ბუნებრივი მდგომარეობა და საზოგადოებრივი ხელშეკრულება-ანუ რა წარმოშობს სახელმწიფოს?

0

pageსახელმწიფო, როგორც სოციალური ინსტიტუტი მრავალი საუკუნის მანძილზე იყო ფილოსოფოსთა განსჯის საგანი. შესაბამისად იქმნებოდა სხვადასხვა თეორიები სახელმწიფოს შესახებ, მათ შორის აღსანიშნავია XVII-XVIII საუკუნეში წარმოშობილი საზოგადოებრივი ხელშეკრულების თეორია, რომლის წარმომადგენლებიც იყვნენ თომას ჰობსი და ჯონ ლოკი. ირივე მათგანი განიხილავდნენ ე.წ. ბუნებრივ მდგომარეობას და მისგან გამომდინარე აუცილებლობით შექმნილ საზოგადოებას და სახელმწიფოს.

ბუნებრივ მდგომარეობაზე საუბარს ჰობსი ადამიანთა თანასწორობით იწყებს. ადამიანები თანასწორები არიან როგორც ფიზიკური, ასევე გონებრივი მონაცემებით. მსგავსი რამის თქმა, თავიდანვე ბადებს ეჭვს, რადგან ჩვენს გარშემო არსებობებნ მეტ- ნაკლებად ძლიერი და ჭკვიანი ადამიანები, რომელთა გათანაბრება ერთი შეხედვით შეუძლებელია. ჰობსი ამასთან დაკავშირებით გვპასუხობს, რომ შესაძლოა ერთი ადამიანი მეორეზე ჭკვიანი ან ძლიერია, თუმცა სხვაობა არც ისეთი დიდია რომ ერთი მათგანი აცხადებდეს პრეტენზიას კეთილდღეობაზე, მეორე კი არა. ასევე, ფიზიკური სისუსტის შემთხვევაშიც, სუსტს აქვს იმდენი ძალა, რომ ინტრიგებით და მაქინაციებით ბოლო მოუღოს უფრო ძლიერს. ამიტომაც ჰობსი მიიჩნევს, რომ ადამიანები ბუნებრივად თანასწორნი არიან.

ლოკი ჰობსისგან განსხვავებით, ყურადღებას ამახვილებს თავისუფლებაზე, და არა თანასწორობაზე, თუმცა არ უარყოფს თანასწორობას, მიიჩნევს რომ ერთი წარმოშობს მეორეს. ყველა ადამიანი თავისუფალია, რადგან თავის მოქმემდებებს არ ათანხმებს სხვებთან და საკუთარი შეხედულებისამებრ განაგებს პირად ქონებას და პიროვნებას. ლოკთან , სწორედ ამგვარი თავისუფლებიდან გამომდინარეობს თანასწორობის მცნება, რადგან თავისუფალ ადამიანთა შორის არცერთ მათგანს აქვს სხვაზე მეტი უფლება და თავისუფლება. ჰობსის აზრით, სწორედ ამგვარი თანასწორობაა მიზეზი ურთიერთუნდობლობისა, რომელიც გადაიზრდება საომარ მდგომარეობაში. ამის ძალიან მარტივი მაგალითია ის, რომ როცა ორ ადამიანს სურთ ერთი და იგივე ნივთი და მისი ფლობა ერთობლივად არ შეიძლება, ისინი ხდებიან ერთმანეთის მტრები და იწყება დაუნდობელი ბრძოლა მათ შორის. ამგვარი სიტუაცია ბუნებრივი მდგომარეობის თანმდევი პროცესია.

ლოკის მიხედვით, ომი იწყება იმ შემთხვევაში, როცა ერთი ადამიანი მეორის მთლიანად დამორჩლებას შეეცდება, ამ დროს მტრის წინააღმდეგ ბრძოლა სამართლიანია, რადგან ერთ ადამიანს უწევს საკუთარი სიცოცხლის დაცვა. მტრობას ადამიანთა შორის წარმოქმნის ბუნებრივი კანონის – გონების უარყოფა, გონებაა ის ბუნებრივად განსაზღვრული კანონი, რომლის მიხედვითაც ადამიანმა , რომელიც თავისუფალია, არ უნდა მიაყენოს სხვის თავისუფლებას, სიცოცხლეს ზიანი. ამ კანონის უარყოფა, წარმოქმნის სურვილს ძალის გამოყენებისა რასაც მივყავართ ომამდე.

