განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით სასკოლო ასაკად 6 წელი განისაზღვრა – როგორ ხვდებიან სიახლეს ბოლნისელი პედაგოგები და მშობლები

0

saskolo asaki 6 weli ganisazrvra 1.ახალი სასწავლო წლიდან პირველ კლასში მხოლოდ ის მოსწავლეები ჩაირიცხებიან, რომლებსაც 16 სექტემბრამდე შეუსრულდებათ 6 წელი. აღნიშნული კანონი 2014 წლის აპრილში დამტკიცდა, რომელიც ძალაში ახალი სასწავლო წლიდან შევა და საქართველოს ყველა საჯარო და კერძო სკოლა დაექვემდებარება.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სკოლების დაწყებითი კლასების პედაგოგები მიღებულ გადაწყვეტილებას მიესალმებიან, თუმცა საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე მიაჩნიათ, რომ არც 5 წლის ბავშვებს უჭირთ სასკოლო პროგრამის დაძლევა.

მზია კორძაძე, პედაგოგი:

_ სასკოლო ასაკი აუცილებლად 6 წლით უნდა იყოს განსაზღვრული, თუმცა მქონია შემთხვევები, როცა კლასში მყავდა 5 წლის მოსწავლეებიც, რომლებსაც მარტივად დაუძლევიათ პროგრამა, მაგრამ ასეთი ბავშვები გამონაკლისები არიან. მიმაჩნია, რომ ექვსი წლის ასაკში ბევრად უფრო მზადაა ბავშვი სკოლისთვის. რაც შეეხება იმ ბავშვებს, ვინც 17-18 სექტემბერსაა დაბადებული, ორი-სამი დღის გამო ნამდვილად არ უნდა დაეკარგოთ წელი, ამ კუთხით გადასახედია ეს კანონი.

მზია ფრუიძე, პედაგოგი:

_მივესალმები ამ გადაწყვეტილებას, თუმცა ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე ვთვლი, რომ ხუთი და ექვსი წლის ასაკის ბავშვებს შორის გონებრივი განვითარების კუთხით დიდი განსხვავება ნამდვილად არ არის.

ლია ცირეკიძე, პედაგოგი:

_დღესდღეობით ძალიან განვითარებული თაობაა, მაგრამ სასკოლო პროგრამებიც საკმაოდაა გართულებული, რისი დაძლევაც 5 წლის ბავშვს უჭირს. გვაქვს იშვიათი გამონაკლისებიც, თუმცა მიმაჩნია, რომ 5 წლის ბავშვი სკოლაში არ უნდა დადიოდეს. მქონდა შემთხვევა, რომ კლასში ერთდროულად მყავდა 5, 6, 7 წლის ბავშვები და მათ შორის ძალიან დიდი განსხვავება იყო. მარტო გონებრივი განვითარება არ არის საკმარისი ბავშვის სკოლაში შესაყვანად, დიდი მნიშვნელობა აქვს ფსიქოლოგიურ მხარესაც.

პედაგოგების მსგავსად დადებითად აფასებენ მიღებულ გადაწყვეტილებას მშობლებიც.

ნათია მურუსიძე:

_ბავშვის სასკოლო ასაკი აუცილებლად 6 ან 7 წლით უნდა იყოს განსაზღვრული. 5 წლის ბავშვი არც ფსიქოლოგიურად და არც გონებრივად არ არის მზად სასკოლო პროგრამისთვის. მივესალმები ამ გადაწყვეტილებას თუმცა ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში უნდა მოიხსნას XII კლასი, მეტიც IX კლასის შემდეგ უნდა იყოს პროფესიული სწავლება.

ნონა მელიქიშვილი:

_ამ შემთხვევაში ბავშვებს 6, ზოგ შემთხვევაში კი 7 წლის ასაკში მოუწევთ სკოლაში შესვლა, ერთის მხრივ კარგი გადაწყვეტილებაა, თუმცა ვთვლი, რომ უნდა მოიხსნას XII კლასი. 18-19 წლის რომ კიდევ სკოლის მოსწავლეა, არ მიმაჩნია სწორად.

რატომ გახდა აუცილებელი აღნიშნული კანონის მიღება და განიხილება თუ არა სამომავლოდ XII კლასის გაუქმება. აღნიშნული კითხვებით განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მივმართეთ. სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა ნატა ასათიანმა გვიპასუხა:

