ბოლნისის მუნიციპალიტეტის 4 საბავშვო ბაღს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება

0

4რეგიონალური განვითარების ფონდმა ბოლნისის მუნიციპალიტეტს ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისთვის 2 300 000 ლარი გამოუყო. აქედან 1 600 000 საბავშვო ბაღების რეაბილიტაციაზე გაიხარჯება.
„ეს მოიცავს ოთხი საბავშვო ბაღის სრულ რეაბილიტაციას, დაწყებული სახურავიდან დამთავრებული ეზოს კეთილმოწყობით, ანუ ბაღში ყველაფერი გარემონტდება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად“. – აცხადებს ჩვენთან საუბარში ბოლნისის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის უფროსი კონსტანტინე კორძაძე.
ბოლნისის მუნიციპალიტეტში შემავალი 12 საბავშვო ბაღიდან 2 ბაღს გასულ წელს ჩაუტარდა კაპიტალური სარემონტო სამუშაოები, დარჩენილი 10 ბაღიდან მიმდინარე წელს ოთხს ჩაუტარდება აღნიშნული სამუშაოები.
სკოლამდელი აღზრდის და მეთოდური კოორდინაციის დაწესებულების ხელმძღვანელის თქმით, ბაღებში ძალიან მძიმე ინფრასტრუქტურული მდგომარეობაა, მისთვის რთული გადასაწყვეტი იყო ამ ეტაპზე უპირატესობა რომელი ბაღისთვის მიენიჭებინა, ვინაიდან პრიორიტეტად აღსაზრდელთა კონტიგენტი და ინფრასტრუქტურული მდგომარეობა მიიჩნეოდა. #1 ბაღიც კონტიგენტის სიმრავლისა და არასახარბიელო ინფრასტრუქტურის გამო შეირჩა. „ქვეშის საბავშვო ბაღთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები არ არსებობდა, იქ ძალიან სავალალო მდგომარეობაა, რაც შეეხება დაბა თამარისს, მართალია შენობა კაპიტალურია, მაგრამ იატაკი და დანარჩენი შიდა და გარე ინფრასტრუქტურა მძიმე მდგომარეობაშია. #6 საბავშვო ბაღის შენობა კი გათვლილი იყო 3 ჯგუფზე, ვინაიდან 2013 წლიდან ბაღები უფასო გახდა და მსურველთა რაოდენობამაც იმატა, იძულებულები გავხდით დარბაზის ხარჯზე დამატებითი ჯგუფი გაგვეხსნა. აქაც მიზეზად კონტიგენტის სიმრავლე სახელდება. ჩვენი ბავშვები ნამდვილად არ უნდა იყვნენ მსგავს გარემოში“, – აცხადებს ჩვენთან საუბარში ლელა გოგმაჩაძე.
დღესდღეობით სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში არასახარბიელო მდგომარეობაა, აღსაზრდელები ჯერ კიდევ შეშის ღუმელებთან თბებიან, მუდმივი წყლის არარსებობის გამო ჰიგიენური ნორმების დაცვაც სრულყოფილად ვერ ხორციელდება. როგორც #1 საბავშვო ბაღის მასწავლებელი ამბობს დილა ღუმელის დანთებით იწყება, რაც აღსაზრდელთა მიღების დროს გარკვეულ უხერხულობას უქმნის.
„დილით მოსვლისთანავე ვანთებთ ღუმელს, რათა პატარებს თბილი გარემო დავახვედროთ. ხშირად მშობლებს მურიანი ხელებით შევხვედრივართ. პატარებს ხელის დასაბანად წყალს ღუმელზე ვუთბობთ. მუდმივი წყალი და ცენტრალური გათბობა _ ეს ორი ძირითადი პრობლემაა, რომელიც აუცილებლად უნდა მოგვარდეს“.
ანალოგიურ პრობლემებს ასახელებენ სხვადასხვა ბაღის მასწავლებლებიც. ამ ძირითად აუცილებლობებს, აღსაზრდელთა მშობლებიც იზიარებენ და ინვენტარის გადახალისებაზეც საუბრობენ.
„ცენტრალური გათბობა და ინვენტარი, სველი წერტილები, ჭურჭელი და ის, რაც ბავშვის ჰიგიენას ეხება, ძალიან მნიშვნელოვანია და მოხარულები ვიქნებით თუ მოგვარდება“, – აცხადებს ერთ-ერთი მშობელი მარინა რეხვიაშვილი.
