კაზრეთის მოსახლეობა დაბაში მდებარე საკირეებზე ფილტრების დაყენებას ითხოვს

0

10997131_742395692541842_1869297927_nრამდენიმე კვირაა დაბა კაზრეთის ტერიტორიულ ორგანოში უამრავი სიტყვიერი საჩივარი შევიდა ადგილობრივი მცხოვრებლებისგან. მოსახლეობა დაბაში მდებარე საკირეებზე ფილტრების დაყენებას ითხოვს, რათა დამწვარი კირის სუნმა და კვამლმა აღარ შეაწუხოს. იმ შემთხვევაში თუ მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, გამოსვლებით იმუქრებიან და საკირის დახურვას მოითხოვენ.

სერგო ჯაყელი, დაბა კაზრეთის მკვიდრი:

_ ძალიან გვაწუხებს საკირეებიიდან ამოსული კვამლი, ან გაფილტრონ, ან მოვითხოვ დახურონ ქარხანა.

არჩილ ყაფლანიშვილი, დაბა კაზრეთის მკვიდრი:

_ საშინელი სუნი, მტვერი და კვამლია. სახნავ-სათესი ადგილი მაქვს  საკირეებთან ახლოს და ვერ ვამუშავებ. უსაფრთხოება დაიცვან და იმუშაონ,  სხვა პრეტენზია არ მაქვს.

არსენ ჯაყელი, დაბა კაზრეთის მკვიდრი:

_ უნდა დაიხუროს. ამხელა კომპანიას ის არ უჭირს, რომ ფილტრები ვერ დააყენოს. შიმშილი ხომ ხოცავს ადამიანებს,  ეს მტვერი და სუნიც უარესად მოქმედებს.

Bolnisi.ge დაბის ხელმძღვანელობას და საკირის წარმომადგენელს დაუკავშირდა. როგორც შპს „ენერგო მოტორსში“ აცხადებენ, მარტის დასაწყისისთვის საკირეებზე ფილტრები დამონტაჟდება, სამუშაოებიც უკვე დაწყებულია და პრობლემა დროულად გადაიჭრება.

სიმონ ქოქოშვილი, გამგებლის წარმომადგენელი დაბა კაზრეთში:

_ წერილობითი საჩივარი არ ყოფილა, ზარები იყო შემოსული,  დავიბარე მეპატრონე თემურ ბერძენიშვილი, იყო გარემოს დაცვაც. ვისაუბრეთ და დაიდო პირობა, რომ  მარტის დასაწყისისთვის დამონტაჟებული იქნება ფილტრები. პრობლემა ძალიან მალე იქნება მოგვარებული.

ცეზარ მამულაშვილი, შპს „ენერგო მოტორსი“-ს წარმომადგენელი:

_ წლების მანძილზე დაბა კაზრეთში მდებარე საკირეებს შპს „ელიტ ლამ გრუპი“ ამუშავებდა, რომლის საკუთრებაშიც არის სამივე საკირე. 2014 წლის დეკემბრის თვიდან კი შპს „ენერჯი მოტორს“-მა, რომლის ხელმძღვანელიც თემურ ბერძენიშვილია, იჯარით აიღო საკირე და დაიწყო კირის დამუშავება. საწარმო  მთლიანად გაძარცვული იყო,  შპს „ენერჯი მოტორს“-მა კი დიდი შრომა ჩადო მის ამუშავებაში.  მესამე თვეა, რაც ვმუშაობთ და ვერ მოვასწარით ყველაფრის წესრიგში მოყვანა. შემოსული იყო ეკოლოგიის სამსახური, რომელმაც მოგვთხოვა ფილტრების დაყენება, რათა გაიფილტროს კვამლი და საშიშროებას აღარ წარმოადგენდეს მოსახლეობისთვის.

_თქვენ ხართ საქმის კურსში, რომ მოსახლეობა ჩივის?

_ კი, გაგებული გვაქვს ამის შესახებ და ეკოლოგიასთან პირობაც დავდეთ, რომ მარტის დასაწყისისთვის ფილტრების პრობლემას მოვაგვარებთ.

_ კონკრეტულად, რა ფუნქციას ასრულებს ფილტრი, კვამლი აღარ იქნება?

_ როცა ანტრაციდს ვიყენებთ, კვამლი არ არის, მაგრამ ახლა ნახშირზე ვმუშაობთ და ამიტომ ფილტრების დაყენების შემდეგაც იქნება კვამლი, მაგრამ გაფილტრული. მალე გადავალთ ანტრაციდზე და კვამლიც აღარ შეაწუხებს ხალხს.

შეასრულებს თუ არა პირობას კირისმწარმოებელი კომპანია მარტის დასაწყისში გახდება ცნობილი.


Share.

Leave A Reply