„საქართველოს საგანმანათლებლო სისტემის თორმეტწლიანი სწავლება სრულ თანხვედრაშია წამყვან საგანმანათლებლო ტენდენციებთან, აქედან გამომდინარე XII კლასის გაუქმების საკითხი ნამდვილად არ განიხილება. რაც შეეხება სასკოლო ასაკის განსაზღვრას გეტყვით, რომ მშობლები და ფსიქოლოგები სკოლისთვის მზაობაში განსხვავებულ აქცენტებს აკეთებენ. თუ მშობელთა უმრავლესობისთვის წერა-კითხვის ცოდნა ბავშვის სკოლაში ადრე შეყვანის მიზეზია, ფსიქოლოგები აქცენტს სოციალურ, ემოციურ, ინტელექტუალურ მზაობაზე აკეთებენ. შესაბამისად, ფსიქოლოგების რეკომენდაციებზე და მნიშვნელოვან საერთაშორისო და ადგილობრივ კვლევებზე დაყრდნობით, სასკოლო სწავლების დაწყების ასაკად 6 წელი განისაზღვრა. აქვე აღსანიშნავია, რომ ზოგადად ფსიქოლოგები სასკოლო ოპტიმალურ ასაკად 7 წელს მიიჩნევენ. შესაბამისად ავსტრიაში, გერმანიაში, საფრანგეთში, ჩეხეთში, პოლონეთში და ბევრ სხვა ევროპულ ქვეყანაში სასკოლო ოპტიმალურ ასაკად 7 წელია განსაზღვრული. 7 წელია ასევე მიჩნეული სწავლის დაწყების ასაკად ამერიკის შეერთებულ შტატებშიც. სასკოლო სწავლების დაწყება ბავშვის ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი მოვლენაა. იგი ერთდროულად უამრავი სიახლისგან შედგება და თუ ბავშვს არ აქვს შესაბამისი მზაობა, სკოლაში შესვლა მისთვის შესაძლოა გადაულახავი სიძნელეებისა და ფსიქოლოგიური ტრამვების დასაწყისი აღმოჩნდეს. ალბათ ყველა მშობელს აინტერესებს, თუ რას გულისხმობს სასკოლო მზაობა. ფსიქოლოგების განმარტებით, ბავშვმა მონაწილეობა უნდა მიიღოს სასწავლო პროცესში, რაც განვითარების გარკვეულ დონეს შეესაბამება, კერძოდ:

  1. გონებრივი ნიშანი _ აღქმის დიფერენციაცია, ყურადღების კონცენტრაცია, ლოგიკური მეხსიერება, ანალიტიკური აზროვნება, სინამდვილისადმი რაციონალური მიდგომა, მიზანსწრაფულობა, ცოდნის და უფლების ინტერესები, სიმბოლოების გაგების უნარი;
  2. განვითარებული მოტორიკა (რაშიც იგულისხმება წიგნის, ფურცლის, კალმის დაჭერის უნარი);
  3. ემოციური მოწიფულობა _ უკეთესი ემოციური სტაბილურობის მიღწევა, იმპულსური რეაქციების შემცირება, სასკოლო საქმიანობის მოტივირებისას ემოციების გამოყენება;
  4. სოციალური მოწიფულობა _ სურვილი კონტაქტი დაამყაროს თანატოლებთან და გარკვეულწილად დაექვემდებაროს ბავშვთა კოლექტივის ინტერესებს. მიიღოს საკუთარი როლი სასკოლო სწავლების სოციალურ სიტუაციაში.

ჩამოთვლილი უნარ-ჩვევები სხვადასხვა ფაქტორების ზემოქმედებით ყალიბდება, შესაბამისად ინდივიდუალურია, ე.ი. ერთი ასაკი არ ნიშნავს განვითარების თანაბარ დონეს, მაგრამ ბავშვთა ასაკობრივი განვითარება გარკვეულ კანონზომიერებას ექვემდებარება და უმრავლესობისთვის ერთ ასაკობრივ ზღვარში თავსდება.

ფსიქოლოგებისა და ექიმების დასკვნების, სხვადასხვა უცხოური თუ ადგილობრივი კვლევების საფუძველზე დადგენილია, რომ 5 და 6 წლის ასაკს განსხვავებული განვითარების საფეხური გააჩნია. ამ ასაკში თითოეულ თვესაც დიდი მნიშვნელობა ენიჭება ბავშვის ემოციურ-ინტელექტუალური განვითარებისათვის. თუ 5 წლის ბავშვისათვის წამყვანი საქმიანობაა თამაში, 6 წლის ბავშვისთვის ეს არის ხატვა, ძერწვა, კონსტრუირება, რაც უკვე მიუთითებს სასკოლო პროცესისთვის მზაობას. სკოლაში ბავშვი ხვდება რადიკალურად განსხვავებულ, ახალი მოთხოვნებით და პასუხისმგებლობით გაჯერებულ გარემოში, რაც 5 წლის ბავშვისთვის უფრო რთული დასაძლევია. სკოლა, როგორც თვისობრივად ახალი ინსტიტუციური გარემო 5 წლის ბავშვისთვის სტრესულია. რთულდება ადაპტაციის პროცესი, რომელიც ერთი შეხედვით შეიძლება დაძლეულადაც ჩაითვალოს, მაგრამ თავი იჩინოს მოგვიანებით სომატური, ემოციური და ქცევითი პრობლემების სახით, რაც ჩვენი ცენტრის პრაქტიკაშიც ხშირად გვხვდება.”


Share.

Leave A Reply