„პატრიარქის ხელიდან ბევრჯერ მიმიღია ზიარება, შემოგვხედავდა და თვალებით ვგრძნობდით, რაოდენ უხაროდა ჩვენი დანახვა“ – აფხაზეთში გატარებულ ლამაზ დღეებზე, იქაურ ახალ წელზე და პატრიარქთან ურთიერთობაზე ექიმი ია ჯანაშია გვიამბობს

0

10884732_712826955498716_199403851_n,,დავიბადე და გავიზარდე ზუგდიდში, მაგრამ ჩემი ცხოვრება 20 წლის ასაკიდან დავუკავშირე სოხუმს და სოხუმელებს. საქართველოს ამ ულამაზეს კუთხეში ჩემი სიყვარულიც და ცხოვრების დიდი მეგობარიც ასეთივე ლამაზი, სიყვარულით სავსე, ერუდირებული, ვაჟკაცური სულის მქონე ადამიანი იყო, რომელიც გაიზარდა აფხაზეთში ცნობილ, კაცთმოყვარე, ქველმოქმედ, ინტელიგენტ ოჯახში, სადაც ბედნიერად ვიცხოვრეთ ჩვენს შვილებთან ერთად 1993 წლის 14 აგვისტომდე’’ – წერს ია ჯანაშია და ჩანახატების რვეულს მოკრძალებულად ფურცლავს. აქ, ამ პატარა ფურცლებზე ერთი კალმის მოსმითაა გადმოცემული მისი სულის ფაქიზი განცდები, აფხაზეთში გატარებული ულამაზესი წლები, მეგობრები, მეზობლები და  სახლის გასაღები, რომელიც მეზობელს დაუტოვა, მალე დაბრუნების იმედით…

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტში სწავლის პარალელურად ოჯახი შექმნა. მეუღლე უკვე ასპირანტი იყო და ტრავმატოლოგიის ინსტიტუტში მუშაობდა. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ მუშაობა სოხუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში დაიწყო, რომელიც იმ დროს ჯანმრთელობის ყველაზე პრესტიჟულ  კერად ითვლებოდა მთელ დასავლეთ საქართველოში.

_ როგორი იყო სოხუმში ცხოვრების წლები ქალბატონო ია?

_ ქალაქის ცენტრალურ უბანში ვცხოვრობდით.  მყავდა  კარგი მეგობრები, მეზობლები და მათთან ერთად ვცხოვრობდი  ძალიან აქტიური,  ქართული ტრადიციული ცხოვრებით. არც ეკლესიისგან ვიდექით შორს. ყოველ შაბათ-კვირას წირვა-ლოცვას  ვესწრებოდით, რომელსაც  ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია მეორე ატარებდა. დავდიოდით ასევე საუფლო დღესასწაულებზე და  წმინდა გიორგის სახელობის ილორის მონასტერში.

– ია ექიმო, თქვენ უწინდესის აღმსარებელი იყავით?

– დიახ, მქონდა ბედნიერება. იმ დროს ჩვენი უწმინდესი ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი გახლდათ. ქალაქის შუაგულში ხარების სახელობის დიდი ტაძარი იდგა. შაბათ–კვირას თითქმის სულ ტაძარში ვიყავი, ქართველები თითზე ჩამოსათვლელად დავდიოდით,  უფრო მეტად რუსები და ბერძნები იდგნენ წირვა-ლოცვაზე და მახსოვს  პატრიარქის თვალები, როგორ ელოდებოდა ჩვენს გამოჩენას.  სხვა დრო იყო, ძირითადად პარტიული მუშაკები იყვნენ და ეშინოდათ. ჩემი ახლო მეგობრის მეუღლე ერთ–ერთი მინისტრი იყო,  მისი მანქანით ტაძრამდე მივიდოდით და ის ვერ ჩამოდიოდა, ეშინოდა. ძალიან მცირერიცხოვანი მრევლი ვიყავით, პატრიარქის ხელიდან ბევრჯერ მიმიღია ზიარება. შემოგვხედავდა და თვალებით ვგრძნობდით, რაოდენ უხაროდა ჩვენი დანახვა. ერთხელ შეუძლოდ გახდა და განყოფილების გამგე მიიწვიეს მის სანახავად, მეც მასთან ერთად გავეშურე რეზიდენციაში, პატრიარქი იწვა თეთრ, გაქათქათებულ ლოგინში, თითქოს არა ამქვეყნიურ გარემოში მოვხვდი, არასოდეს დამავიწყდება. ეროვნული მოძრაობის დროს კიდევ  ერთხელ მქონდა მასთან ურთიერთობის ბედნიერება, მე როგორც ექიმი მიწვეული ვიყავი  მოშიმშილეებთან. მახსოვს როგორ სიყვარულით და რუდუნებით დასტრიალებდა  ახალგაზრდებს.  მოძღვარიც ის იყო და აღსარებასაც მას ვაბარებდი, მისი  ხელით ბევრჯერ მიმიღია ზიარება.

