ყოფილი კოლეჯის შენობა ბოლნისის ეპარქიას გადაეცა

0

kolejiსაკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ყოფილი კოლეჯის შენობა ეპარქიას გადაეცა. შენობაში, სადაც წლებია წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სასულიერო გიმნაზიაა განთავსებული, ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე იყო, რაც გარკვეული პრობლემების წინაშე აყენებდა სკოლის არსებობას.

„ყოფილი კოლეჯის შენობა, სადაც სასულიერო გიმნაზია ფუნქციონირებს, არ იყო მათ ბალანსზე, ეს გარკვეულ პრობლემებს ქმნიდა. ქონების მართვის სააგენტომ  დამატებითი ქონების სახით გადმოგვცა კოლეჯის შენობის ბაზაზე არსებული უძრავი და მოძრავი ქონება. სხდომაზე წარმოვადგინეთ მუნიციპალიტეტის განკარგულების პროექტი, რასაც საკრებულოს თანხმობა სჭირდებოდა“. – აღნიშნა მუნიციპალური ქონების აღრიცხვისა და მართვის განყოფილების უფროსმა ლევან მდივანმა.

პეტრე იბერის ქუჩაზე მდებარე კოლეჯის შენობაში 2011 წლიდან ფუნქციონირებს წმ. იოანე ბოლნელის სახელობის სასულიერო გიმნაზია. შენობა ავარიულია, იმისთვის რომ უკეთესი გარემო შეუქმნან მოსწავლეებს, სკოლის კოლექტივმა არაერთხელ სცადა პირობების გაუმჯობესება.

„კერძო სკოლამ რომ მიიღოს მოსწავლეები და კანონიერად ჰქონდეს არსებობის უფლება,  უნდა გაიაროს ავტორიზაცია, რისი უპირობო მოთხოვნა არის შენობის საკუთრებაში არსებობა, რაც არ გვქონდა აქამდე. მუდმივად საფრთხის ქვეშ ვიყავით, გვეშინოდა იმისაც, რომ ერთ დღეს შენობის დაცლას მოგვთხოვდნენ. როგორც იქნა მოხერხდა შენობის გადმოცემა, მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც ამას მხარი დაუჭირა“. – აღნიშნა იოანე ბოლნელის სახელობის ბოლნისის სასულიერო გიმნაზიის დირექტორის მოადგილემ ნინო დევნოზაშვილმა.


Share.

Comments are closed.