„ყოჩების” პრემიალური მოგება

0
10916385_337984856403600_3798242662724997380_oბოლნისის „ყოჩებმა” საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ჩემპიონატის მე-13 ტურში აუტსაიდერი “თიბიეს უნივერსიტეტი” პრემიალური ქულით დაამარცხა და უახლოეს მდევართან უპირატესობა 10 ქულამდე გაზარდა.
მეტოქე პირველ ტაიმში გაგვიძალიანდა. იმის გამო, რომ 9 ნომერი გიორგი ბეგაძე და გარემარბი ალექსი ხუციშვილი ნაკრებთან ერთად გერმანიაში იყვნენ, მწვრთნელებს გარკვეუილი გადაადგილებების განხორციელება მოუწიათ. 9 ნომრად შავლეგ მახარაშვილი დადგა, ფულბეკის პოზიციაზე ლევან გოგოლაშვილმა ჩაიწია, ხოლო გარემარბად გიორგი მელაძე თამაშობდა.
შეხვედრა ბოლნისელებმა აქტიურად დაიწყეს და მეხუთე წუთზე ანგარიში გახსნეს. მარჯვენა ფლანგიდან იერიშში ირაკლი გეგენავა ჩაერთო და ლელო გაიტანა. თემურ სოხაძის გარდასახვა არაზუსტი იყო. “თიბიესმა” კარის წინიდან ჯარიმის შესრულების უფლება რომ მიიღო, ბურთი ძელებსშუა გააძვრინა. მერე “ყოჩები” შერკინებაში დაჯარიმდა და თბილისელები 6:5 დაწინაურდნენ, მაგრამ ამის შემდეგ ქულის აღება ვეღარ მოახერხეს.
გარკვეული პერიოდი “თიბიესი” შერკინებაში ძლიერად თამაშის შედეგად უპირატესობას ფლობდა და 25-ე წუთზე 45 მეტრიდან ჯარიმით კიდევ უფრო საწინაურების შანსი ჰქონდა, მაგრამ დამრტყმელს ძალა არ ეყო. ორიოდე წუთში რეფერიმ ბაჩანა გოგიშვილს ყვითელი ბარათი უჩვენა. მაგრამ დაცვა მაგრად დადგა, მერე ბოლნისელებმა შეტევისთვის მოიცალეს, სოხაძემ ხაზი გაჭრა და ლელოში ბურთი რატი გარუჩავას შეაყოლა. ამჯერად გარდასახვა ზუსტი იყო – 12:6. ტაიმის ბოლოს თბილისელებმა 58 მეტრიდან სცადს ჯარიმის გატანა, მაგრამ ბურთმა კარამდე არ მიაღწია, “ყოჩებმა” ხელდახელ შეუტია, მარცხენა ფლანგზე მელაძემ და ნიკო აფციაურმა კარგად იარეს, მერე იერიში მარჯვნივ გაიშალა და ლევან გოგოლაშვილმა ლელო გაიტანა, ხოლო სოხაძემ გარდასახვით ტაიმის ანგარიში დააფიქსირა – 19:6.
რადგან ლელოებით ანგარიში უკვე 3:0 იყო, მეორე ტაიმის დასაწყისში სოხაძემ კარის წუნ 40 მეტრიდან ჯარიმით მონაგარს 3 ქულა შემატა. შემდეგი დარტყმა არაზუსტი იყო და ამის შემდეგ ბოლნისელები კვლავ ლელოებზე ათამაშდნენ. 5-მეტრა დერეფანს მოლი მოყვა, მისი შეჩერება მცველებმა მოახერხეს და თამაში რომ გაიშალა პირველი მიძალებასაც კარგად დახვდნენ, მაგრამ აფციაური ვეღარ შეაკავეს და მეოთხე ლელო გავიდა. სოხაძემ გარდასახვით გუნდს კიდევ 2 ქულა შესძინა.
65-ე წუთზე დერეფანს კარგი კომბინაცია მოყვა, გარუჩავამ ხაზი გაჭრა და დუბლი შეასრულა. მატჩის მიწურულს დერეფნის მოგების შემდეგ ლელო ნიკოლოზ ჩხიკვაძემ გაიტანა, სოხაძემ ორივე გარდასახვა გამოიყენა და “ყოჩებმა” 43:6 იმარჯვა. ახლა ჩემპიონატში ორკვირიანი შესვენებაა და ბოლნისელები მომდევნო მატჩს 21, ან 22 თებერვალს თბილისის “ლოკომოტივის” წინააღმდეგ გამართავენ.
საქართველოს მორაგბეთა XXV ეროვნული ჩემპიონატი 
XIII ტური 
6 თებერვალი
ბათუმი. ანგისა
ბათუმი (ბათუმი) – ხარები (რუსთავი) 14:10
7 თებერვალი
თბილისი. “ავჭალა”. 800 მაყურებელი
ლოკომოტივი (თბილისი) – აია (ქუთაისი) 20:41
თბილისი. “შევარდენი”. 300 მაყურებელი
არმია (თბილისი) – ჯიქები (გორი) 0:20
8 თებერვალი
თბილისი. “ავჭალა”. 
თიბიეს უნივერსიტეტი (თბილისი) – ყოჩები (ბოლნისი) 6:43
თბილისი. “შევარდენი”. 
ლელო-სარასენსი (თბილისი) – არმაზი (თბილისი) 22:10
1. ყოჩები 13 11 1 1 313-163 49
2. ბათუმი 13 8 1 4 262-188 39
3. ლელო სარ. 13 8 2 3 258-174 38
4. აია 13 7 0 6 234-206 33
5. ხარები 13 6 2 5 227-197 31
6. ლოკომოტივი 13 5 1 7 207-212 28
7. არმაზი 13 5 1 7 212-252 24
8. ჯიქები 13 5 1 7 178-188 24
9. არმია 13 4 1 8 169-255 21
10. თიბიეს უნივ. 13 1 0 12 159-384 7
მომდევნო ტური. 21-22 თებერვალი
ხარები – თიბიესი; ყოჩები – ლოკომოტივი; აია – არმია; ჯიქები – ლელო; ბათუმი – არმაზი

Share.

Leave A Reply