როგორ ხვდებოდნენ წლების წინ სვანეთში ახალ წელს, რა შემატეს ბოლნისში ჩამოსვლის შემდეგ საახალწლო სუფრას ილია ხაჭვანისა და ნესტან ონიანის ოჯახში

0

10904262_712824615498950_2091963523_nროგორ ხვდებოდნენ წლების წინ სვანეთში ახალ წელს, რა შემატეს ბოლნისში ჩამოსვლის შემდეგ საახალწლო სუფრას და რა ტრადიციებს აგრძელებენ დღესაც ილია ხაჭვანისა და ნესტან ონიანის ოჯახში აღნიშნულთან დაკავშირებით სვანური ოჯახის დიასახლისი გვესაუბრება.

სვანეთში, ისევე როგორ საქართველოს ყველა კუთხეში, აუცილებელი საახალწლო ატრიბუტია ნაძვის ხე. დიდი სიხარულით ველოდით ამ დღის დადგომას ბავშვები. ახალი წლის ღამეს აუცილებლად ვშლიდით სუფრას, რომელიც გაწყობილი უნდა ყოფილიყო ძირითადად ხორციანი კერძებით, ტკბილეულით, გოზინაყით, ჩურჩხელებით და ფელამუშით.  წინა დღით აუცილებლად იკვლებოდა საკლავი, ღორის თავს ყოველთვის ინახავდნენ და მოხარშული მიჰქონდათ სუფრაზე ძველით ახალ წელს, რომელსაც კალანდას ეძახდნენ. ასევე საახალწლო სუფრისთვის განსაკუთრებით მზადდებოდა კუბდაარი, ხაჭაპური, მოხარშული ხორცი, ღომი და სულგუნი. ახალ წელს ოჯახის ყველა წევრი ერთად ვხვდებოდით.

22 წელია მე და ჩემი მეუღლე ბოლნისში ვცხოვრობთ და ამ ხნის განმავლობაში ბევრი ახალი ვისწავლეთ, თუმცა არც ძველი დაგვიკარგავს. ახალ წელს ტრადიციულად ოჯახის ყველა წევრი ერთად უნდა შევხვდეთ, ეს არის ურყევი ტრადიცია ჩვენთვის. იმედი მაქვს, რომ წელსაც არაფერი შეგვიშლის ხელს.  ძველებურად ვამზადებ ყველა ტრადიციულ კერძს, რომელსაც შევმატე ტოლმა, მწვადი, საცივი, სალათებისა და ტკბილეულის ნაირსახეობა და ა.შ.

– ოჯახში უმრავლესობა მამაკაცები გყავთ, ალბათ ძირითადად თქვენზე გადადის საახალწლო სამზადისი, თუ გეხმარებიან?

– არა, ხორცეულობას ყოველთვის ჩემი მეუღლე ამზადებს. სხვა საქმეები, გოზინაყი და ნაძვის ხე მთლიანად მე მრჩება. გოზინაყს ვამზადებ ყოველთვის მაშინ, როცა მარტო ვარ სახლში, რადგან ხელი არავინ შემიშალოს და საუკეთესო გოზინაყი გამომივიდეს. ნაძვის ხე კი ჩემთვის არის მთავარი ატრიბუტი საახალწლო განწყობის შესაქმნელად. ჩემს ოჯახში შვიდი დედმამიშვილი ვიყავით. აქიდან გამომდინარე ვერასდროს ვახერხებდი ბავშვობაში მიმეღო ის სიამოვნება, რაც არის დაკავშირებული ნაძვის ხის მორთვასთან, მაგრამ ახლა მთლიანად მე მაბარია ეს საქმე.

– მეკვლე თუ გყავთ?

– რა თქმა უნდა. ყოველთვის მეზობლის ბავშვი იყო ჩვენი მეკვლე, ის უკვე სტუდენტია და ახლა ჩემი პატარა დის შვილი მყავს მეკვლედ. ჩემი ბიჭებიც არიან ჩემს დებთან მეკვლეები.