– ცხოვრების მეგობარი დაკარგეთ

– უმძიმესი დღეები გადავიტანე. დავკარგე მეგობარი, რომელიც ყველას უყვარდა.  მოყვასის მოყვარული, ნამდვილი სოხუმელი, საუკეთესო მამა და  განათლებული კაცი იყო. სულ სითბო და სიყვარული ტრიალებდა ჩემს ოჯახში.  სოხუმში   დაბრუნებაზე ოცნებობდა, საამაყო მამის ეულად დაჩენილი საფლავი ედარდებოდა.

– მეუღლის მერე როგორ გააგრძელეთ ცხოვრება?

– გმირულად გადავწყვიტე, რომ მის გარეშე ცხოვრება   მესწავლა  და  ეს მოვახერხე… არასოდეს მიწუწუნია, ვცდილობდი  დარდი არავისთვის მომეხვია თავზე. გადავწყვიტე ბოლნისში, ამ შეჩვეულ გარემოში გამეგრძელებინა ცხოვრება. მეგობრებთან და არაჩვეულებრივ კოლექტივთან ერთად, ეს მოვახერხე.  ბედნიერი ვარ, რომ ასე მოხდა. ვცხოვრობ და ვმუშაობ ბოლნისში,   გვერდით მყავს  არაჩვეულებრივი  ადამიანი და მეგობარი ელიკო ექიმი. ჩემი მეუღლის გარდაცვალების მერე, ყოველდღე ელიკო ექიმი და მისი მეუღლე მელოდებიან სადარბაზოსთან, რომ სამსახურში წამიყვანონ. იქაც ძალიან ჯანსაღი კოლექტივი მყავს. მადლობა უფალს, რომ 74 წლის ასაკში ვმუშაობ და ვახდენ საკუთარი თავის რეალიზებას. ვმუშაობ ჩემი პროფესიით,  სამსახური ჩემთვის ყველაფერია, ის   ჯანსაღი და ლამაზი ცხოვრების გახანგრძლივებაა. ამისათვის უდიდესი მადლობა დიდებულ ადამიანს ბატონ ბორია ლარცულიანს,  ჩემს მეგობრებს, რომლებიც არ მაკლებენ სითბოს, სიყვარულს და ზრუნვას. ასევე კვირაში ერთი დღე სოფელ დისველში დავდივარ და ოჯახის ექიმად ვმუშაობ. თავიდან თითქოს გამიჭირდა, მაგრამ ყველაფერი არაჩვეულებრივად აეწყო, ვმეგობრობ მათთან და ძალიან კარგი ადამიანები არიან. დიახ, ამჟამად მე ბოლნისში ვცხოვრობ, მაქვს ჩემი საცხოვრებელი ბინა, მაგრამ ეს არ არის ჩემი სახლი, ჩემი სახლი იქ, სოხუმშია, ზღვის პირას. ჩემი საფლავიც იქ უნდა ყოფილიყო. სახლის გასაღებიც მეზობელს მივაბარეთ, ისე როგორც ხდება ხოლმე…

– როგორი იყო ახალი წელი  აფხაზეთში?

– განსაკუთრებული ტრადიცია არაფერი გვქონდა, როგორც ყველა ქართული ოჯახი, ჩვენც ისე ვხვდებოდით ახალი წლის, შობის მობრძანებას. როგორც გითხარით, ამ დროს სოხუმში უწმინდესი და უნეტარესი მოღვაწეობდა და  ძირითადად შობის და ნათლისღების ბრწყინვალე დღესასწაულებს ტაძარში ვხვდებოდით.   აფხაზებმა განსაკუთრებული არაფერი იცოდნენ, ისინი ჩვენგან სწავლობდნენ ყველაფერს. მეკვლეს მაინც და მაინც დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებდით, ვინც  პირველი შემოვიდოდა,  ის იყო მეკვლე. ერთი საინტერესო ტრადიციაც გვქონდა, ყოველ ახალ წელს, მივდიოდით რიწაზე, რომ თოვლი გვენახა.

