რამდენიმე თვით ბოლნისი ხელოვნების ქალაქად გადაიქცევა

0

1782115_831401700245885_7642559505531582672_nთებერვლიდან ბოლნისის ქუჩებში, სკვერებსა და სხვადასხვა დახურულ სივრცეში, თანამედროვე და ტრადიციული ხელოვნების ნიმუშები გამოიფინება. მოეწყობა ქუჩის პროექციები, ისტორიული ქრონიკები, გაიმართება კინოჩვენებები, გერმანელების დროინდელი კატერინენფელდის, საბჭოთა კავშირის ლუქსემბურგისა და ბოლნისური ფოტოქრონიკების ჩვენება. ქუჩებში გამოიფინება ეროვნული არქივის, კინემატოგრაფიის, ბიბლიოთეკის მასალების ფოტოები. ბოლნისი ხელოვნების ქალაქად იქცევა.

დაგეგმილ ღონისძიებებზე პროექტის ავტორს თორნიკე ადამაშვილს ვესაუბრეთ.

– რაში მდგომარეობს პროექტის არსი?

–ვფიქრობ, ახალი პროექტი, რომელსაც თებერვლიდან ვიწყებთ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და საინტერესოა ბოლნისელებისა და ზოგადად, ბოლნისის განვითარებისთვის. უმეტესი მათგანი პირველად თქვენი გაზეთის საშუალებით შეიტყობს პროექტის შესახებ. ჩვენი კონცეფცია, მარტივად რომ აგიხსნათ ასეთია:  მაგალითად, თუ სიღნაღი გამოცხადდა „სიყვარულის ქალაქად“, ჩვენ ვაცხადებთ ბოლნისს „თანამედროვე ხელოვნების ქალაქად“. მაგრამ ყველაზე გასახარი ისაა, რომ ეს იდეა მხოლოდ ჩვენს იდეად არ დარჩა, და მას უკვე ბევრი მხარდამჭერი ჰყავს. ახლახან მოვიგეთ შვეიცარიის განვითარების ფონდის გრანტი. ამ კონკურსში მონაწილეობდნენ საკმაოდ ავტორიტეტული ორგანიზაციები და გამოცდილი ხელოვანები.  ჩვენმა პროექტმა ყველაზე მეტი ხმით გაიმარჯვა. თანხები დიდი არ არის, მაგრამ მათი მხარდაჭერა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია სხვა სპონსორების მოზიდვის კუთხითაც. ჩვენი მედია პარტნიორები გახდნენ  artarea, GDS, Myvideo და ტაბულა. გვყავს უამრავი პარტნიორი ორგანიზაცია და მათი რიცხვი დღითიდღე იზრდება. ეს ყველაფერი უფრო დამაჯერებელს ხდის, რომ „ბოლნისი თანამედროვე ხელოვნების ქალაქი“ წარმატებით შედგება. უახლოეს კვირებში გვექნება გაცნობითი შეხვედრები და პრეზენტაციები ბოლნისსა და თბილისში. დაიდება ვიდეოპრეზენტაციებიც პროექტის შესახებ. უკვე არსებობს ფეისბუქის ჯგუფი, სადაც ბევრი ინფორმაცია დევს, თუმცა უფრო მეტი კეთების პროცესში შეემატება. უმნიშვნელოვანესი იქნება ადგილობრივი და მთლიანად საქართველოს ხელოვანებისთვის, ასევე მოქალაქეებისთვის, რადგან მსგავსი პროექტი პირველია საქართველოში. ერთი შეხედვით მისი არსი დამაბნევლად გამოიყურება, მაგრამ ზოგადად „თანამედროვე ხელოვნება“ ასეთია, მარტივი და საყოველთაო… პირველ ეტაპზე 3 თვიანი ფორუმი „ბოლნისი თანამედროვე ხელოვნების ქალაქი“ გაიმართება 21 მარტიდან 30 მაისამდე. 5 თებერვლიდან კი ჩემი სახლის, იგივე „არტ ჰაუსის“ მზადებას ვიწყებთ.

– კონკრეტულად რა სახის ღონისძიებები გაიმართება?

