მოქალაქის ჩამოყალიბება და სოციალიზაცია

0

m8ზოგადი განმარტების თანახმად, მოქალაქე ეს არის პირი,რომელიც მიეკუთვნება განსაზღვრულ სახელმწიფოს. გააჩნია უფლებები და აკისრია მოვალეობები.სხვადასხვა პოლიტიკურ სისტემაში მოქალაქეობის განსხვავებული დეფინიციაა მიღებული. ავტორიტარულ თუ ტოტალირტარულ სახელმწიფოებში მოქალაქეებად კლასიფიცირება მხოლოდ ამ სიტყვის ძალიან ვიწრო გაგებით შეიძლება. ლიბერტარიანელები კი ამტკიცენენ, რომ მოქალაქეობის არსი ინდივიდუალურ უფლებებსა და პირად თავისუფლებებშია.

სულ სხვა ცნებაა კარგი მოქალაქე, რომლის შესახებაც ჯერ კიდევ საუკუნეების წინ საუბრობდა არისტოტელე: „კარგ მოქალაქეს განსაზღვრავენ კანონები, რეჟიმი და წესები,მაგრამ კარგი პიროვნების ზნეობრივი სახე და უნივერსალური თვისებები მყარია და ნებისმიერი პოლიტიკური რეჟიმის მოთხოვნებზე მაღლა დგას. ასე, რომ კარგი მოქალაქის ცნება გულისხმობს საზოგადოებაში არსებული წესების, ნორმებისა და მოლოდინების თანახმად მოქცევას. თუმცა მისი კრიტერიუმები მკვეთრად განსხვავდება სხვადასხვა ერში თუ პოლიტიკურ სისტემაში. ტოტალიტარულ სახელმწიფოში იგი გამოიხატება განუსაზღვრელ ერთგულებასა და ფანატიზმში, რამაც შეიძლება აიძულოს ისინი მათთვის მორალურად მიუღებელი ბრძანებებიც კი შეასრულონ. დემოკრატიულ საზოგადოებებში კი კარგ მოქალაქედ ითვლება ის, ვინც სერიოზულად ეკიდება მოქალაქეობრივ ვალდებულებებს, იცავს კანონებს, იხდის გადასახადებს და რეგულარულად მონაწილეობს არჩევნებში. მოქალაქეობის დეფინიცია თავად კანონებშია მოცემული, რომელსაც კანონმდებლები წერენ. ამ უკანაკნელს კი ხალხი ირჩევს.

სოციალური გარემო, სადაც ვიბადებით და ვიზრდებით გავლენას ახდენს ჩვენს ქცევაზე. შესაძლოა ვინმემ იფიქროს, რომ ამის გამო დაშტამპულები ვართ საზოგადოების მიერ ჩვენთვის წინასწარმომზადებული ფორმებით. ასეთი შეხედულება მცდარია. ის ფაქტი, რომ დაბადებიდან ჩართულნი ვართ სხვებთან ურთიერთობაში, რა თქმა უნდა განაპირობებს ჩვენს პიროვნულობას, ღირებულებებს, რომლებსაც ვფლობთ და ქცევას, რომელსაც ვახორციელებთ. თუმცა, სოციალიზაციაც, ასევე, ჩვენი ინდივიდუალობის და თავისუფლების საწყისია. მისი მეშვეობით ხდება სოციალურ როლთა ინტერიორიზაცია-ათვისება. სოციალიზებული ადამიანი „ჯდება” თავის „გარემოში”. იგი იზიარებს თავისი სოციალური ჯგუფის შეხედულებებს, ფასეულობებს, ღირებულებებს და ურთიერთობას ამყარებს იმავე კულტურის სხვა წარმომადგენლებთან. სოციალიზაციის გზაზე თითოეული ჩვენგანი მოიპოვებს იდენტობას და დამოუკიდებელი აზროვნებისა და ქმედების უნარს, რაც ესოდენ მნიშვნელოვანია ადამიანის პიროვნული განვითარებისთვის.

ბევრი აღიარებს, რომ კარგ მოქალაქედ კი არ იბადებიან, არამედ ყალიბდებიან სხვადასხვა გავლენისა და ინსტიტუტების ურთიერთქმედების შედეგად. ესაა: ოჯახი, რელიგია, სკოლა, თანატოლები, კანონი, სოციალური კლასი, ინტერესთა ჯგუფები, პოლიტიკური პარტიები და მასმედია. ისინი უყალიბებენ ადამინს ვალდებულებისა და საკუთარი თავის რწმენის შეგრძნებას. ადამიანი იძულებული ხდება იფიქროს და იმოქმედოს საზოგადოებრივად მისაღები ფორმით. უშუალოდ პოლიტიკური სოციალიზაციის პროცესი კი იწყება ოჯახში, სადაც ადამიანი ყოველდღიური იღებს სასჯელს ან ჯილდოს, სწავლობს რა არის დაშვებული და რა არა. ერკვევა რა ვალდებულებები აქვს და ნელ-ნელა ხდება ოჯახის მოქალაქე. ამ გაგებით ოჯახი სახელმწიფოს შემცირებული ფორმაა, საზოგადოების უჯრედია და  უდიდეს გავლენას ახდნეს პიროვნული ღირებულებების ფორმირებაზე, რაც შემდგომში განაპირობებს ადამინის ქცევას საზოგადოებაში.