– თუ გწამთ მეკვლის ინსტიტუტი?

– ოდითგან სწამდა ხალხს მეკვლის, თვალის, ფეხის, განწყობის და სადღაც მართალიც არის. მეკვლე რომ შემოდის და გლოცავს, ასე მგონია მისი ტკბილი სიტყვა გაძლევს დადებით ენერგიას. ასე რომ, ჩემი აზრით დალოცვას დიდი ძალა აქვს. აქედან გამომდინარე მეკვლის სიტყვას აქვს დიდი ძალა, და არა თავად მეკვლეს.

– როგორ შეაფასებთ განვლილ წელს და რას ელით ახალი 2015 წლისგან?

–გასული წელი იყო შედეგიანი იმ მხრივ, რომ მეც და ჩემმა ვაჟმაც წარმატებით ჩავაბარეთ გამოცდები. მშვიდობიანი იყო, რადგან არ მომხდარა რაიმე განსაკუთრებული, რაც ცუდად აისახებოდა ჩვენზე. მთავარია, რომ ოჯახის ყველა წევრი ვართ ჯანმრთელად. მომავალი წლისგანაც იგივეს მოველი. იმედი მაქვს, რომ შინ და გარეთ იქნება მშვიდობა. უფლის წყალობით შევინარჩუნებთ ჯანმრთელობას, ქვეყანაში გამოსწორდება ეკონომიკური მდგომარეობა, ძალიან მაშინებს მერყევი ეკონომიკა, რადგან მერყევი ფასები ყოველთვის აისახება თითოეულ ოჯახზე. მინდა მქონდეს იმის საშუალება, რომ ფინანსურად  ხელი შევუწყო ჩემს სამ სტუდენტს, რათა მშვიდად დაამთავრონ უნივერსიტეტი და მიიღონ პროფესია. მინდა რომ არცერთ ქართველს არ უწევდეს საკუთარი შვილების სარჩენად საზღვარგარეთ წასვლა.

– ნესტან მასწავლებელო, ცოტა რამ თქვენს ოჯახზეც მოგვიყევით. როგორც ვიცი სამივე ვაჟმა წარმატებით დაამთავრა სკოლა და არიან სტუდენტები.

– ჩემს ოჯახზე დაუსრულებლად შემიძლია საუბარი. ყველაზე დიდი ბედნიერება ჩემს ცხოვრებაში ჩემი ოჯახია. მყავს შესანიშნავი მეუღლე, ილია ხაჭვანი განათლებული, მეგობრული, ერთგული ადამიანი. დასაქმებულია საჯარო სამსახურში, სარგებლობს დიდი პატივისცემით და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ვერ ნახავთ ადამიანს, რომელიც მასზე იქნება ნაწყენი. მყავს სამი ვაჟი: ბაქარი, ერასტი და ამირანი. სამივემ ოქროს მედალზე დაამთავრეს №1 საჯარო სკოლა და დღეს არიან წარჩინებული სტუდენტები.  შვილების სამი ოქროს მედალი, ეს არის ჩემთვის ყველაზე დიდი  სიამაყე. ამიტომ ვთვლი, რომ ვარ წარმატებული ადამიანი, რათა შევძელი შემექმნა ასეთი ოჯახი და ვარ ბედნიერი, ამაყი და წარმატებული დედა, რომ აღვზარდე კარგი შვილები. მასწავლებელი ქალი ვარ და სხვისთვის რა უნდა მესწავლებინა, თუ ჩემს შვილებს ვერ აღვზრდიდი.

– რას ნიშნავს თქვენთვის იყოთ პედაგოგი?

