როგორ ცხოვრობს ემიგრაციაში მყოფი მეგი მუშკუდიანი, რა ენატრება და ვინ უქსოვს წინდებს მის შვილებს

0

ქართველები საზღვარგარეთ

10954_919815578058937_3703867742922800524_n,,როგორც ლაზარე აღადგინა უფალმა, როცა უკვე აღარავის ჰქონდა იმედი, ისე აღადგენს საქართველოს და ყველა ემიგრანტს საქართველოში დააბრუნებს’’. ილია II

რაც დრო გადის, უფრო მეტი ქართველი ტოვებს თავის სამშობლოს და უცხო ქვეყანაში სტუმრადქცეული დღედაღამ შრომობს, რომ საქართველოში ოჯახი ლუკმის გარეშე არ დარჩეს. დიდია ტკივილი, რომელიც სამშობლოდან მიჰყვებათ, მაგრამ აჩერებთ იმედი იმისა, რომ ხვალ აუცილებლად დაბრუნდებიან. ეს ხვალ კი ზოგჯერ 10-15 წელი გრძელდება. ისე მარხავენ მშობლებს, ნათესავებს, რომ მათთვის სანთლის დანთებასაც ვერ ახერხებენ. უცხოეთი მათთვის „გასამოთხებულ ჯოჯოხეთად ქცეულა, ხოლო სამშობლო კი გაჯოჯოხეთებულ სამოთხედ“. ,,უცხო ქვეყანა ვერასდროს გახდება სამშობლო, რამდენი წელიც არ უნდა იცხოვრო, მაინც სტუმარი ხარ,  ველოდებით შესაბამის დროს, რომ დავბრუნდეთ და ჩვენს მიწაზე გავზარდოთ შვილები’’. – ამბობენ ემიგრანტები.

ვაგრძელებთ რუბრიკას ემიგრანტებზე და ერთ ბოლნისელს, მეგი მუშკუდიანს წარმოგიდგენთ, რომელიც არც ისე დიდი ხანია, რაც უცხოეთშია, მაგრამ მაინც ძალიან ენატრება საყვარელი სამშობლო, ბოლნისი და იმ დღეს ნატრობს, როცა საყვარელ ქუჩებს ესტუმრება.

– გამარჯობა მეგი, როგორ ხარ, რამდენი ხანია რაც საქართველოდან წახვედი და რომელ ქვეყანაში ცხოვრობ?

– მოგესალმებით ყველას, ჩემს საყვარელ საქართველოს, ბოლნისს და ბოლნისელებს. თითქმის წელიწადნახევარია რაც საქართველოდან წამოვედით მე და ჩემი პატარა ოჯახი. რა თქმა უნდა ძალიან ძნელია, როდესაც ტოვებ ყველაფერს, სრულიად უცხო ქვეყანაში მიდიხარ საცხოვრებლად და ყველაფერს თავიდან იწყებ, მაგრამ მე მინახავს ბევრი ემიგრანტი, რომელთაც მეუღლეები და შვილები ჰყავთ დატოვებული საქართველოში. ძალიან უჭირთ და მათ ფონზე, რა თქმა უნდა, ბევრად ბედნიერად ვგრძნობ თავს. ახლობლებს და მეგობრებსაც სოციალური ქსელების საშუალებებით ვეკონტაქტები და როგორც დედაჩემი იტყოდა, დაილოცოს ,,სკაიპის,“ მომგონი.

ჩვენ ვცხოვრობთ შვედეთში, პატარა ქალაქ სკელეფტეაში, რომელიც ძალიან მომწონს. ყველასათვის ცნობილია სკანდინავიური ქვეყნების ეკონომიკური სიძლიერის შესახებ და არ შეიძლება არ მოგწონდეს ქვეყანა, სადაც არ არსებობს მათხოვარი, სოციალურად დაუცველი და ზოგადად, გაჭირვებული ადამიანი, ამიტომ აქ ხალხიც ბევრად ბედნიერია, ვიდრე საქართველოში. კრიმინალიც ძალიან იშვიათია და იმასაც ძირითადად ჩამოსულები სჩადიან.

– ყველაზე მეტად რა მოგწონს შვედეთის?

10865735_885601878157140_4517128032485269701_o– ყველაზე მეტად რაც მომწონს ამ ქვეყანაში, ეს არის მისი კანონები, პირველ ადგილზე ბავშვები და მათი უფლებებია, მეორეზე ქალის, შემდეგ ცხოველების და ბოლოს კაცის. ცხოველების უფლებები რომ ასე დაცულია, ეს განსაკუთრებულად მომწონს, ჩემმა მეგობრებმა იციან, რომ ეს ჩემი ტკივილია. ბავშვობაში ასეთ ფაქტს შევესწარი: ბავშვებმა ძაღლი მიაბეს ხეზე, გადაასხეს ნავთი და ცოცხლად დაწვეს. ეს იყო საშინელება და დღემდე არ ამომდის თვალებიდან. აქ ეს კანონით ისჯება, რაც ძალიან მახარებს, ამ საშინელების გაკეთება, აზრადაც არავის მოუვა.

