სასკოლო ფოტოკონკურსი და ნიკო კეცხოველის სახელობის პრემია

0

2015-02-03_195623არასამთავრობო ორგანიზაცია CENN-მა, „ტყის მდგრადი მართვა საქართველოში“ პროექტის ფარგლებში საბიუჯეტო ორგანიზაციებში შეშის მოხმარების შესამცირებლად ინიციატივა მოამზადა, რომლის მიზანია უწყებათაშორისი დიალოგის განვითარება და ფინანსური რესურსების მობილიზაციისთვის დასაბუთებული არგუმენტების შექმნა. პროექტმა უნდა უზრუნველყოს გაზიფიცირებულ დასახლებულ პუნქტებში არსებული საჯარო სკოლების აღჭურვა გათბობის ცენტრალური სისტემებით, რაც ხელს შეუწყობს ტყეების გაჩეხვის შემცირებას და სასწავლო პროცესის ხარისხის გაუმჯობესებას.

ამ ინიციატივის ფარგლებში, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთან ერთად, გამოცხადდა სასკოლო ფოტოკონკურსი სატყეო თემატიკაზე და დაწესდა ნიკო კეცხოველის სახელობის პრემია. საქართველოს შვიდი რეგიონის მასშტაბით საჯარო სკოლებში ტარდება საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრები, ასევე მომზადდა სპეციალური ინტერნეტ სივრცე სატყეო პორტალზე, სადაც აიტვირთება საკონკურსო ნამუშევრები, ფოტოების ატვირთვის ბოლო ვადა 10 თებერვლამდეა.

კონკურსის ფარგლებში დაგეგმილია ფოტოგამოფენები რეგიონულ და ეროვნულ დონეზე.

რეგიონული ფოტოგამოფენები 20 თებერვლიდან დაიწყება. აღნიშნულ ღონისძიებებზე გამოიფინება სასკოლო ტურში გამარჯვებულ მოსწავლეთა ნამუშევრები, რომელთა შორისაც გამოვლინდებიან რეგიონული ტურის გამარჯვებულები და  გადაეცემათ პრიზები.

რეგიონულ და ეროვნულ ტურზე გასულ ნამუშევრებს კი შეაფასებს სპეციალური ჟიური, რომელიც დაკომპლექტდება სხვადასხვა სახელმწიფო უწყების წარმომადგენლებისა და სპეციალისტებისაგან.

„მონაწილეებს სურვილისამებრ შეუძლიათ გადაიღონ ფოტო ტყის თემატიკასთან დაკავშირებით, რომელიც უნდა ატვირთონ ვებ გვერდზე forestry.org. კონკურსი  შედგება სამი – სასკოლო, რეგიონული და ეროვნული ტურისგან. საკონკურსო ნამუშევრებისგან საჯარო სკოლებში მოეწყობა ფოტო სტენდები და გამოვლინდება ორი გამარჯვებული, მათ შორის ერთი შეირჩევა „Like”-ბის რაოდენობის მიხედვით, მეორეს კი სკოლის ადმინისტრაცია გამოავლენს. სასკოლო ტურში გამარჯვებული მონაწილეები რეგიონულ ფოტოგამოფენაში ჩაერთვებიან, სადაც გამოვლინდება სამი გამარჯვებული, აქვე დასახელდება საუკეთესო სტენდის ავტორი მომზადებული პრეზენტაციის მიხედვით. დავაგზავნეთ ინფორმაციები და პროექტში აქტიურად ჩაერთვნენ მუნიციპალიტეტის სკოლები.“ –აღნიშნა CENN-ის ქვემო ქართლის კოორდინატორმა გია დემურაშვილმა.

21 მარტს  გაიმართება დასკვნითი მესამე ტური – ეროვნული ფოტოგამოფენა, სადაც გამოვლინდება სამი გამარჯვებული. ორ გამარჯვებულს დაასახელებს სპეციალური ჟიური, ხოლო ერთი შეირჩევა „Like“-ბის რაოდენობის მიხედვით, გამარჯვებულს გადაეცემა ნიკო კეცხოველის სახელობის I, II და III  ხარისხის პრემია. შეგახსენებთ, რომ ნიკო კეცხოველი იყო საქართველოში ბოტანიკური სკოლის დამაარსებელი, მრავალი ლიტერატურული ნარკვევის, ნოველის და მოთხრობის ავტორი.

საუკეთესო სტენდისთვის კი  საჯარო სკოლას გადაეცემა „მწვანე სკოლის“ დროშა და მიენიჭება „საზაფხულო სკოლების“ მუდმივი მონაწილის სტატუსი.

Share.

Comments are closed.