გავარვარებული შეშის ღუმელის საშიშროებაზე საუბრობს ქეთი შერაზადიშვილი და ამბობს, რომ ეს პრობლემა პირველ რიგში უნდა მოგვარდეს.
არაერთ მშობელს გავესაუბრეთ, თითოეული მათგანისთვის მუდმივი წყალი, ცენტრალური გათბობა და ბაღისთვის ახალი ინვენტარი მთავარ პრიორიტეტად რჩება.
სოფელ ქვეშის საბავშვო ბაღს შენობის ინფრასტრუქტურული პრობლემები რომ საკმაოდ მწვავედ უდგას, ეს ერთი შეხედვითაც კარგად ჩანს. ერთსართულიან, 500 კვადრატულ მეტრზე აშენებულ კორპუსის ნახევარს სახურავი და კარ-ფანჯარა თითქმის არ აქვს, რაც შეეხება მეორე ნახევარს, აქაც სავალალო მდგომარეობაა, კედლებს ბზარი სარტყელივით აქვს შემოვლებული, იატაკი უსწორმასწორო და დაზიანებულია, ჭერზე წვიმის კვალი კარგად ჩანს. იქ მომუშავე პერსონალი ამბობს, რომ როგორც გარეთ, შიგნითაც ისე წვიმს, გაუმართავია შიდა წყალსადენი და კანალიზაციის სისტემები, ელექტროგაყვანილობა და ჯგუფების გათბობა აქაც შეშის ღუმელით ხდება.
შენობის ნახევარს 10 წლის წინ კოსმეტიკური რემონტი ჩაუტარდა. ბოლო პერიოდში სამზარეულოში წყალი გაკეთდა, თუმცა ეს არაფერს ცვლის. ბაღის მასწავლებელი ხათუნა ბაიდარაშვილი გვიყვება, რომ მხოლოდ 2 ოთახი, შესაბამისად ერთი ჯგუფი ფუნქციონირებს, სადაც ყველა ასაკის 30 ბავშვი დადის. შუადღით არასრული ინვენტარის გამო, მხოლოდ 25 აღსაზრდელს აძინებენ, ბაღის ზეიმებიც ამ ოთახში ტარდება.
„ბაღში დღესდღეობით მხოლოდ ერთი ჯგუფი ფუნქციონირებს, ფართი არ იძლევა იმის საშუალებას, რომ კონტიგენტი გავზარდოთ. კაპიტალური რემონტის შემდეგ კი შევძლებთ გავზარდოთ აღსაზრდელთა რაოდენობა და სრულფასოვნად მოვემსახუროთ“, – აცხადებს ბაღის მენეჯერი ვალენტინა ურუმაშვილი და მადლობას უხდის ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელს გოგი მეშველიანს.
„წელს დაგეგმილია 4 საბავშვო ბაღის კაპიტალური რეაბილიტაცია, მათ შორის პირველ რიგში ქვეშის საბავშვო ბაღის. თქვენ ნახეთ, რომ ყველაზე ავარიულ მდგომარეობაში ის გახლავთ. საკმაოდ სოლიდური ბზარებია კედლებზე. როგორც კი სატენდერო ღონისძიებები დასრულდება, დაუყოვნებლივ დავიწყებთ სარეაბილიტაციო სამუშაოებს. ახალი სასწავლო წლიდან ჩვენ ბავშვებს საშუალება ექნებათ კეთილმოწყობილ ბაღში იარონ“, – აცხადებს ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოგი მეშველიანი.
სახურავის და კარ-ფანჯრების რეაბილიტაცია, შენობის შიდა და გარე მოპირკეთება, ცენტრალური გათბობის მონტაჟი, ელექტრო გაყვანილობა, შიდა წყალსადენი, კანალიზაცია _ ეს იმ სამუშაოების ჩამონათვალია, რომელიც ბოლნისის #1, #6 სოფელ ქვეშისა და დაბა თამარისის საბავშვო ბაღებში განხორციელდება.
სამუშაოები სატენდერო ღონისძიებების დასრულებისთანავე დაიწყება. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში სწავლა სავარაუდოდ მაისის ბოლოს შეწყდება და ახალი სასწავლო 2015/2016 წელი ამჯერად არა სექტემბრის, არამედ ოქტომბრის თვიდან განახლდება. აღსაზრდელები თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილ ბაღებში ისწავლიან. რაც შეეხება დანარჩენ 6 საბავშვო ბაღს, ეტაპობრივად თითოეულ მათგანშიც განხორციელდება მსგავსი სახის სარემონტო სამუშაოები.

გაზეთი „ბოლნისი” 

16 თებერვალი

Share.

Leave A Reply