– პროექტი გულისხმობს, რომ ბოლნისის ქუჩები, სკვერები, ორღობეებიც კი სხვადასხვა დახურული სივრცეები (მაგ.კინოთეატრი, კულტურის სახლი, დარბაზები, კერძო სარდაფები), მაქსიმალურად ათვისებული იყოს თანამედროვე და ტრადიციული ხელოვნების საგამოფენოდ. მოეწყობა ქუჩის პროექციები, ტექსტების გამოფენა, ისტორიული ქრონიკების, მათ შორის გერმანელების დროინდელი katerinenfield-ის და საბჭოთა კავშირის Luxemburg-ის და    ბოლნისური ფოტოქრონიკები. გამოიფინება ასევე სხვა ისტორიული მასალები, რომელსაც პარტნიორი კვლევითი ორგანიზაციებიც მოგვაწვდიან. მოხდება ეროვნული არქივის, კინემატოგრაფიის, ბიბლიოთეკის მასალების ფოტოების განთავსება. ქუჩაში მოეწყობა 1 და 2 დღიანი ფესტივალები, მაგალითად ქაღალდის ნაკეთობების ფესტივალი, ნარჩენი მასალების ფესტივალი (ბოთლებით, გაფუჭებული ნივთებით გიგანტური კონსტრუქციების აწყობა). ეს ისეთი ღონისძიებებია, რომელიც ყველასთვის, ბავშვებისთვისაც ადვილად აღქმადია. გავმართავთ ფლეშმობების ფესტივალს, შევაგროვებთ მოხალისეებს,  ქორეოგრაფები შეეჯიბრებიან ერთმანეთს. მოვაწყობთ ფერადი საღებავებით წუწაობას და ა.შ. ეს ძალიან სახალისო და მასშტაბურიც იქნება. ცხადია, იქნება ტრადიციული ხელოვნებაც, მუსიკა, ცეკვა, ხატვა, თეატრი, კინო, გადაცემები… ოღონდ მაქსიმალურად სახალხოდ, ვცდილობთ ყველაფერი გამოვიდეს ქუჩაში, რომ ბოლნისში ცხოვრება გახდეს ყველასთვის საინტერესო და მიმზიდველი. ჩვენ ღია ვართ სხვების იდეებისთვისაც. ეს  უამრავ ხელოვანს მოიზიდავს ჩვენს ქალაქში, ვისაც აქვს, ან არ აქვს სხვაგან მუშაობისა და ცხოვრების კარგი პირობები. ისინი ქალაქს თავის ნაკეთობებს, გამოცდილებას დაუტოვებენ, ბოლნისი კი მათი მასპინძელი იქნება და ამ პროცესს  განვითარებისთვის,  ქალაქის პოპულარიზაციისთვის გამოიყენებს.

– რატომ აირჩიეთ მაინცდამაინც ბოლნისი თანამედროვე ხელოვნების ქალაქად?