რაც შეეხება ჩვენს რეალობას, ისტორიული განვითარების მანძილზე ქართული ოჯახის ფუნქციები თითქმის უცვლელი რჩება, მიუხედავად იმისა, რომ იცვლება მისი დანიშნულება და მიზნები. რიგი პრობლემების მიუხედავად ოჯახი მაინც ინარჩუნებს იმ როლს, რომელიც მან დაკარგა ევროპაში. პოლიტიკური კანდიდატების უმრავლესობა წინასაარჩევნო კამპანიისას აპელირებას აკეთებს ოჯახზე.(საქართველოში ტრადიციული ოჯახის ინსტიტუტის შენარჩუნება. „ოჯახი და ინდივიდი,“ სადაც საუბარია ოჯახის ინსტიტუტის სტიმულირების  შესახებ და სხვა ). ეს, რა თქმა უნდა, შემთხვევითი არა არის და მას ძლიერი საფუძველი აქვს. გადამწყვეტ გავლენას ახდენს ოჯახის ემოციური დატვირთვაც.

არანაკლები მნიშვნელობა ენიჭება რელიგიას, სოციალიზაციის პროცესში. ისევე, როგორც რელიგიას შეუძია მოახდინოს გავლენა ჩამოყალიბების პროცესში მყოფი ახალგაზრდის პოლიტიკურ შეხედულებებზე, ასევე პოლიტიკას შეუძლია გადამწყვეტი როლი შეასრულოს ოჯახში რელიგიის როლის დამკვიდრებაში და განსაზღვროს ის ადგილი, რომელსაც იგი საბოლოოდ პოლიტიკურ წესრიგში დაიკავებს.ზოგჯერ რელიგია გარდამავალ პერიოდში მყოფ საზოგადოებას სტაბილურობას სძენს. მაგალითად, ინდუიზმი ინდოეთში. ხშირია შემთხვევაც, როდესაც რელიგია და პოლიტიკა ერთმანეთს უპირისპიდება. საილუსტრაციო მაგალითად შეიძლება მოვიყვანოთ ნაცისტური მთავრობა გერმანიაში, რომელიც ებრძოდა ლუტერანულ და კათოლიკურ რელიგიებს. საბჭოთა კავშირში იდევნებოდა მორწმუნეები და მართმადიდებლური ეკლესია მკაცრად კონტროლდებოდა. ამერიკის კონსტიტუცია კი კრძალავს ხელისუფლების მიერ რელიგიის პირდაპირ მხარდაჭერას და რწმენის თავისუფლად განხორციელებაში ხელის შეშლას. რიგ პოლიტიკურ განსხვავებეს ხშირად ხსნიან რელიგიით. (საკმარისია გავიხსენოთ ისლამური ფუნდამეტალიზმი) ხანდახან პოლიტიკური ლიდერები მიმართავენ რელიგიურ იდეებს, რათა გააერთიანონ და შთააგონონ მათ მომავლის ნათელი ხედვა. (მარტინ ლუთერ კინგის გამოსვლები) რელიგიისა და პოლიტიკის შერწყმის ბნელი მხარის თანამედროვე მაგალითი იყო ოსნაა ბინ ლადენისა და ალ-ქაიდას ტერორისტული ქსელი. ისინი შეეცადნენ მუსლიმთა გაერთიანებას ქრისტიანებისა და ებრაელების წინააღმდეგ. აღნიშნული მაგალითი კიდევ ერთხელ გვიჩვენებს, რომ რელიგია შეიძლება, როგორც კეთილშობილი, ასევე ბოროტი მიზნების სამსახურში აღმოჩნდეს.

