ბოლნისის ეპარქია მეუფის ანგელოზის დღეს აღნიშნავს

0

get_imgბოლნელი მთავარეპისკოპოსის მეუფე ეფრემის ანგელოზის დღესთან დაკავშირებით, დღეს სიონის საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვა-ლოცვა აღევლინა. ტაძარი მრევლის სიმრავლით გამოირჩეოდა. მეუფეს ანგელოზის ხსენების დღე მარნეულისა და ხუჯაბის, ხაშურისა და სურამის ეპარქიის ეპისკოპოსებმა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, სხვადასხვა ეპარქიებიდან მოსულმა სტუმრებმა, ბოლნისის ტაძრების მოძღვრებმა და მრევლმა მიულოცეს. მეუფემ მრევლი დალოცა და ეფრემ ასურის ხსენების დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
მეუფე ეფრემი, ბოლნელი მთავარეპისკოპოსი:
_ მინდა მთელს საქართველოს მივულოცო ამ დიდი წმინდანის ხსენების დღე. ეფრემ ასური არის სინანულის დიდი მოძღვარი, ადამიანს რომელი წმინდანის სახელიც ჰქვია ქრისტიანულად, სწორედ ის არის მისი მფარველი, ღვთის განგებით ჩემთვის დიდი პატივი არის, რომ ამ წმინდანის სახელს ვატარებ. ეს დღე ჩემი მფარველის ხსენების დღეა, უფალს შევთხოვ შემწეობას, ღმერთმა მოგვანიჭოს დიდი სინანული და სიმდაბლე ისეთი, როგორიც გააჩნდა ეფრემ ასურს. ამ სინანულით ღმერთმა განწმინდოს და გააერთიანოს სრულიად საქართველო.
მეუფე გიორგი, მარნეულისა და ხუჯაბის ეპარქია:
_ უპირველეს ყოვლისა ყველას მოგილოცავთ დღევანდელ დღეს. დღეს არის ერთ-ერთი ღირსი და წმინდა მამის ხსენება, რომელიც არის სინანულის მამად წოდებული. ჩამოვედით წმინდა სინოდის მღვდელმთავრები, რათა მივულოცოთ მის მაღალუსამღვდელოესობას, ჩვენს საყვარელ მეუფე ეფრემს ანგელოზის დღე. ვუსურვებ დიდხანს სიცოცხლეს, მართლაც ბედნიერია სამწყსო, რომლის მწყემსიც ბრძანდება მეუფე ეფრემი. დაე ინებოს უფალმა, რომ წმინდა მამის მეოხებით, ქართველ ერს გამოეღოს ნაყოფი სინანულისა და თითოეული ადამიანის სულში დაიმკვიდროს განცდა თვისთა ცოდვათა, რამეთუ ცოდვათა შენანება მოასწავებს უფალთან დაბრუნებას, სწორედ აქედან უნდა დაიწყოს ჩვენი ერის ხსნა, გადარჩენა და გამთლიანება.
გოგი მეშველიანი, ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელი:
_ განსაკუთრებული დღეა ბოლნისში, რადგან აღვნიშნავთ ჩვენი მეუფის ანგელოზის დღეს. მინდა ვუსურვო ჯანმრთელობა და მხნეობა, მისი მადლიანი ლოცვა არ მოჰკლებოდეს ბოლნისს და სრულიად საქართველოს.
არმაზ ახვლედიანი, საქართველოს პარლამენტის წევრი:
