კომპანია „არემჯის“ პროფკავშირების წევრები ირაკლი პეტრიაშვილს და თამაზ დოლაბერიძეს უპირისპირდებიან

0

1523699_939290712747738_6684029241495504105_o„ამან მუშათა რიგებში გააჩინა საფუძვლიანი ეჭვი, რომ პროფესიულ კავშირთა ლიდერები გარკვეული პოლიტიკური პარტიის ინტერესების გამტარებლები უფრო იყვნენ, ვიდრე პროფკავშირების წევრებისა. ამ და სხვა ფაქტორებმა გამოიწვია ის, რომ უამრავმა ადამიანმა უმოკლეს ხანში დატოვა პროფესიულ კავშირთა გაერთიანება“ 

„არემჯი“ კოპერის მუშაკთა პროფესიული კავშირის ყოფილმა წევრებმა და თავმჯდომარემ პრესკონფერენცია მოაწყვეს. ისინი გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარის ირაკლი პეტრიაშვილის და სამთო მეტალურგიული პროფკავშირის თავმჯდომარის თამაზ დოლაბერიძის მიერ მედიასაშუალებით გავრცელებულ განცხადებას  ცილისწამებას უწოდებენ.

შეგახსენებთ, რომ თებერვლის თვეში, საწარმოს მუშა-მოსამსახურეებმა  პროფკავშირის რიგები მასიურად დატოვეს, რასაც პეტრიაშვილი და დოლაბერიძე კომპანიის ადმინისტრაციის მხრიდან ზეწოლას უკავშირებენ. მათი თქმით, „არემჯის“ ადმინისტრაციის თანამშრომლები დაშინებით და შანტაჟის გზით ცდილობენ მუშა-მოსამსახურეთა იძულებას და  პროფკავშირების  დატოვებისკენ მოუწოდებენ.  პროფკავშირის ყოფილი წევრი, ზაზა ხმალაძე განცხადებას აბსურდულს უწოდებს და აღნიშნავს: „ათასობით ადამიანმა პროფკავშირების რიგები  ლიდერთა  მიმართ უნდობლობის და უმოქმედობის საფუძველზე დავტოვეთ, არ დააბრუნეს კომპანიიდან გაშვებული თანამშრომლები და სხვა უამრავი დაპირება უყურადღებოდ დატოვეს“.

პროფკავშირების რიგებიდან მუშა-მოსამსახურეთა მასიური წასვლის გამო, 19 თებერვალს „არემჯი“ კოპერის პროფესიული კავშირების თავმჯდომარემ ავთო ბაქრაძემ გადადგომაზე განცხადება დაწერა, რომელიც გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარეს ირაკლი პეტრიაშვილს და სამთო-მეტალურგიული პროფკავშირის თავმჯდომარეს თამაზ დოლაბერიძეს ზეწოლაში ადანაშაულებს და ის მიზეზები გაახმიანა, რის გამოც მუშახელის მიერ პროფკავშირთა რიგების დატოვება მოხდა.

„25 წელი ერთგულად ვემსახურე თანამშრომლებს. 19 თებერვალს ჩემი ნებით დავწერე განცხადება გადადგომაზე, რადგან მუშა-მოსამსახურეებმა მასობრივად დაიწყეს პროფკავშირის რიგების დატოვება. ისინი უნდობლობას უცხადებენ დარგის და რესპუბლიკის პროფკავშირების ლიდერებს ირაკლი პეტრიაშვილს და თამაზ დოლაბერიძეს, რომლებმაც უამრავი დაპირებიდან არაფერი შეასრულეს. მათი მხრიდან ყოველთვის იყო მცდელობა, რაც შეიძლება მეტი თანხა გაეტანათ  და მუშახელს  არ ესარგებლა ხელფასებიდან დაქვითული საწევრო შენატანებიდან, როგორც მატერიალური დახმარებით, ისე კულტურული ღონისძიებების სახით. ხუთი წლის განმავლობაში ყოველი კაპიკი მაქვს დეტალურად შესწავლილი. 162 890 ლარი წავიდა დარგის პროფკავშირში, საიდანაც ერთი თეთრი არ უსარგებლია მუშას. დარიცხული თანხის 30%-ი რჩებოდა დარგს, რატომღაც არ ეყო ბატონ დოლაბერიძეს და 6%-ის დამატება მომთხოვა. ხშირად ვკამათობდით, თუ რატომ ვეხმარებოდი  პროფკავშირების გაჭირვებულ მუშებს, რატომ ვაწყობდი ექსკურსიებს თუ სპორტულ ღონისძიებებს. ამან მუშათა რიგებში გააჩინა საფუძვლიანი ეჭვი, რომ პროფესიულ კავშირთა ლიდერები გარკვეული პოლიტიკური პარტიის ინტერესების გამტარებლები უფრო იყვნენ, ვიდრე პროფკავშირების წევრებისა. ამ და სხვა ფაქტორებმა გამოიწვია ის, რომ უამრავმა ადამიანმა უმოკლეს ხანში დატოვა პროფესიულ კავშირთა გაერთიანება“, _ აღნიშნა „არემჯი“ კოპერის პროფესიული კავშირის ყოფილმა წევრმა ავთო ბაქრაძემ.

პრესკონფერენციაზე კომპანიის თანამშრომლებმა სურვილი გამოთქვეს, რომ შეიქმნას საინიციატივო ჯგუფი, რომელიც ახალ, დამოუკიდებელ და მუშაზე ორიენტირებულ პროფკავშირულ ორგანიზაციას ჩამოაყალიბებს სადაც შემოსული საწევროს ძირითადი თანხები მათსავე კეთილდღეობას მოხმარდება.


Share.

Leave A Reply