ჰობსი ლოკისგან განსხვავებით გამოყოფს რამდენიმე (კონკრეტულად ცხრამეტ) ბუნებრივ კანონს: მშვიდობის სურვილს, სიცოცხლის დაცვას, უარის თქმას ყველაფერზე იმ დოზით, რაც საჭიროა მშვიდობის და სიცოცხლის დასაცავად, სამართლიანობა და ა.შ. ვინაიდან ეს ბუნებრივი კანონები ჰობსთანაც არ სრულდება ისევ და ისევ ადამიანის ბუნებიდან გამომდინარე, ყველაფერი გადაიზრდება სახელწმიფოს საჭიროებაში. ჰობსის ბუნებრივ მდგომარეობაში ყველას აქვს ყველაფრის უფლება. ადამიანის ბუნების მანკიერებებს ჰობსი განსაზღვრავს შემდეგნაირად: მეტოქეობა, რომელიც აიძულებს ადამიანებს ნადავლის ჩაგდების მიზნით ერთმანეთს დაესხნენ თავს, უნდობლობა უსაფრთხოების მიზნით და დიდების მოპოვების სურვილი. სიცოცხლის ხელყოფა ჰობსთან შეიძლება, რადგან კანონები არ არსებობს, მაშინ როცა ლოკისთვის კანონები არსებობს, ე.წ დაუწერელი, შინაგანი კანონები, რაც შეიძლება მორალთან და გონიერებასთან გავაიგივოთ, რომ ადამიანმა არ უნდა შელახოს სხვისი სიცოცხლის უფლება და ასევე მოვალეა, თუ დაინახავს რომ ერთი ადამიანის საფრთხის ქვეშ აგდებს სხვის სიცოცხლეს ასეთი ადამიანი ალაგმოს, იმიტომ რომ მან არამარტო საკუთარი სიცოცხლე უნდა დაიცვას არამედ სხვა ადამიანებისაც.

ჰობსი იყენებს ტერმინ „სამოქალაქო მდგომარეობას“ რომელიც არ არსებობს ბუნებრივ მდგომარეობაში. ბუნებრივი მდგომარეობა მისი აზრით არის ომი ყველასი ყველას წინააღმდეგ. არსებობს შიში, რომლის გამოც უჩნდება ადამიანს სახელმწიფოს ანუ უსაფრთხო გარემოს შექმნის სურვილი. უნდა წარმოიქმნას სახელმწიფო, რომლის მთავარი მიზანი სწორედ უსაფრთხოების უზრუნველყოფაა. ჰობსისგან განსხვავებით ბუნებრივ და საომარ მდგომარეობას ლოკი არ ათანაბრებს, მისი აზრით ბუნებრივი მდგომარეობა გონიერების საფუძველზე არსებული თანაცხოვრებაა, ომი მხოლოდ ძალის გამოყენებაზე განაცხადია, რაც სცდება გონიერების საზღვრებს. იმისთვის რომ ეს იქნას თავიდან აცილებული საჭიროა საზოგადოების შექმნა. ხელისუფლება წყვეტს დავას, რომელიც გამორიცხავს ომს.

