რას ფიქრობენ ბოლნისელები გარემოს დაბინძურებასთან დაკავშირებულ ჯარიმებზე

0

dsc_03422015 წლის 15 იანვრიდან გარემოს დაბინძურებისთვის კანონით გათვალისწინებული ჯარიმები ამოქმედდება, ნაგვის გადაყრა,  ფულის გადაყრის ტოლფასი იქნება.

ახალი კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსის“ აღსრულება კომპეტენციის ფაგრლებში, შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებსა და გარემოს დაცვის სამინისტროს შესაბამის სამსახურს ევალება.

აღნიშნული კანონპროექტის ამოქმედებასთან დაკავშირებით, გავესაუბრეთ ბოლნისის მოსახლეობას.

მარიკა ლომსიანიძე:

– მივესალმები ამ კანონის ამოქმედებას, ქუჩებში დგას ურნები და ვალდებულები ვართ იქ ჩავყაროთ ნაგავი, ხშირად ჩემს თვალწინ მომხდარა ქუჩის დაბინძურება, რაც დამეთანხმებით,  უსიამოვნო ფაქტია.

მზია ახვლედიანი:

– კარგი პროექტია, ყველამ შეიგნოს, რომ არ უნდა დაყაროს ნაგავი ძირს. ასეთ ადამიანებს საჯარიმო სანქციები შეაჩერებს.

გულო მდივანი:

– მთელი მდელოები მოფენილია ცელოფნებით და სხვადასხვა ნარჩენებით, დროულია და ძალიან გამიხარდა.

ცირა მღვდელაძე:

– წლების განმავლობაში გარემოს დამცველები სხვადასხვა ღონისძიებებით ცდილობდნენ, რომ მოსახლეობამდე მიეტანათ ინფორმაცია, თუ  როგორ ბინძურდება გარემო თითოეული ჩვენგანის მიერ თუნდაც ერთი პატარა ქაღალდის ნაგლეჯით, მოხარული ვარ ამ კანონის ამოქმედებით და იმედს ვიტოვებ, რომ მოსახლეობა გაგებით მოეკიდება ამ ცვლილებას.

მზია ბაღაშვილი:

– ვეთანხმები , იქნებ ამით მაინც მიხვდნენ მოქალაქეები, რომ არ შეიძლება გარემოს დაბინძურება, ეს არის ელემენტარული წესი, რომელიც ყველამ უნდა დავიცვათ, რა თქმა უნდა ეს კანონის გარეშეც შეიძლებოდა.

მზია გრძელიშვილი:

– ძალიან კარგი იქნება თუ ქართველი კაცი მიეჩვევა რომ სიგარეტის ნამწვი იქნება,  გაზეთის ნაგლეჯი , თუნუქის ქილა თუ ჩეკის პატარა ფურცელი არ გადააგდოს და არ დააბინძუროს გარემო. ძალიან კარია, მაგრამ  საჯარიმო სანქციის თანხის ოდენობაა მაღალი, ეს ჩემი სუბიექტური აზრია.

თამარ მაღრაძე:

– ქუჩა არ უნდა ბინძურდებოდეს, სისუფთავე უნდა დაიცვას ყოველმა მოქალაქემ, დიდმა თუ პატარამ.

ნათელა ჯაფარიძე:

– საჯარიმო სანქცია საჭიროა, მაგრამ თანხის ოდენობა არ უნდა იყოს მაღალი.

ლილი ხლუდოვა:

– დაბინძურებულია ქალაქი, არადა მე მახსოვს ძალიან სუფთა, ამ კანონის ამოქმედების მიზანი მინდა რომ პირველ რიგში ახალგაზრდა თაობამ  გაიაზროს და ბოლნისი იყოს სისუფთავეში პირველ ადგილზე ქალაქებს შორის.

ლია მეფარიშვილი:

– მოხარული ვარ ამ კანონის ამოქმედებით, ჩამოსულ სტუმართან ერთად ქალაქში გავლისას შევსწრებივართ მოქალაქეების მიერ ნარჩენების ძირს დაყრის ფაქტს, იმედია მსგავსი შემთხვევები  შემცირდება და  სულ ცოტა ხანში საერთოდ აღარ იქნება.

ნინო ბახტაძე:

– მსგავსი საჯარიმო სანქციების ამოქმედება ქართველებს კულტურასაც გვასწავლის,იმას თუ ეშველება, რომ ხევები და ქუჩები დაბინძურებული აღარ იქნება, ნამდვილად მოხარული ვიქნები,  გავეცანი საჯარიმო თანხის ოდენობას და ვფიქრობ, რომ მისაღებია, რაც დიდია ჯარიმა მეტად დავიცავთ.

ნინო გაბიძაშვილი:

– ძალიან მომწონს ეს კანონი, მაგრამ ისიც უნდა გაითვალისწინონ, რომ ქალაქში ნაგვის ურნები არ არის საკმარისი რაოდენობის.

მადონა ჭელიძე:

– სისუფთავე უპირველეს ყოვლისა. თუ სისუფთავე არ იქნება ჯანმრთელობაც არ იქნება.

პაატა აბულაძე:

– მე, როგორც მოქალაქე მივესალმები აღნიშნულ კანონს, რა თქმა უნდა არ არის მიზანშეწონილი  ქუჩების დაბინძურება, თავმოყვარეობის და პატრიოტიზმის ამბავია,მიმაჩნია რომ სწორი გადაწყვეტილებაა, დანაგვიანებაზე უნდა იყოს შესაბამისი სანქციები.

ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში მოხდება იძულებითი აღსრულება. კანონდარღვევაზე კონტროლს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამისი სამსახურები განახორციელებენ.


Share.

Comments are closed.