_ მეუფე ეფრემი ბედნიერი ადამიანია არა მხოლოდ იმიტომ, რომ ასეთი დიდი წმინდანის სახელი ჰქვია, არამედ იმიტომ, რომ ღვთის მადლით და ეფრემ ასურის შეწევნით, ამ სახელის ღირსეული მატარებელია. ეს მადლი ღვთისწყალობითვე გადადის იმ ადამიანებზე, რომლებიც მეუფის გვერდით ამდენი წლის განმავლობაში არიან. ვულოცავ ჩვენს გამორჩეულ სათნო მეუფეს და მთელს ეპარქიას ეფრემ ასურის ხსენების დღეს.
ნინო დევნოზაშვილი, ბოლნისის ეპარქიის მრევლი:
_ ბოლნისს და სრულიად საქართველოს ვულოცავ ეფრემ ასურის ხსენების დღეს. დიდი დღესასწაულია ბოლნისში. მეუფეს დიდი სიყვარულით ვულოცავ ანგელოზის დღეს, ის ნამდვილად გამოირჩევა და ჰგავს თავისი ცხოვრებით უდიდეს მამას ეფრემ ასურს.
ღირსი ეფრემ ასური, სინანულის მოძღვარი, IV საუკუნის დასაწყისში დაიბადა ქალაქ ნიზიბიაში. მშობლები ღარიბი მიწათმოქმედები _ კეთილმსახურებით ზრდიდნენ შვილს, მაგრამ ეფრემი ფიცხი ბუნების გამო ხშირად ჩხუბობდა, ღვთის განგებულებაშიც კი ეჭვი ეპარებოდა. დაუდევარი ჭაბუკი თვით უფალმა გაწვრთნა: ერთხელ მას ცხვრების მოპარვა დასწამეს და საპყრობილეში გამოამწყვდიეს, სადაც ჩაესმა ხმა, რომელიც სინანულისა და გამოსწორებისკენ მოუწოდებდა. განთავისუფლების შემდეგ ეფრემი განეშორა ამ ქვეყანას და ნიზიბიის მთებში დაეყუდა.
363 წელს, როცა ნიზიბია სპარსელებმა დაიპყრეს, ეფრემმა დატოვა უდაბნო და ერთ-ერთ მონასტერში დაემკვიდრა ქალაქ ედესის მახლობლად. აქ მის გვერდით მოსაგრეობდნენ დიდი მამები, რომლებიც ლოცვასა და ფსალმუნთა გალობაში ატარებდნენ დროს.
მათი თავშესაფარი გამოქვაბული იყო, ერთადერთი საკვები კი მცენარეულობა. ასკეტურ ღვაწლს ღირსი მამა საღვთო წერილის დაუცხრომელ შესწავლას უთავსებდა. უფალმა იგი მოძღვრობის ნიჭით დააჯილდოვა: ყოველი მხრიდან მოისწრაფოდნენ მისკენ სულიერი რჩევა-დარიგების მსურველები. ეფრემის ქადაგებებს მსმენელებზე განსაკუთრებული ზემოქმედება ჰქონდა, რადგან ღირსი მამა დარიგებებს საკუთარი თავის მხილებით იწყებდა.
მას ეკუთვნის მრავალი ლოცვა და საგალობელი. განსაკუთრებით ცნობილია ლოცვები წმინდა სამების, ძე ღვთისას, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიმართ, საგალობლები ათორმეტი საუფლო დღესასწაულის განსადიდებლად. ეფრემ ასურის ლოცვა “უფალო და მეუფეო” დიდმარხვაში იკითხება და ქისტიანებს სულიერი განახლებისაკენ მოუწოდებს.
წმიდა მამას მღვდელმთავრობაც შესთავაზეს, მაგრამ მან, თავიდან რომ აეცდინა ეს მძიმე ჯვარი, სალოსობა დაიწყო. როცა ედესაში საშინელი შიმშილობა მძვინვარებდა, ეფრემმა თავისი შთამაგონებელი სიტყვით მდიდრები გლახაკების დასახმარებლად აღძრა. მორწმუნეთა შემოწირულობით მან დავრდომილთა თავშესაფარი ააგო, შემდეგ კი ედესის მახლობლად, გამოქვაბულში განმარტოვდა და იქ მოღვაწეობდა აღსასრულამდე.


Share.

Leave A Reply