ქართულ რეალობაში კი სახელმწიფომ და ეკლესიამ თავისი მრავალსაუკუნოვანი არსებობის მანძილზე უაღრესად რთული და ძნელი გზა განვლო. დიდი მსხვერპლი იქნა გაღებული იმისათვის, რომ სახელმწიფოს დამოუკიდებლობა, ეკლესიას კი, თავისი სიწმინდე შეენარჩუნებინა. სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის ურთიერთობის დილემა დღესაც მეტად აქტუალურია. განსაკუთრებული სიმწვავით დგას საკითხი სინდისის, აღმსარებლობისა და რწმენის თავისუფლების შესახებ. სხვადასხვა მიზეზების გამო საზოგადოების წინაშე ხშირად იჩენს თავს აღმსარებლობისა და მისი თავისუფლების საკითხი. და რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, თავისი არსით, იღებს პრობლემურ ხასიათს და სხვადასხვა წრეებში დავის საგნად იქცევა. ყურადსაღები უნდა იყოს ის პრობლემებიც რაც დღეს ამ კუთხით დგას. და მაინც, რა მოცულობით უნდა იყვნენ სახელმწიფო და რელიგია ერთმანეთისგან გამიჯნული? სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, რა როლს უნდაასრულებდეს რელიგია სახელმწიფოში და რამდენად უნდა იყოს მასზე დამოკიდებული ან საერთოდ, უნდა იყოს კი? ვფიქრობთ, ყველა ჯანსაღი მოსაზრება ერთ დასკვნამდე უნდა მივიდეს-სახელმწიფო და რელიგია ერთმანეთისგან უნდა იყოს გამიჯნული და სხვა საკითხია როგორ და რა მოცულობით. საზოგადოებამ მთელი ენერგიულობით უნდა დაძაბოს ყურადღება და გააცნობიეროს რელიგიის რეალური როლი ადამიანის სულიერი სრულყოფის საქმეში, არ დაამახინჯოს მისი ფუნქციები, არ მისცეს სხვებს საშუალება ეკლესიის ინსტიტუტი პირადი, პოლიტიკური თუ სხვა სახის მიზნებისთვის გამოიყენოს.

პოლიტიკური სოციალიზაციის კიდევ ერი საშუალებაა სკოლა, უმაღლესი განათლება და თანატოლებთან ურთიერთობა. საჯარო განათლება ცდილობს გავლენა მოახდინოს ახალგაზრდებზე მანამ, სანამ საბოლოოდ ჩამოუყალიბდებათ ზნეობრივი სახე. დროშები სკოლებში, ეროვნული გმირების სურათები, სამოქალაქო განათლების გაკვეთილები-სახელმწიფო სკოლას პოლიტიკური სოციალიზაციის საშუალებად იყენებს. განსხვავებული რეჟიმი განსხვავებულ ღირებულებებს ამკვიდრებს.ზოგან ხდება პატრიოტიზმის წახალისება და ამავე დროს ხელს უწყობენ კრიტიკული და  დამოუკიდებელი აზროვნები უნარსაც. ქართულ სკოლებში რიგი პრობლემებია ამ კუთხით, სასურველი იქნებოდა საგანმანათლებლო პროგრამებში სხავა საინტერესო საგნებთან ერთად მცირედი ყურადღება დათმობოდა სამოქალაქო განათლების საკითხებს. ასევე საჯარო ლექციებს პოლიტიკურ კულტურასა თუ სხვა საინტერესო საკითხებზე, რომელიც დაეხმარებათ მოსწავლეებს გაცნობიერდნენ იმ საკითხებში, რაც მათთვის ბუნდოვანია. ხაზგასასმელია რამდენიმე ფაქტორიც, კერძოდ მასწავლებლების დამოკიდებულება ამ თემებისადმი (მაგალითად დემოკრატიისადმი)რაც მეტია განათლების დონე, მით მეტია დაინტერესება ინფორმაციის მიღებისადმი. საბოლოო ჯამში კი განათლების მაღალი დონე  აყალიბებს შეგრძნებას, რომ ადამიანს შეუძლია გავლენა მოახდინოს ხელისუფლებაზე, სძენს საკუთარი შესაძლებლობების რწმენას.

რაც შეეხება თანატოლებს, რომელებსაც ხშირად მეგობრების ჯგუფს უწოდბენ, მნიშვნელოვანი გავლენის მოხდენა შეუძლია პოლიტიკურ ქმედებებსა და შეხედულებებზე. დღევანდელი მანიპულაციური თუ პროპაგანდისტული მეთოდების გამოყენებით პოლიტიკოსები გავლენას ახდენენ ამომჩევლებზე. მაგრამ ისინი ვერ ცვლიან იმ მოსაზრებებსა და შეხედულებებს, რომლებსაც ადამიანები აყალიბებენ ახლობელთა თუ ოჯახთა წრეებში. ფსიქოლოგიურად, თანატოლთა ჯგუფები ადასტურებენ მათი წევრების სურვილის განხორციელების აუცილებლობას, რაც გავლენას ახდენს შეხედულებებისა და რწმენის ჩამოყალიბებაზე.

