩვენმა გუნდმა ქულის აღება ვეღარ მოახერხა. შესვენებამდე “აიამ” სხვაობა ჯერ ჯარიმით შეამცირა, მერე ლელო გაიტანა და ზუსტი გარდასახვით ბოლნისელთა უპირატესობა მინიმუმამდე დაიყვანა. მეორე ტაიმის დასაწყისი კვლავ “ყოჩების” იყო, მაგრამ სოხაძეს არეკნი გაუცუდდა. ამან მასპინძლები გაათამამა, მათი შეტევის შეჩერება ჯარიმის ხარჯზე მოხერხდა, ირლანდიელმა რეფერიმ ბექა გუგეშაშვილი გაასინბინა და “აიაც” 13:11 დაწინაურდა. ამას კიდევ ერთი ზუსტი ჯარიმა მოყვა და რადგან ჩამორჩენა 5 ქულამდე გაიზარდა, ბოლნისელმა მორაგბეებმაც შეტევაში მეტად მოინდომეს.
მაგრამ ამ მონდომებას დაცვაში შეცდომები მოყვა, რითაც მეტოქემ ისარგებლა და ლელო გაიტანა. რადგან გარდასახვა არაზუსტი იყო, ბოლო წუთებზე სოხაძემ ჯარიმა კარში იმ იმედად დაარტყა, რომ ჩამორჩენას 7 ქულამდე დაიყვანა და “ყოჩები” შინ 1 ქულით მაინც დაბრუნდება, მაგრამ დარტყმა არაზუსტი იყო და “აიამ” 21:11 იმარჯვა.
კიდევ ერთხელ უნდა ვთქვათ – გამარჯვებების სერია შეწყდა, ამით მდევრებმაც ისარგებლეს და სატურნირო ცხრილში ჩამორჩენა შეამცირეს, მაგრამ “ყოჩები” კვლავაც რჩება ჩემპიონობის მთავარ ფავორიტად. თებერვლის პირველი კვირის უქმეებზე, “ყოჩებს” თბილისში უწევს თამაში აუტსაიდერ “თიბიეს უნივერსიტეტთან” და აქ პრემიალური გამარჯვებით გუნდი კიდევ ერთ მძლავრ ნაბიჯს გადადგამს რეგულარული პირველობის და შემდეგ უკვე ჩემპიონატის მოსაგებად.
საქართველოს მორაგბეთა XXV ეროვნული ჩემპიონატი. XII ტური.
31 იანვარი. შაბათი. ქუთაისი. აია. 800 მაყურებელი.
აია (ქუთაისი) – ყოჩები (ბოლნისი) 21:11 (10:11)
აია: 15. მოდებაძე (ბექა ტორაძე 63), 14. გ. აფციაური, 13. გ. ფრუიძე, 12. ირემაძე (ჯინჭველაშვილი 50), 11. კიკვაძე, 10. სინაურიძე, 9. თ. თუთბერიძე (გ. ლოსაბერიძე 79), 1. რატიაშვილი, 2. მატკავა (გიორგი ტორაძე უმცროსი 75), 3. გიორგი ტორაძე (უშხვანი 63), 4. გიორგაძე, 5. ჩიტეიშვილი (სალდაძე 79), 6. შალამბერიძე, 7. დ. ლოსაბერიძე (არეშიძე 70), 8. ყურაშვილი.
2 ლელო: რატიაშვილი, გიორგი ტორაძე (უმცროსი)
გარდასახვა: სინაურიძე
3 ჯარიმა: სინაურიძე
ყოჩები: 15. მახარაშვილი (გაბუნია 63), 14. გეგენავა, 13. ხარშილაძე (ხუციშვილი 50), 12. გარუჩავა, 11. გოგოლაშვილი, 10. სოხაძე (კ), 9. ბეგაძე, 1. გოგიშვილი (ჯინჭარაძე 55), 2. ხიდეშელი, 3. ხოსიტაშვილი (ცუცქირიძე 70), 4. არჩუაშვილი, 5. ურუშაძე (გრძელიშვილი 50), 6. გუგეშაშვილი (ტყეშელიაძე 55), 7. კიკვიძე (ნ. აფციაური 50), 8. ნ. ჩხიკვაძე.
ლელო: მახარაშვილი
2 ჯარიმა: სოხაძე
სინბინი: გუგეშაშვილი (45)
მთავარი მსაჯი: კიერან ბარი (ირლანდია)
მსაჯები: ლუკა ქავთარაძე, ლაშა ლაშხია
1. ყოჩები 12 10 1 1 270-157 44
2. ბათუმი 12 7 1 4 248-178 35
3. ლელო სარ. 12 7 2 3 236-164 34
4. ხარები 12 6 2 4 217-183 30
5. ლოკომოტივი 12 5 1 6 187-171 28
6. აია 12 6 0 6 193-186 28
7. არმაზი 12 5 1 6 202-230 24
8. არმია 12 4 1 7 169-235 21
9. ჯიქები 12 4 1 7 158-188 20
10. თიბიეს უნივ. 12 1 0 11 153-34 17
მომდევნო ტური. 7-8 თებერვალი
ლელო-სარასენსი – არმაზი; ბათუმი – ხარები; თიბიეს უნივერსიტეტი – ყოჩები; არმია – ჯიქები; ლოკომოტივი – აია
ავტორი: ზურაბ ქსოვრელი
Share.

Comments are closed.