ლოკთან „პოლიტიკური საზოგადოება“ წარმოიქმნება მაშინ, როცა მის წევრებს ექნებათ საკუთარი ქონების დაცვის და სხვების მიერ ამ უფლების დარღვევის შემთხვევაში დასჯის უფლება. სწორედ ამიტომ სახელმწიფოს უმთავრესი მოვალეობა საკუთრების დაცვაა, რადგან ბუნებრივ მდგომარეობაში არ არის დადგენილი კანონი, რომლის მიხედვითაც მოხდებოდა სადაო საკითხების განსჯა და სამართლიანი განაჩენის გამოტანა. ლოკი უფრო ოპტიმისტურად უდგება საკითხს და მიიჩნევს, რომ ადამიანს არა შიში არამედ სიცოცხლის გახანგრძლივების ან შენარჩუნების სურვილი აქვს. „ლევიათანში“ კერძო საკუთრება მოხსენიებულია, მაგრამ არა როგორც მთავარი უფლება. მსგავსი საზოგადოება კი იარსებებს მხოლოდ მაშინ , როცა თითოეული ადამიანი უარს იტყვის საკუთარ, ბუნებისგან მინიჭებულ აღმასრულებელ ხელისუფლებაზე და ამ უფლებას გადასცემს საზოგადოებას. ამით წარმოიქმნება სახელმწიფოც.

მთავარი რამ, რაც ჰობსს განასხვავებს ლოკისგან არის აბსოლიტური ძალაუფლების სურვილი. ჰობსი მომხრეა აბსოლიტური ხელისუფლებისა. საერთო ხელისფულების დამყარებისთვის საჭიროა ადამიანებმა თავიანთ წარმომადგენლად დანიშნონ ერთი ადამიანი ან ადამიანთა ჯგუფი. ერთ პიროვნებაში გაერთიანებულ მრავალ ადამიანს ის უწოდებს სახელმწიფოს, უძლეველ ლევიათანს, რომელსაც ადამიანები უნდა უმადლოდნენ მშვიდ ცხოვრებას და მფარველობას. სუვერენის ხელისფლება უზენაესია, მისი კონტროლის მექანიზმი არ არსებობს, ძალაუფლება მის ხელშია. სახელმწიფოც ჰობსთან წარმოიქმნება სწორედ ადამიანთა ნებაყოფლობითი შეთანხმებით, ისევე როგორც ლოკთან. თუმცა ჰობსი არ უარყოს მოპოვების გზით, ანუ ძალის გამოყენებით შექმნილ საზელმწიფოს არსებობასაც.

ლოკი კი აბსოლიტური ძალაუფლების მხარდამჭერი არ არის. ის მომხრეა ხელისფლების დათხოვნისა, იმ შემთხვევაში თუ არ არსრულებს სიცოხლის, საკუთრების და თავისუფლების დაცვას სათანადოდ. ხალხს ამ დროს აქვს უფლება შეცვალოს ის და თუნდაც დაბრუნდეს ძველ მდგომარეობაში. ლოკისთვის ეს ჰობსისეული სუვერენი დამღუპველია, ეს იმაზე უარესია, ვიდრე ბუნებითი მდგომარეობა, რადგან აქ ადამიანი სრულიად დაუცველია. ანუ როდესაც ხდება ძალაუფლების ბოროტად გამოყენება, ხალხი უნდა აჯანყდეს და შეეცადოს ხელისუფლება იმ პირებს გადასცეს, ვისაც შეეძლება იმ მიზნების განხორციელება,

რისთვისაც თავდაპირველად შეიქმნა სახელწიფო. ჰობსი კი კატეგორიულად გამორიცხავს ბუნებრივ მდგომარეობაში დაბრუნებას. მისია აზრით, უზენაესი ხელისფლების არსებობა იმდენად დამღუპველი არაა, როგორც მისი საერთოდ არ არსებობა.

ჯონ ლოკისა და თომას ჰობსის როლი პოლიტიკის ფილოსოფიაში განსაკუთრებულ მოვლენას წარმოადგენს. ნაწილობრივ მათ შეხედულებებზე წარმოიქმნა თანამედროვე დასავლური სამყაროს სახელმწიფო მოწყობის სისტემები. ლოკის იდეების პრაქტიკული განხორციელება შეიძლება დღევანდელ დასავლურ სამყაროში ვეძიოთ, რადგან კეთილდღეობა და პიროვნული წარმატება კაპიტალისტური ქვეყნების მთავარი მახასიათებელია.

ავტორები:      ნინო ჭელიძე, მაია ბლიაძე
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
სოციალურ პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი
კურსი
IV

 

Share.

Leave A Reply