როგორ ხვდებოდნენ ახალ წელს ეკატერინენფელდში მცხოვრები გერმანელები

0

10884604_712824482165630_1958303443_nგანსხვავებული ტრადიციებით აღნიშნავდნენ შობა-ახალ წელს ყოფილ ეკატერინენფელდში მცხოვრები გერმანული ოჯახები. მათ შესახებ ნათელა გრიგოლია გვიამბობს, რომელიც მრავალი წლის მანძილზე მათთან ერთად, მათივე ტრადიციებით ცხოვრობდა.

– მოგეხსენებათ, ჩვენ ვცხოვრობთ დალოცვილ მიწაზე, რომელიც შეიყვარეს გერმანელებმა, ისინი ბოლნისში, მაშინდელ ეკატერინენფელდში 1815-1819 წლებში ჩამოასახლეს სამხრეთ გერმანიიდან. ამჟამად სადაც  ვცხოვრობ, მაშინ გერმანიის კოლონია ყოფილა. თაობა, რომელიც მათ მოესწრო ყველა აღფრთოვანებული იყო მათი შრომისმოყვარეობით. ეს პატარა ქალაქი ულამაზეს წალკოტად აქციეს. შრომასთან ერთად  გართობაც კარგი იცოდნენ, უფროსები შაბათ-კვირას ტაძარში ატარებდნენ, ახალგაზრდები კულტურისა და დასვენების პარკში ერთობოდნენ, სადაც ორკესტრი უკრავდა. დღესასწაულებიდან კი დიდი ზეიმით აღნიშნავდნენ შობას და აღდგომას.

შობისთვის ნაძვის ხეს ფერადი ნაჭრებით რთავდნენ, მის ქვეშ კი წითელი ფერის კონუსის ფორმის ყუთებში ჩაწყობილ საჩუქრებს, ნამცხვრებს და ტკბილეულს ალაგებდნენ. გოგრაზე  პატარა სარკმლებს ამოჭრიდნენ, შიგნით ჩადებდნენ ანთებულ სანთელს და ამ გოგრებით ხელში შობის ღამეს ქუჩებში დადიოდნენ და გალობდნენ, რისი საშუალებითაც შობის დადგომას ამცნობდნენ ხალხს. დილით კი წინსაფრებში გამოწყობილი ქალები ტკბილეულით სავსე კალათებით ხელში ქუჩაში გამვლელ-გამომვლელს უმასპინძლდებოდნენ და ულოცავდნენ შობას. სადღესასწაულო ზეიმი მთელი კვირა გრძელდებოდა. მზადდებოდა ტრადიციული კერძები და ნამცხვრები. შობისთვის აუცილებლად კლავდნენ ღორებს და ხორცით ამზადებდნენ სხვადასხვა სახის ძეხვეულს, „ვიჩინას“, ხალადეცს. კლავდნენ ბატს, რომელსაც ამზადებდნენ სპეციალური შიგთავსით. ყურძნის წვენისგან ხარშავდნენ სქელ შარბათს, აცხობდნენ უგემრიელეს ნამცხვრებს: „ლექუხეს“, „ლიბეს ქუხეს“ და „ნესქუხეს“.
– თქვენ თუ აგრძელებთ ამ ტრადიციებს?

– სანამ დედა ცოცხალი იყო ტრადიციების დაცვით ვხვდებოდით ჩვენც შობა-ახალ წელს. დედაჩემის გერმანელი მეგობრები ერნა დეიდა, ალისე და ემა დეიდა იკრიბებოდნენ ჩვენთან და  ყველა ტრადიციული სიმღერა, ლექსი და გალობა სრულდებოდა სუფრასთან. დედა ყოველთვის ამზადებდა სუფრას გერმანული კერძებითა და ტკბილეულით. სანამ დედა ცოცხალი იყო, დიდი სიხარულით ვხვდებოდით და ვემზადებოდით შობისთვის, თუმცა მისი გარდაცვალების შემდეგ ჩემში იმხელა  სიცარიელე დარჩა, რომ ამ ყველაფრის ხალისი დავკარგე. მართალია დედა ქართველი იყო, თუმცა სულით, შრომისმოყვარეობით, ხასიათით, წესრიგით, გერმანელი იყო, რაც ძალიან მეამაყებოდა. ის ავსებდა მთელს ჩემს ცხოვრებას, რომელიც წარსულს ჩაბარდა.

– ხომ არ გვასწავლით რომელიმე გერმანული, ტრადიციული კერძის მომზადებას?

– გერმანელებს როგორც გითხარით ბევრი კარგი კერძი აქვთ, მაგრამ გამოვყოფ ერთ-ერთ ადვილად მოსამზადებელ უგემრიელეს კერძს, რომელსაც ჰქვია „პროდესი“. დაჭრილ ქათმის ხორცს ჩავყრით აუცილებლად თუჯის ქვაბში და ცხიმში შევწვავთ, დავამატებთ პილპილს, დაფნის ფოთოლს და კარგად რომ დაიბრაწება, დავასხამთ თეთრ ღვინოს ისე, რომ წვენი წარმოიქმნას და დავამატებთ გემოვნებით მარილს.

– ნათელა მასწავლებელო, მეკვლე თუ გყავდათ?

– კი, ჩვენი მეკვლე ყოველთვის მეზობლები, ან ჩემი კლასელები იყვნენ.

– თქვენ თუ მიდიოდით მეკვლედ?

– კი, ყოველთვის მეხვეწებოდა ემა დეიდა, ჩემთან მოდი მეკვლედო. 17 დეკემბერს იცოდნენ ბედობა და მეც მივდიოდი. ბავშვი ვიყავი და თავიდან მიკვირდა, რატომ უნდა მივსულიყავი აუცილებლად მე, მერე მითხრა, რომ კარგი ფეხი გაქვსო.

– გჯერათ მეკვლის და ბედობის?

– დიდი მნიშვნელობა აქვს ადამიანი როგორი გულით, როგორი განწყობით შემოვა ოჯახში. ეს საუკუნეების მანძილზე აქვს ხალხს გამოცდილი და სადღაც ალბათ მართალიც არის. თუმცა ყველა ადამიანი თვითონ ქმნის თავის ცხოვრებას, რა თქმა უნდა, უფლის ნებით.

– ვის მიულოცავთ შობა-ახალ წელს?

– ყველა ქართველს და საქართველოში მცხოვრებს ვულოცავ  შობა-ახალ წელს. მინდა ჩემი ქვეყანა წინსვლის ფერხულში ჩამდგარი ვნახო, ვინაიდან ჩვენ  ვართ ამ წალკოტის ბატონ-პატრონი. მოვეფეროთ, გავუფრთხილდეთ ერთმანეთს. ნუ ვიქნებით გულგრილნი ჩვენი ქვეყნის, მეგობრების, თანამოქალაქეების მიმართ. დავაფასოთ უფლის მიერ ბოძებული სიმდიდრე.

ნინო კარგარეთელი


Share.

Leave A Reply