– როგორ ცხოვრობთ მანდ და რითი გეხმარებათ სახელმწიფო?10885496_880850951965566_867929858949256067_n

– ჯერჯერობით მთლიანად სახელმწიფოს კმაყოფაზე ვართ და ნამდვილად არ ვართ უკმაყოფილოები, რა თქმა უნდა მუშაობასაც ვაპირებთ და თუ ღმერთი ინებებს, თავსაც ამ გზით დავიმკვიდრებთ ქვეყანაში.

– როგორც ვიცი, მეორე შვილის დედა გახდი შვედეთში.

– კი ნამდვილად ასეა, ეს ყველაზე დიდი სიკეთე და წყალობაა უფლისაგან.

– არ გაგიჭირდა ახლობლებისაგან შორს შვილის გაჩენა?

– მართალია ჩვენი საყვარელი ადამიანებისგან შორს გაჩნდა და ბებიები, ბაბუები, ახლობლები სკაიპით და სურათებით ეფერებიან, მაგრამ შვედები საოცრად თბილი ხალხია, მაქსიმალურად ცდილობენ არ გვაგრძნობინონ, რომ ახლობლების გარეშე ვართ. ვერც კი წარმოვიდგენდი ვინმე ჩემი შვილის სანახავად მოვიდოდა. მეზობლის მოხუცი ბებიები წინდებსაც კი უქსოვენ ჩემს შვილებს. უცნობი თუ ნაცნობი აუცილებლად გესალმება, თურმე ჩემს მშობლიურ ლეჩხუმში ასე ყოფილა (როგორც მამა მიყვება) რაც მე პირადად, დიდ კულტურად მიმაჩნია.

– ესე იგი ლეჩხუმთანაც იპოვე მსგავსება, მისასალმებელია, ნამდვილად ასე შინაურად რომ გრძნობ თავს. ქართველები თუ ცხოვრობენ და თუ გაქვთ მათთან ურთიერთობა?

– ქართველები თითქმის არ ცხოვრობენ, რამოდენიმე ოჯახია ცოტა მოშორებით და რა თქმა უნდა ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს. ერთმანეთს გვერდში ვუდგავართ როგორც შეგვიძლია.

– რა გენატრება ქართული?

– ძალიან მენატრება ყველა და ყველაფერი. ვიღაცისთვის შეიძლება ძალიან ცოტაა ეს დრო, რაც მე ემიგრაციაში წამოვედი, მაგრამ ჩემთვის ძალიან ბევრია, მითუმეტეს როცა არ იცი, უკან როდის დაბრუნდები, თუმცა ყველაფერი ღვთის ნებაა. რაც შეეხება საჭმელებს, მე დიდი გურმანი გახლავართ, ასევე ჩემი მეუღლეც და, რა თქმა უნდა გვენატრება ქართული კერძები. აქ ყველაფრის გაკეთებას ვახერხებთ, მაგრამ ღერღილს და ჭადის ფქვილს ვერ მივაგენი. მენატრება ტყემალი, რომელიც ორსულობის დროს მელანდებოდა.

– როგორც საუბრიდან ჩანს, ძალიან მოგწონს შვედეთი, თუ გიფიქრია უკან დაბრუნებაზე?10898017_885613304822664_3003709752404673821_n

– რა თქმა უნდა მიფიქრია, რაც არ უნდა კარგი იყოს ქვეყანა, სადაც ვცხოვრობ, თავს ყოველთვის სტუმრად ჩავთვლი და ყოველთვის მომენატრება ჩემი საქართველო, ბოლნისი. ბოლნისი ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს, ეს არის ჩემი ოჯახი, ნათესავები, მეზობლები, მეგობრები, ჩემი ბავშვობა და ძალიან ბევრი ტკბილი მოგონება. სტუდენტობის დროს თბილისში ვცხოვრობდი, მთელი კვირა ველოდებოდი პარასკევის გათენებას, რომ შაბათ-კვირა ბოლნისში გამეტარებინა, რაზეც მეგობრები დღემდე ხალისობენ. ჩემი უდიდესი სურვილია, რომ დავბრუნდე უფრო ძლიერ საქართველოში, რადგან რაც არ უნდა უზრუნველყოფილი ცხოვრება მქონდეს, ვერ ვიქნები ბედნიერი, როცა მეცოდინება, რომ ჩემი ნათესავი ბინის ქირას ვერ იხდის და ჩემი მეზობელი წამალს ვერ ყიდულობს. ადამიანს სტუმრად ვერ ეპატიჟები რომ საჩუქარზე ფული არ დახარჯოს.  ღმერთმა ქნას, რომ ცოტათი მაინც წავიდეს წინ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა და აღარ არსებობდნენ გაჭირვებისგან გაბოროტებული ადამიანები. ყველა მინდა მოვიკითხო შორიდან და ბედნიერება და სულიერი სიმშვიდე ვუსურვო ადამიანებს.

მადლობა დიდი რომ გაგახსენდით და ჩემმა ცხოვრებამ დაგაინტერესათ, ყველა მენატრებით.

– მადლობა შენ მეგი, რომ დამთანხმდი ინტერვიუზე და შვედი ხალხის ცხოვრებაზე მოგვიყევი, მიხარია რომ ისეთ ქვეყანაში ხარ, სადაც სითბოსა და სიყვარულს არ გაკლებენ. უფალმა დაგლოცოს და მალე დაბრუნებოდი საკუთარ სამშობლოს.

დარეჯან ოქრუაშვილი


Share.

Leave A Reply