მშობელთა ჩართულობა სასკოლო ცხოვრებაში

0

mshobelta chartulobaმოსწავლეთა წარმატებისთვის მშობელთა ჩართულობას სასკოლო ცხოვრებაში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. კვლევების თანახმად, რაც უფრო მეტადაა ჩართული მშობელი შვილის სწავლებისა და განათლების მიღების პროცესში, მით მაღალია მოსწავლის მიღწევის დონე. იზრდება მოსწავლის მოტივაცია, ბავშვს მეტად უყალიბდება სკოლისადმი პოზიტიური დამოკიდებულება. იზრდება სწავლის ხარისხი, უმჯობესდება დისციპლინა, იზრდება სკოლისა და მასწავლებლის ავტორიტეტი. წარმატებული სასწავლო პროცესის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია ასევე მშობელსა და სკოლას შორის დამყარებული კეთილგანწყობა.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ამ მიმართულებით სხვადასხვა პროგრამის განხორციელებას იწყებს. პირველ რიგში, საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტის (GPriEd) ფარგლებში, მომზადდა მშობლებისათვის განკუთვნილი აქტივობებისა და სავარჯიშოების კრებული, რომელიც შეიცავს კითხვისა და მათემატიკის განმავითარებელ აქტივობებს და დაეხმარება მშობელს უფრო დაახლოვდეს ბავშვთან და ხელი შეუწყოსბავშვის უნარების განვითარებას. კრებული დღეს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ და საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტის ხელმძღვანელმა ნენსი პარკსიმ პირადად გადასცეს თბილისის 45-ე საჯარო სკოლის მოსწავლეთა მშობლებს.კრებული შეიქმნა დაწყებითი საფეხურის მშობლებისათვის და ითარგმნა ქართულ, აზერბაიჯანულ, სომხურ და რუსულ ენებზე. კრებული მოიცავს აქტივობების ბარათებს, თითოეულ საფეხურზე არის 20 –24 ბარათი. კრებული დაჯგუფებულია 2-2 კლასად (I-II, III-IV, V-VI კლასები). მაგალითად, 1 კლასის მოსწავლის მშობელს გადაეცემა I –II კლასის კრებული და ა.შ.

ამ ეტაპზე აქტივობების ბარათები დაურიგდა პროექტის 122 საპილოტე სკოლის დაწყებითი კლასების მოსწავლეთა მშობელს. მომავალში კი, ეს რესურსი ყველა მშობლისთვის გახდება ხელმისაწვდომი. კრებულის გადაცემამდე მშობლებს ჩაუტარდათ სემინარი მშობლის ჩართულობის მნიშვნელობის შესახებ.

კრებული მშობლებისათვის კითხვისა და მათემატიკის უნარების განმავითარებელ აქტივობებს შეიცავს. კრებულში მოცემული სახალისო დავალებები საშუალებას მისცემს მშობელს დაეხმაროს ბავშვს მეტყველების, კითხვისა და წერის, არითმეტიკული მოქმედებების შესრულებისა და მათემატიკური ამოცანების ამოხსნის უნარების

განვითარებაში.წარმოდგენილი აქტივობების უმრავლესობა მარტივი დავალების ინსტრუქციაა, დანარჩენს კი, ზოგადი რეკომენდაციის სახე აქვს. მათი შესრულების, შედეგად ბავშვს აუმაღლდება სწავლის მოტივაცია, რაც ნებისმიერ საგანში აკადემიური მიღწევის მნიშვნელოვანი საფუძველია.

აქტივობები დაეხმარება მშობელს უკეთ გააცნობიეროს შვილის კონკრეტული ინტერესები და პრობლემები. კრებულში მოცემული აქტივობები დაწყებითი კლასის მოსწავლეებისათვის არის განკუთვნილი. მათი გამოყენება შესაძლებელია სხვადასხვა გარემოში – ქუჩაში სეირნობისას, სამზარეულოში, მაღაზიაში, ტელევიზორის ცქერისა თუ თამაშის დროს. ყველა ბავშვს სწავლის ინდივიდუალური ტემპი აქვს. მშობლებს, რომლებსაც სურთ დამატებითი დახმარება გაუწიონ შვილებს და ხელი შეუწყონ უკეთესი შედეგების მიღწევაში, შეუძლიათ ისარგებლონ მრავალფეროვანი საოჯახო აქტივობებით.


Share.

Comments are closed.