– ეს არის დიდი პასუხისმგებლობა. ახალგაზრდობაში შეიძლება მეფიქრა სხვა პროფესიაზე, მაგრამ დღეს ვერ წარმომიდგენია ჩემი თავი სხვა სფეროში. ამბობენ რომ ვარ მკაცრი, მაგრამ თუ მკაცრი ვარ, მხოლოდ იმიტომ რომ მინდა მოსწავლემ ისწავლის და მომავალში იყოს ბედნიერი, მაგრამ სიმკაცრესთან ერთად ვცდილობ ყოველთვის ვიყო ობიექტური და სამართლიანი მოსწავლის მიმართ. მასწავლებლობა ჩემი განუყოფელი ნაწილია და ვთვლი, რომ ყველამ უნდა აკეთოს მისთვის საყვარელი საქმე.

– როგორც ვიცი წარმატებით გაიარეთ  გამოცდები.

– ოცი წელია ვმუშაობ რიგით მასწავლებლად და პრეტენზია არც  მქონია, რადგან მე ვზრდიდი სამ შვილს და ჩემთვის მთავარი იყო  მათი სწორად აღზრდა. ახლა როდესაც სამივე სტუდენტია და ასე ვთქვათ, დავაფრთიანე ისინი, მეც შევეცადე მომეხდინა ჩემი შესაძლებლობების რეალიზაცია, გავიარე გამოცდები და დღეს ვარ სერთიფიცირებული დირექტორი, წარდგენილი ვარ ერთ-ერთ აზერბაიჯანულ სკოლაში დირექტორის კანდიდატად და ველოდები მინისტრის ბრძანებას.

– ჩვენი გაზეთის საშუალებით ვის მიულოცავთ შობა-ახალ წელს?

– პირველ რიგში ყველა ქართველს, განსაკუთრებით კი ბოლნისს და ბოლნისელებს ვულოცავ შობა-ახალ წელს. ამ პატარა ქალაქმა მიიღო და გულში ჩაიკრა ჩემი ოჯახი. როდესაც სვანეთიდან ჩვენი ჩამოსახლება მოხდა, ძალიან მეშინოდა ამ უცხო მხარეში მარტო ცხოვრების გაგრძელების, მაგრამ ნამდვილად არ გამიჭირდა და ეს ბოლნისელების, მეგობრების დამსახურებაა.

არავინ მიწყინოს, მაგრამ ჩემს ქართულ მიწაზე, ქართულ ფესვებზე, პირველ რიგში ქართველები მინდა დავლოცო და მერე ყველა სხვა. ვისურვებდი, რომ მხოლოდ სიკეთისკენ და კარგისკენ ყოფილიყოს 2015 წელი მიმართული. გილოცავთ თქვენ და გისურვებთ წარმატებებს. ძალიან გამიხარდა რომ გაგახსენდათ ჩემი ოჯახი, რადგან მინდა თქვენი საშუალებით ყველას გავუზიარო ჩემი სიხარული.  ყველა დედა იყოს ისეთი გახარებული შვილების წარმატებით, როგორც მე ვარ დღეს.

– დიდი მადლობა. და ბოლოს გვასწავლეთ ტრადიციული სვანური კუბდაარის მომზადება.

–კუბდაარის ჩემეული რეცეპტი ასეთია: წვრილად ვჭრი ხორცს, ხორცი აუცილებლად უნდა იყოს ცხიმიანი, ვაგემებ წვრილად დაჭრილი ხახვით, ნივრით, ვამატებ ძირას, უცხო სუნელს, ხმელ ქინძს, მწარე წიწაკას,  გემოვნებისთვის ქვ.სვანეთში ამატებდნენ კოწახურს, თუმცა მე კოწახურის გარეშე ვამზადებ. ძალიან გემრიელი ცხვება ამ რეცეპტით. ერთი საიდუმლო უნდა გითხრათ, ფარში რომ ძალიან არ გამოშრეს და  სისველე შეინარჩუნოს ცოტა ზეთი უნდა დაუმატოთ. ცომი კი ჩვეულებრივ სალავაშე ცომზე ცოტა მკვრივი უნდა იყოს  და ვაცხობ ორივე მხრიდან აუცილებლად სვანურ ღუმელში.

ნინო კარგარეთელი

Share.

Leave A Reply