პოლიტიკური სოციალიზაციაში ასევე მნიშვნელოვან როლს ასრულებს მასმედია. არადემოკრატიულ საზოგადოებებში იგი სახელმწიფოს  მიერ კონტროლდება. განვითარებულ ქვეყნებში კი სულ უფრო სწრაფად ვითარდება ელექტრონული მედია(აშშ). მასმედიის მზარდ როლს განაპირობებს ისიც, რომ დღესდღეობით სულ უფრო ნაკლები ადამიანი ეცნობა პრესას. ჩვენს რეალობას თუ შევეხებით დიდი წილი გაყიდული პრესისა მოდის გასართობ ჟუნნალებზე ე.წ „ყვითელ პრესაზე“, რომელიც ნაკლებად გვიბიძგებს თანაგააზრებისკენ. თუმცა კი გაზეთსაც ჰყავს მკითხველი, რაც საკმარისი არაა. ყოველივე ამას ემატება ის, რომ ცხოვრების ყველა ასპექტი გადატვირთულია და ადამიანებს არ აქვთ დრო გაეცნონ პრესას. ისინი უპირატესობას ანიჭებენ რამდენმე წამში მიღებულ ინფორმაციას. პრობლემაა ინფორმაციის მიწოდების ფორმა, რომელმაც შეიძლება მიგვიყვანოს დეზინფორმაციამდე. ტელევიზიის პერსონალიზაცია (ანუ აქცენტი პოლიტიკურ ლიდებებზე)და რიტუალიზაცია(გარეგნულ მხარეზე ყურადღების გამახვილება) იწვევს მნიშვნელოვანი ინფორმაციის უკანა პლანზე გადატანას, რაც აისახება მაყურებელის მიერ  სწორი ინფორმაციის აღქმის ხარისხში.

აღნიშნული პრობლემა მხოლოდ საქართველოსთვის არაა დამახასიათებელი, იგი ტიპიურია სხვა საზოგადოებისთვისაც. ჩვენს ქვეყანაში მასმედიამ რეალურ დამოუკიდებლობას ვერ მიაღწია. წლების განმავლობაში ვხედავთ პოზიციურ და ოპოზიციურ არხებს. შედეგად კი ობიექტური ინფორმაციის დეფიციტს ვიღებთ. მასმედია იქცა პოლიტიკური ბრძოლის ასპარეზად და არა ადამიანის ინეტრესებისა თუ ობიექტური ინფორმაციის გამოხატვის საშუალებად. მედია არ უნდა ასახავდეს ვიწროსოციალური ჯგუფისა თუ პოლიტიკოსების ინტერესებს. ამას ემატება ისიც, რომ ხშირად გაზეთი ან მედიის სხვა საშუალებები კომერციული კომპანიების საკუთრებაა, რაც ნიშნავს, რომ ისინი ეკონომიკურად კონტროლდებიან. ამ ფაქტორების გათვალისწინებით შეიძლება ითქვას, რომ გაცილებით უფრო ადვილია განსაზღვრო რა არ წარმოადგენს დამოუკიდებელ მასმედიას, ვიდრე ის, თუ რა არის დამოუკიდებელი პრესა.

საბოლოოდ, დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ  მოქალაქეობისა და პოლიტიკური სოციალიზაციის პროცესს სხვადასხვა საზოგადოება თუ ხელისუფლება განსხვავებულად უდგება, თუმცა სოციალიზაცია ყველასთვის ერთნაირი პროცესის სახეს იღებს-მასში მოქალაქეს უყალიბდება ღირებულებები, შეხედულებები, რწმენა და აზრები, რომელთა საშუალებით იგი კავშირს ამყარებს და მოქმედებს პოლიტიკურ სისტემაში. სხვა საკითხია როგორ იქცევა და რა ქმედებას ავლენს. განვითარების პროცესში, როგორც უკვე აღვნიშნე, განსაკუთრებული გავლენა აქვს ოჯახს, რელიგიას, საჯარო განათლებას, მასმედიას, კანონს, თანატოლებსა თუ ძირითად პოლიტიკურ ღირებულებებს. ჩვენი ქვეყნისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს პოლიტიკურ სოციალიზაციას; თუ ერი ვერ ახერხებს მოქალაქეთა დიდი ნაწილის სოციალიზაციას, მისი პოლიტიკური სტაბილურობა საფრთხის ქვეშ დგება.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები: სოფიკო აბაშიძე

მაია ბლიაძე

გამოყენებული ლიტერატურა:

 

1. თომას მაგშტადტი-“გავიგოთ პოლიტიკა”(2011)

2. ენდრიუ ჰეივუდი-”პოლიტიკა”(2007)

3. ენტონი გიდენსი-“სოციოლოგია”(2011)

4. ამირან ბერძენიშვილი-“პოლიტიკური სოციოლოგია”(2011)

5. ენდრიუ ჰეივუდი-“პოლიტიკური იდეოლოგიები”-შესავალი კურსი

 

 

 


Share.

Leave A Reply