მიქიაშვილი საყდრისის დაცვის კომიტეტის წევრებს “ნაციონალური მოძრაობის” თანამებრძოლებად მოიხსენიებს

0

nino_mikiashvili_16620საყდრისის გადარჩენის კომიტეტის წევრები ჟურნალისტ ნინო მიქიაშვილის განცხადებას პასუხობენ და აცხადებენ, რომ მათ აქცია “ნაციონალურ მოძრაობასთან” ერთად არ გაუმართავთ.

ნინო მიქიაშვილის განმარტებით, კომიტეტის წევრებმა ყოფილ სახელისუფლებო პარტიასთან ერთად საგარეო საქმეთა სამინისტროსთან აქცია გამართეს, რაც იმის დასტურია, რომ ისინი თანამებრძოლები არიან.

“ეს არის კონკრეტული ფაქტი. ჩემს თვალში ისინი “ნაციონალური მოძრაობის” თანამებრძოლები არიან. მე ასე აღვიქვი. აბა სხვა რა ქვია მაგას? “ნაციონალურ მოძრაობასთან” ერთად რომ დადგები და გამართავ აქციას საყდრისი იქნება ეს თუ სხვა თემა, ეს ნიშნავს რომ ხარ იმათი თანამებრძოლი. სხვა ძალიან ბევრი ფაქტი მაქვს, მაგრამ მაგათზე ლაპარაკის დრო არაა. ახლა ისეთი დროა, ყველა თავის თავს თვითონ ავლენს, მე ვიქნები თუ სხვა. თავისი ქცევით, ლაპარაკით, მოქმედებით”, – განუცხადა “პირWელს” მიქიაშვილმა. მისივე თქმით ყველას დაავიწყდა, რომ საყდრისს ერთ-ერთი მთავარი დამცავი მექანიზმი მიხეილ სააკაშვილმა გაუუქმა.

“2013 წლის 10 ივლისს საკაშვილმა არ მოაწერა ხელი არქეოლოგიური დაცვის ზონის გაუქმებას?! დღეს რა ნამუსით ლაპარაკობენ ეგენი საერთოდ საყდრისზე. ახლა გამოდის და ნიანგის ცრემლებს ღვრის ეგეც და მაგისი პარტიის წევრებიც”, – განაცხადა მიქიაშვილმა.

საყდრისის დაცვის კომიტეტის წევრი ირაკლი მამალაძე ჟურნალისტის საპასუხოდ აცხადებს, რომ ნინო მიქიაშვილი “ქართულ ოცნებასთანაა” შეკრული და შეუძლია საყდრისის გადასარჩენად მათ წარმომადგენლებთან ერთად იბრძოლოს. მამალაძე ასევე აღნიშნავს, რომ ჟურნალისტი 8 თვის მანძილზე საყდრისის გადასარჩენად იბრძოდა, თუმცა შემდეგ კარავი აიღო და მათ ამის თაობაზე არც კი შეატყობინა. მისივე თქმით, მიქიაშვილმა კომიტეტის წევრებს არც აფეთქების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, რათა კომიტეტის წევრებს რაიმე სახის რეაგირება მოეხდინათ.

“ჩვენ ნაციონალებთან ერთად არანაირი აქცია არ გაგვიმართავს. ისინი უბრალოდ მოვიდნენ იქ. ყველა ადამიანს აქვს საკუთარი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დაცვის უფლება და ნინო მიქიაშვილი ახლა “ქართულ ოცნებასთანაა” დაახლოებული, შეუძლია მათ წარმომადგენლებთან ერთად დაიცვას საყდრისი. ჩვენ თუ “ნაციონალურ მოძრაობასთან” ალიანსში გვადანაშაულებს, თავად ნინო მიქიაშვილმა თავის დროზე “პატრიოტთა ალიანსი” და ირმა ინაშვილი შეიყვანა საყდრისის კომიტეტის ბანაკში, რომ ყოფილიყო აზრთა სხვადასხვაობა. საკითხს მისცემოდა პოლიტიკური ელფერი, როცა ჯერ კიდევ საყდრისი გადარჩენილი იყო და საქმე სასამართლოში მიდიოდა. საყდრისის აფეთქების შემდეგ მას არცერთი აქცია არ გაუმართავს არც კულტურის სამინისტროსთან, არც მთავრობის ადმინისტრაციასთან. მიუხედავად მისი ლიდერის ირმა ინაშვილის დაპირებისა, კულტურის მინისტრი არ გამოუთრევია კაბინეტიდან და არც სხვა ადგილიდან. მათ ეს თემა ვერ ჩააწყნარეს და ჩვენ რომ გავაგრძელეთ ბრძოლა, როგორც ჩანს, ეს მათ ნერვებზე მოქმედებს. ახლა პარლამენტში საგამოძიებო კომიტეტის შექმნაზეა საუბარი, რომელსაც “ნაციონალური მოძრაობაც” უჭერს მხარს, ასევე “რესპუბლიკელებიც და ფორუმის წარომადგენლებიც. მაშინ გამოდის, რომ ყველანი “ნაციონალური მოძრაობის” თანამებრძოლები ყოფილან. ერთი რამ შემიძლია ნინო მიქიაშვილზე გითხრათ, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში გამოჩნდა, რომ ეს ადამიანი გარკვეული ადამიანების და პოლიტიკური ჯგუფის თამაშს თამაშობდა და სწორედ ეს გახდა იმის მიზეზი, რომ ჩვენ საყდრისიდან წამოვედით. რას ნიშნავს ნაციონალების თანამებრძოლები ვართ? ვიცი რომ “ნაციონალური მოძრაობის” დროშები და პლაკატები მე არ დამიჭერია და არსად არ გამოვსულვარ”, – განუცხადა “პირWელს” მამალაძემ.

ჟურნალისტის ბრალდებებს ანა მიქაუტაძეც პასუხობს და აცხადებს, რომ კომიტეტი დამოუკიდებელი, აპოლიტიკური ორგანიზაციაა და არცერთ პოლიტიკურ პარტიასთან ალიანსში არ შევა.

“ჩვენი ორგანიზაცია საზოგადოებრივი კომიტეტია. ამიტომ ის, რომ ვიღაცამ პოლიტიკურ პარტიასთან თანამებრძოლეობაში დაგვადანაშაულოს, ეს მათი არაკომპეტენტურობის შედეგი ან რაიმე მიზნით წინასწარ განზრახული განცხადებაა, რომ საქმის კეთებაში ხელი შეგვეშალოს”, – განაცხადა მიქაუტაძემ.

რაც შეეხება რამდენიმე კვირის წინ საყდრისში არტეფაქტების აღმოჩენის საკითხს, მიქაუტაძის განმარტებით, მათ ამის თაობაზე ინფორმაცია ადგილიდან აცნობეს, თუმცა ვინ დაუკავშირდა კომიტეტის წევრებს, ადგილზე მომუშავე მუშა თუ სხვა პირი არ დაუკონკრეტებია.

თორნიკე კოშკაძე

წყარო: pia.ge


Share.

Leave A Reply