– ახალ წელს ალბათ შვილებთან ხვდებით?

დიახ, შვილებთან ვხვდები. მყავს სამი ქალიშვილი, სამი შვილიშვილი და ერთი შვილთაშვილი. ორმა ექიმობა არჩია, ხოლო მესამე ქალიშვილმა დასავლეთ ევროპის ფაკულტეტი დაამთავრა და ინგლისურ ენას დაეუფლა.  ვესტუმრები საახალწლოდ დედაქალაქს, მივეხმარები  შვილებს  სამზადისში.   ნათესავ-მეგობრებს ჩამოვივლი.  ხოლო შობას კი ჩემი სოხუმელი მეგობრები ვიკრიბებით, ვიხსენებთ იმ ლამაზ დღეებს  და ზღვისპირეთში გატარებულ ახალგაზრდობას.

– თუ გაქვთ კერძი, რომელსაც ახალ წელს აუცილებლად ამზადებთ?

საახალწლო სუფრის აუცილებელი ატრიბუტია ,,მუჟინინა’’, რომელიც ღორის ბარკლისგან შემდეგნაირად მზადდება:

ღორის ბარკლის ხორცი საშუალოდ სამი კილოგრამი მაინც უნდა იყოს, დასერავ მაქსიმალურად და ჩატენი 5–6 კბილ ნიორს.  წაუსვამ მეგრულ აჯიკას, მოასხამ ლიმონის წვენს და შეახვევ ფოლგაში, ერთი ღამე დატოვებ მაცივარში და დილას შედებ აირღუმელში. რამდენი ხანიც გოჭის შეწვას უნდა, იმდენი ხანი წვავ, სადღაც ნახევარი საათით ადრე გადასწევ ფოლგას, ისევ შედგამ აირღუმელში და შებრაწავ, არაჩვეულებრივია.

– ვის მიულოცავთ   შობა-ახალ წელს?

– სრულიად საქართველოს, ჩემს საყვარელ ბოლნისელებს, სოფელ დისველს, მონატრებულ, მშობლიურ ზღვისპირეთს, მეგობრებს, თანამშრომლებს, შვილებს, შვილიშვილებს, პატარა შვილთაშვილს. ქართველი ერის გაძლიერებას და გამთლიანებას შევთხოვ დედა ღვთისმშობელს. გვიყვარდეს ერთმანეთი, მეტი ურთიერთობები, მეტი სითბო და სიყვარული მოეტანოს დამდეგ 2015 წელს ჩვენთვის.

,,მას შემდეგ ოცმა გაზაფხულმა ააპატარძალა შენი ღვთაებრივი არემარე. ფიქრებით ხშირად მივადგები ხოლმე სოხუმის ზღვის ნაპირებს, გავყურებ ჩადაისებულ მზის სხივებს და ვატან შენთან უდიდეს სიყვარულს, მონატრებას. უფალივით ერთი ხარ ჩემო აფხაზეთო.. შენ არ გემდურით,  პირიქით, მიგატოვეთ, მიგატოვეთ სულთმობრძავი და გამოვიქეცით, გვაპატიე…’’

ეს სევდიანი სტრიქონები ია ექიმმა მიტევების კვირას უძღვნა საყვარელ მხარეს.  დაუვიწყარი მოგონებების გალამაზებაში მას ეკლესია და რწმენა ეხმარება, ყველაფრისთვის მადლობას სწირავს  უფალს, იმისთვის რაც დაკარგა, რა განსაცდელიც მოუვლინა, რაც იყო და მომავალში რაც იქნება,   რადგან თვლის, რომ შემომქმედმა ყველაფერი იცის,  სადაც განსაცდელს მოგვივლენს, იქ გამძლეობასაც გვაძლევსო, სწორედ ესაა ია ჯანაშიას სიმშვიდის და სათნოების რეცეპტი.

ბელა ონიანი


Share.

Leave A Reply