ბოლნისის სილამაზის სალონებში არსებული ზოგადი ჰიგიენური სიტუაციის შეფასება მიმდინარეობს

0

12„ინფექციური დაავადებების გავრცელების თავიდან აცილებისათვის ძალზედ მნიშვნელოვანია პრევენციულ ღონისძიებებზე აქცენტირება და ეპიდზედამხედველობის გაძლიერება. დაავადების პრევენციის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია ინფექციის კონტროლის ღონისძიებების გაფართოება/გაძლიერება სამედიცინო და არასამედიცინო (ტატუ, სილამაზის სალონები და სხვა) დაწესებულებებში, ვინაიდან აღნიშნული ინტერვენცია უზრუნველყოფს ჯანდაცვის პრობლემის ეფექტურ გამოვლენას შემდგომი რეაგირების მიზნით“, – განუცხადა BOLNISI.GE-ს ა.ა.ი.პ.ი ბოლნისის მუნიციპალიტეტის დაავადებათა აღრიცხვის, კონტროლის, საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და პრევენციული მედიცინის ცენტრის დირექტორმა მაკა მამარდაშვილმა.

C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ინფექციური კონტროლის ღონისძიებებმა კიდევ უფრო დიდი დატვირთვა შეიძინა და   მიმდინარე წლის 30 იანვრის საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის #01-27/ო ბრძანების საფუძველზე, რომელიც ეხება საზოგადოებრივი მნიშვნელობის ობიექტებში (სილამაზის, ტატუირების, პირსინგის, აკუპუნქტურის  სალონები/კაბინეტები) ინფექციური კონტროლის მიმართულებით არსებული ვითარების შეფასების მიზნით განსახორციელებელ ღონისძიებებს,  ქვეყნის მასშტაბით განხორციელება ეთხოვათ ადგილობრივი საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებს. ცენტრის წარმომადგენლები ადგილზე მისვლით და წინასწარ შემუშავებული კითხვარების საშუალებით (კითხვარები შემუშავებულია  ლ. საყვარელიძის სახელობის  დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ) ამ ეტაპზე ახდენენ ზემოთ ჩამოთვლილ სალონებში/ კაბინეტებში არსებული სიტუაციის შეფასებას სანიტარულ-ჰიგიენური კუთხით. შეფასების შემდგომ მოხდება არსებული ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე რეგულაციების შემუშავება და შემდგომ დანერგვა, რისთვისაც იქნება გათვალისწინებული გონივრული ვადები.

„ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ზემოთ აღნიშნული აქტივობა არ გულისხმობს კონტროლის ღონისძიებებს (კონკრეტული მეწარმე სუბიექტის მიმართ გამოვლენილი ხარვეზების  გამო სადამსჯელო ღონისძიებების გატარებას), არამედ ატარებს მონიტორინგის ხასიათს და მიმართულია არსებული მდგომარეობის შეფასების საფუძველზე, მეწარმე სუბიექტების და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ობიექტებში დასაქმებული პირების  ინფექციის კონტროლის ღონისძიებების საკითხებზე ინფორმირებულობის გაზრდისაკენ“, – აღნიშნა ჩვენთან საუბარში მაკა მამარდაშვილმა.


Share.

Comments are closed.