დისველში რძის გადამამუშავებელი საწარმო აშენდება

0

cms-image-000020474ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „გევა“ რამდენიმე დღეში სოფელ დისველში რძის გადამამუშავებელი საწარმოს მშენებლობას დაიწყებს.

საწარმოს „ქალთა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი დისველი“ უხელმძღვანელებს, რომელშიც ხუთი ადგილობრივი ოჯახი გაერთიანდა.

საწარმოს მშენებლობა რძის ეროვნულ მწარმოებელთა ასოციაციის (რემა) და არასამთავრობო ორგანიზაცია CENN-ის მხარდაჭერით რეგიონების ეკონომიკური განვითარების პროგრამის ფარგლებში მოხდება.  არასამთავრობო ორგანიზაციები 200 000 დოლარის ინვესტიციას განახორციელებენ, რომლებმაც ტერიტორია კერძო მესაკუთრისგან შეიძინეს. დაახლოებით 125 კვ.მეტრზე აშენდება თანამედროვე ევროპული სტანდარტების შესაბამისი  რძის გადამამუშავებელი, ორსართულიანი საწარმო. კოოპერატივი წარმოებისთვის რძეს ადგილობრივებისაგან ჩაიბარებს, სარგებელს კი – სოფლის მაცხოვრებლები მიიღებენ, ასევე  სოფელში გაჩნდება სამუშაო ადგილები.

პროექტი სამწლიანია, მისი დასრულების შემდეგ კოოპერატივმა წარმოების გაგრძელება საკუთარი შემოსავლებით უნდა უზრუნველყოს.

„დისველის მოსახლეობა ძირითადად მესაქონლეობით ირჩენს თავს, ხალხი დაუსაქმებელია, ამიტომ ავირჩიეთ ეს სოფელი. ადგილობრივებისგან მოხდება რძის ჩაბარება და გაჩნდება სამუშაო ადგილებიც. საწარმო აღიჭურვება თანამედროვე ტექნოლოგიებით, სადაც დამზადდება სხვადასხვა პროდუქცია, ექნება საკუთარი ბრენდი, რომლითაც მოხდება მისი რეალიზაცია. ხრამის სუფთა პროდუქცია ყველის ფესტივალზე გვქონდა გატანილი და დიდი მოწონება დაიმსახურა. უკვე გავეცანით სხვა რეგიონში არსებულ რძის გადამამუშავებელი საწარმოების მუშაობას“. – აღნიშნა CENN-ის ქვემო ქართლის კოორდინატორმა გია დემურაშვილმა.

ახალი ტექნოლოგიების სწავლების მიზნით, საწარმოში ჩატარდება ტრენინგები და მოეწყობა კონფერენციები. პროექტი ტრანსსასაზღვროა და სომხეთსა და საქართვლოში ხორციელდება. შეიქმნება ფონდი, რომელიც კოოპერატივის წესდებით არის გათვალისწინებული და მოგების გარკვეული ნაწილი მოხმარდება სოფლის განვითარებას და პრობლემური საკითხების მოგვარებას.

რძის გადამამუშავებელი საწარმო იმ პროგრამის ნაწილია, რომელიც ეკომიგრანტების სოციალური და ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობას ითვალისწინებს.


Share.

Comments are closed.