–მისი ქუჩები განსაკუთრებით საინტერესოა  არქიტექტურით, რომელიც მემკვიდრეობით გერმანელებისგან გვერგო. საბჭოთა კავშირის დროსაც მშენებლობებმა თითქმის მხოლოდ დადებითი კვალი დატოვა. სხვა ქართულ ქალაქებთან შედარებით, არ დამახინჯდა კორპუსებითა და ერთსახოვანი შენობებით. პირიქით, რამდენიმე კარგი შენობა შეემატა. სწორედ ეს არის მიზეზი, რატომ უყვართ ბოლნისელებს ქუჩაში სეირნობა, ისე როგორც კურორტულ ბულვარებზე. მისი არქიტექტურის გამო სივრცის შეგრძნება ბევრად სასიამოვნოა. ის საგამოფენოდ, ღია კონცერტისთვის, ქუჩის პერფორმანსებისთვისაც ძალიან საინტერესოა და სწორედ ასე მივიღებთ „ბოლნისი არტ ბულვარს“, სადაც ადამიანები უბრალოდ კი აღარ ისეირნებენ, უამრავი მინი ფესტივალი და გამოფენა-პერფორმანსი მოეწყობა. ბოლნისი არტისტებისა და ტურისტებისთვის იმითაცაა საინტერესო, რომ თბილისთან ახლოსაა და შაბათ-კვირის, ე.წ. „უქმეების ღონისძიებების“ გამართვის მეტი შანსია… კიდევ იმიტომ, რომ მე ბოლნისელი ვარ და საბედნიეროდ, ძალიან კარგ ადგილზე მაქვს სახლი (პარკთან, ულამაზესი ხედით), არტ-რეზიდენციად გადაკეთდება და ეს ყველაფერი ძალიან მალე მოხდება. არტ-სახლი დამატებითი მიზეზია ხელოვანების მოსაზიდად, რადგან შენ მას სამუშაო პირობებს უქმნი, უცხოელი არტისტები ამ სერვისში ფულსაც იხდიან და მათაც ველოდებით, თუმცა ქართველებს ფულის გადახდას არ ვთხოვთ, ამისთვის არიან სპონსორები. ბევრი ნიუანსია და ყველაფერზე აქ ვერ ვისაუბრებთ, იმედია პრეზენტაციებზე მოვლენ ბოლნისელები და შეიტყობენ, როგორ მოხდება ამ ყველაფრის ხორცშესხმა. ბოლნისელების აქტიურობისა და დაინტერესების გარეშე არაფერი გამოვა… ინფორმაციული გაცვლები უნდა მოხდეს ჩვენს ჯგუფსა და ბოლნისელ ხელოვანებს, შემდეგ ბოლნისის მოსახლეობას შორის. მუნიციპალიტეტი კარგა ხანია საქმის კურსშია და დაინტერესებულია. მათი ხელშეწყობის გარეშე არაფერი გამოვა, რადგან იქნება დღეები, როცა ქუჩების გარკვეული პერიმეტრი უნდა გადაიკეტოს,  ღონისძიებისთვის გამოირთოს  ქუჩაში განათება, გამოიყოს დახურული სივრცეები და ა.შ. ბოლნისს აქვს უნიკალური დიპლომატიური დანიშნულებაც საქართველოსთვის ევროპასთან, გერმანიასთან კულტურული კავშირის აღდგენისთვის. ფაქტიურად  ერთადერთი ქალაქია, სადაც ამდენი ეროვნების და საქართველოს სხვადასხვა კუთხის ხალხები ცხოვრობენ ერთად. 80-იანების ბოლოს მიწისძვრამ, მეწყერმა და სხვა პოლიტიკურმა გადაწყვეტილებებმა სვანები, რაჭველები, ლეჩხუმელები, აჭარლები და ა.შ. ჩამოასახლა და კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახადა ქალაქი, ამიტომ ეს პატარა მოდელი (თბილისზე ბევრად პატარა) ერთიანი, ტოლერანტული, მრავალფეროვნების მიმღები ქალაქი უნდა გახდეს სწორედ ფესტივალების, ტრადიციული და თანამედროვე ხელოვნების, მუდმივი სიცოცხლის და სიყვარულის ზეიმის ქალაქი.

