რა სერვისებს შესთავაზებს საზოგადოებრივი ცენტრი დაბა კაზრეთის მოსახლეობას

0

10896390_886030528124734_7101352567878911852_oიუსტიციის სამინისტროს ინიციატივით დაბა კაზრეთში საზოგადოებრივი ცენტრი აშენდება. შენობისთვის ტერიტორია უკვე შერჩეულია, რომელიც კაზრეთის პირველი მიკრორაიონის ცენტრში მდებარეობს და დაახლოებით 900 კვ მეტრ ფართობს მოიცავს.
დაბა კაზრეთის მაცხოვრებლებს საშუალება ექნებათ დაბიდან გაუსვლელად ისარგებლონ საჯარო და კერძო სექტორის ათეულობით სერვისით. დაბადების მოწმობის, პირადობის დამადასტურებელი საბუთის, ქონების რეგისტრაციისა და საბანკო მომსახურებით სარგებლობისთვის ადგილობრივ მცხოვრებთ მუნიციპალურ ცენტრში წასვლა აღარ მოუწევთ, რაც მათ თანხებისა და დროის დაზოგვის საშუალებას მისცემს. ამ ეტაპზე გარკვეულია, რომ დაბა საზრეთის საზოგადოებრივ ცენტრში განთავსდება ეროვნული არქივი, მაგთის ოფისი, ფეიბოქსი, ასევე სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, საჯარო რეესტრის, სოციალური მომსახურების სააგენტოს, სს ,,ლიბერთი ბანკი”-სა და შპს ,,მექანიზატორის” წარმომადგენლობა.
უახლესი ტექნიკით აღჭურვილ შენობაში კაზრეთის მცხოვრებთ ადგილობრივი კადრები მოემსახურებიან. საზოგადოებრივ ცენტრში იმუშავებს უფასო ინტერნეტიც.
„რამდენიმე თვეში დაბა კაზრეთში აშენდება იუსტიციის სახლი და მოსახლეობა ადგილზე საკმაოდ ბევრ სერვისს მიიღებს. ამავე ცენტრში განთავსდება გამგებლის წარმომადგენლის ოფისი. ვფიქრობ, იუსტიციის სამინისტროს ინიციატივა დაბის მოსახლეობისთვის ძალიან კარგი იქნება, დასაქმების პერსპექტივა ექნებათ ადგილობრივ კადრებს, რომლებსაც იუსტიციის სახლი დაატრენინგებს. სათანადოდ მომზადებული კადრები სრულფასოვან მომსახურებას გაუწევენ მოსახლეობას. იუსტიციის სახლის მშენებლობის პროექტი მთლიანად დაფინანსებულია სამინისტროს მიერ, გარე პერიმეტრის მოწყობას კი მუნიციპალიტეტი უზრუნველყოფს“, –აღნიშნა ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოგი მეშველიანმა.


Share.

Comments are closed.