ექსტერნატის ფორმით გამოცდების ჩაბარების მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო

0

eqsternebiსაქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აცხადებს ექსტერნატის ფორმით ზოგადი განათლების პროგრამის დაძლევის მსურველთა რეგისტრაციას 2015 წლის 10 თებერვლიდან 17 თებერვლის ჩათვლით.

გამოცდები ჩატარდება 2015 წლის 4 მარტიდან 20 მარტის ჩათვლით.  რეგისტრაციის უფლება აქვთ პირებს, რომელთა ასაკი შეესაბამება ან აღემატება ექსტერნატის ფორმით დასაძლევი კლასის მოსწავლეთა ასაკობრივ ჯგუფს, თუ მათ დაძლეული აქვთ წინმსწრები კლასის/სემესტრის საგანმანათლებლო პროგრამა.

სრულწლოვანი დაინტერესებული პირი ან არასრულწლოვანი დაინტერესებული პირის კანონიერი წარმომადგენელი უფლებამოსილია  ექსტერნად რეგისტრაციის თაობაზე განცხადება და შესაბამისი დოკუმენტაცია  წარადგინოს რესურსცენტრში.

ა) ექსტერნატის ფორმით ზოგადი განათლების დაძლევის მსურველი პირი, თუ სწავლობს სკოლაში, მან განაცხადი უნდა წარადგინოს იმ რესურსცენტრში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზე მდებარეობს შესაბამისი სკოლა; ბ) თუ პირი არ სწავლობს სკოლაში – განცხადებს წარდგენა ხდება ნებისმიერ რესურსცენტრში, პირის სურვილის შესაბამისად.

პირი, რომელიც ექსტერნატის ფორმით წარმატებით დაძლევს ეროვნული სასწავლო გეგმით დადგენილ მიღწევის დონეს, სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მისაღებად, ვალდებულია წარმატებით ჩააბაროს სკოლის გამოსაშვები გამოცდები.

ექსტერნატის ფორმით ზოგადი განათლების დაძლევის მიზნით რესურსცენტრს უნდა წარედგინოს: ექსტერნატის ფორმით განათლების მიღებაზე სრულწლოვანი დაინტერესებული პირის ან არასრულწლოვანი დაინტერესებული პირის კანონიერი წარმომადგენლის განცხადება, რომელშიც მიეთითება: ექსტერნატის ფორმით განათლების მიღების მსურველის სახელი, გვარი და საკონტაქტო ინფორმაცია (მისამართი, ტელეფონის ნომერი); ზოგადი განათლების ცალკეული კლასის/კლასების/სემესტრის, ასევე ცალკეულ კლასში/სემესტრში შემავალი საგანი/საგნები, რომელთა ექსტერნატის ფორმით დაძლევა სურს პირს; ენა, რომელზეც ექსტერნატის ფორმით განათლების მიღების მსურველს სურს ექსტერნატის გამოცდის ჩაბარება (ქართული, რუსული, აზერბაიჯანული, სომხური); უცხო ენა/ენები, რომელშიც ექსტერნატის ფორმით განათლების მიღების მსურველს უნდა ჩაუტარდეს ექსტერნატის გამოცდა, ასეთის საჭიროების შემთხვევაში; ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული არჩევითი საგანი/საგნები, რომლის ჩაბარებაც სურს ექსტერნატის ფორმით ზოგადი განათლების დაძლევის მსურველს; ექსტერნატის ფორმით განათლების მიღების მსურველის დაბადების მოწმობის ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; ზოგადი განათლების ცალკეული კლასის/კლასების/სემესტრის ექსტერნატის ფორმით დაძლევის გამოცდაზე რეგისტრაციის შემთხვევაში, დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს პირის მიერ ზოგადი განათლების იმ კლასის/სემესტრის ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის ათვისებას, რომელიც წინ უსწრებს ექსტერნატის ფორმით დასაძლევ კლასს/სემესტრს. იმ შემთხვევაში, თუ პირმა განათლება საზღვარგარეთ მიიღო, შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამის დაძლევის დამადასტურებელი დოკუმენტი აღიარებული უნდა იყოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

საშუალო საფეხურის ცალკეულ კლასში/სემესტრში შემავალი საგნის/საგნების ექსტერნატის ფორმით დაძლევის გამოცდაზე რეგისტრაციის შემთხვევაში, სკოლის მიერ გაცემული ცნობა, რომლითაც დასტურდება, რომ პირმა ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის ცალკეულ კლასში/სემესტრში შემავალი საგნის/საგნების ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამა უნდა დაძლიოს ექსტერნატის ფორმით.

ექსტერნატის ფორმით დაძლევის გამოცდა ტარდება წერითი ფორმით, ტესტირების გზით და მას ატარებს ის სკოლა, რომელშიც სწავლობს მოსწავლე ან პირს სურს რომ გააგრძელოს სწავლა.

მე-12 კლასში შემავალი საგნის/საგნების (ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა, ისტორია, ინგლისური ენა, სამოქალაქო თავდაცვა და უსაფრთხოება)  ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო პროგრამის/პროგრამების ექსტერნატის ფორმით დაძლევის გამოცდა ტარდება ცენტრალიზებულად, ელექტრონული ფორმით.

ამასთან გაცნობებთ, რომ პირზე, რომელმაც ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის კლასის/კლასების, ან საშუალო საფეხურის ცალკეულ კლასში შემავალი საგნის/საგნების ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო პროგრამა/პროგრამები წარჩინებით დაძლია ექსტერნატის ფორმით, ოქროსა და ვერცხლის მედალოსნის ატესტატი არ გაიცემა.


Share.

Comments are closed.