მნიშვნელოვანია, რომ ბოლნისს თავისთავად ჰყავს უამრავი ხელოვანი, რომელიც სამწუხაროდ ვერ რეალიზდება ისე, როგორც  იმსახურებენ. არსებობს უძველესი, მუნიციპალური, მოზარდთა და თოჯინების თეატრი. არსებობს რამდენიმე ფოლკლორული ანსამბლი, რომლებიც მუდამ პროგრესირებენ და სხვა სახელოვნებო წრეები. ეს უკვე კარგი ბაზაა იმისთვის, რომ ჩამოსულმა არტისტებმა აქ იპოვონ თანამოაზრეები და ერთად რაღაც ახალი შექმნან. ჩვენ სწორედ ამ ადამიანების დაკავშირებას და ქუჩებში გამოყვანას ვაპირებთ. ქუჩებში იმიტომ, რომ მთელმა საქართველომ გაიცნოს ეს ქალაქი, რომელიც დღეს აბსოლუტურად უცნობია თავისი ისტორიით, მოსახლეობის მრავალფეროვნებით. ჩვენ ვქმნით პირველ არტისტულ ბაზარს საქართველოში, ანუ ერთიან პლატფორმასა და კონცენტრაციას ხელოვანებისა და დამთვალიერებლის, სადაც შეუძლიათ ერთმანეთის გაცნობა, ერთად ცხოვრება და ნამუშევრების გაყიდვაც კი, ახალი მოლაპარაკებების წარმოება. ეს ძალიან სჭირდება და აკლია საქართველოს. თბილისში, მისი მასშტაბის გამო არ ხდება არტისტული წრეებისა და მოსახლეობის გადაკვეთა. თითქმის ვერ ახერხებენ ადამიანები კინოში, თეატრში, გამოფენაზე სიარულს. ბევრ არტისტს კი ღონისძიების გამართვის რესურსი და სივრცე არ აქვს იმიტომ, რომ ძვირი ჯდება. ქუჩის ხელოვნებაც ძნელად ვითარდება გადატვირთული მოძრაობის და სხვა აკრძალვების გამო. ვფიქრობ იმიტომაც, რომ არტისტს არ აქვს მოტივაცია, მისი შემოქმედება არ ჩანს, იკარგება საერთო ქალაქის ხმაურში… პატარა ქალაქში კი, სადაც მხოლოდ ხელოვნება ქმნის ქუჩაში დინამიკას და არა მანქანების ხმაური. მეტი შანსია გამოჩნდეს თუ რა ძალა აქვს კულტურულ ღონისძიებებს. ეს შეიძლება მაგალითი გახდეს სხვა ქალაქებისთვისაც. სწორედ ამიტომ გვყავს ბევრი სერიოზული მხარდამჭერი და კიდევ მეტს ველოდებით…

– როგორ ისარგებლებენ თავად ბოლნისელები ამ პროექტით?

– ეს ყველაზე მთავრი კითხვაა. ბოლნისელები პირველ რიგში, მიიღებენ ახალ გამოცდილებას ხელოვნების აღქმაში.  მიიღებენ ასევე ბევრ სასიამოვნო დღეს, ღონისძიებებს, მინი ფესტივალებს ქუჩებში. ქალაქს, რომელიც უფრო აქტუალური და პოპულარულია ქვეყნის მასშტაბით. რა თქმა უნდა, კონკრეტული ფინანსური სარგებელიც შეიძლება დაუდგეთ ოჯახებს. ღმერთმა ქნას ყველაფერი ისე მასიური გახდეს,  რომ მსურველი ტურისტების რაოდენობა გასაქირავებელი სახლების რაოდენობას აჭარბებდეს. მაგრამ ეს ცოტა შორი პერსპექტივა მგონია. ამ პირველ გაზაფხულის ფორუმზე მე ვაგროვებ მოხალისეების სიებს, ვინც მზადაა ეს სტუმრები უსასყიდლოდ, ან მცირე ანაზღაურებით სახლში დაიტოვოს და უმასპინძლოს დღიურად. არ შეიძლება სხვების მაგალითად ანაკლიის და სიღნაღის გამოცდილება  გავითვალისწინოთ და მათსავით ყველაფერი ძალიან გავაძვიროთ. თუ ჩვენს სტუმრებს, პროექტის მონაწილეებს და სხვა დამთვალიერებლებს არასტუმართმოყვარეობა დახვდათ, ცხადია მათ აღარ გაუჩნდებათ სურვილი მობრუნების. ჩვენ ეს შანსი ახლა მოგვეცა, თუ გავუშვით, შეიძლება მომავალ წელს სხვაგან უკეთესად გაკეთდეს, მაგრამ მე მაინც მგონია, რომ ბოლნისში ამის საუკეთესო პირობებია, რადგან სწორედ არტისტებს შეუძლიათ ბოლნისი აქტუალური გახადონ და შემოდგომის ფორუმზე უკვე ბევრად მეტი დამთვალიერებელი მოიზიდონ. ყველაფერს უახლოეს კვირებში თვითონ ვნახავთ და იმედი მაქვს მოსახლეობისგან კითხვები ბევრი იქნება. პროექტის პრეზენტაცია თებერვალში რამდენჯერმე ჩატარდება.

მაგდა დევნოზაშვილი


Share.

Comments are closed.