„მიყვარს, მინდა კიდევ ერთად ვიყოთ და ერთად დავტოვოთ წუთისოფელი“

0

პერსონა

ლეო ტხინვალელი1 ამბობენ დრო ბევრ რამეს შლის, მითუმეტეს მაშინ, როცა, რამოდენიმე ათეული წელი უკან დაგრჩება, საკუთარი ცხოვრების განთიადს სხვაგვარად ხედავ, სხვაგვარად აღიქვამ. როცა უკან მოიხედავ და გადააფასებ თითოეულ  გადადგმულ ნაბიჯს მაშინ ხვდები, რომ მხოლოდ მოგონებები დაგრჩენია, რასაც 94 წლის ასაკში მთელი არსებით ატარებ  და ასე იქნება მუდამ,  სანამ ფიქრი შეგეძლება. შეიძლება ზუსტად ვერ გადმოვცემ, მაგრამ მიახლოებით მაინც ამოვიკითხე იმ ადამიანის დაფიქრებულ სახეზე ეს ფრაზები, ვისზეც ახლა ვისაუბრებ.

ლეო თხინვალელი 1921 წლის 25 თებერვალს კასპის რაიონის სოფელ კავთისხევში მრავალშვილიან ოჯახში დაბადებულა. ხუთი კლასის დამთავრების შემდეგ სწავლა გაჭირვების გამო ვეღარ გაუგრძელებია და უფროსებს ამოსდგომია გვერდში. 6 შვილიან ოჯახს მამა ავადმყოფობით გარდაეცვალა და ოჯახის გაძღოლა უფროსმა, თუმცა ასაკით პატარა ძმებმა იტვირთეს.

„მამის გარდაცვალების შემდეგ სწავლა ვეღარ შევძელი და ჩემს უფროს ძმებს ამოვუდექი გვერდში, ძალიან გვიჭირდა, კარგად მახსოვს შიმშილი და სიცივე, ამიტომ  მწყემსად დავიწყე მუშაობა. აღებული ჯამაგირით დედა ფქვილს ყიდულობდა“. – იხსენებს ლეო თხინვალელი. შრომამ და გაჭირვებამ ერთხანს ფოსტალიონის მძიმე ჩანთაც ატარებინა. პატარა ლეოს სოფლიდან სოფელში დაჰქონდა ჟურნალ-გაზეთები. ასე შრომაში შეუსრულდა 14 წელი და ძმამ თბილისში წამოიყვანა. ქალაქი არასდროს ენახა, თან ეძნელებოდა სოფლის დატოვება, მაგრამ ოცნება, რომ იმუშავებდა და დედას საჭმლის ფულს გაუგზავნიდა, ლეო თხინვალელს აძლიერებდა. თბილისში ჩამოსულმა ქარხანას მიაშურა, სადაც უხელფასოდ მუშაობდა რომ გამოცდილება მიეღო. პარალელურად კი ორწლიან პროფესიულ სასწავლებელში სწავლობდა. შემდეგ ომი დაიწყო და კავთისხევიდან წამოსული ობოლი ბიჭი პირდაპირ ომის შუაგულში, ტყვიების ქარ-ცეცხლში მოხვდა.

„ომში ავად გავხდი, ამიტომ ერთ წელში დავტოვე ბრძოლის ველი და  მშობლიურ სოფელს  დავუბრუნდი. შემდეგ კი ბოლნისში დასთან ჩამოვედი სტუმრად და მას შემდეგ აქ ვცხოვრობ“. – იხსენებს თხინვალელი.

1946 წლიდან 1989 წლამდე მემინდვრეობა-მევენახეობის ბრიგადას ხელმძღვანელობდა. დაჯილდოებულია შრომის წითელი დროშისა და ლენინის ორდენით, უამრავი სხვადასხვა მედლით, ცნობილი მევენახის მიხეილ მექვევრიშვილის საპატიო სიგელით.

ლეო თხინვალელი, კაცი, რომელიც თავდაუზოგავად შრომობდა, შვილივით უვლიდა ვენახს, იცოდა თითოეული ვაზის ძირი, ეხმარებოდა მშრომელ ადამიანებს, დღესაც უამრავი ბოლნისელის ვენახში დგას ლეო თხინვალელის დარგული რქაწითელი. როგორც შრომა უყვარდა, ისე ქართული სუფრა და სადღეგრძელო. ჭარმაგ მოხუცს ახლაც ემჩნევა  როგორ უყვარს, ღვინო, რომელსაც ქართველი კაცის სინდისს უწოდებს. აკანკალებული,  დაკოჟრილი ხელით დაგვისხა სტუმრებს თავისი საყვარელი რქაწითელი. „დალიეთ შვილებო, ეს ქართველი კაცის სინდისიაო“. მოხუცს გვერდს უმშვენებს წარმოშობით ბერძენი, უსათნოესი ელისაბედი, რომელიც ყოველ წუთს საყვედურობს ქმარს. „დაჯექი, არ დაიღალო. წამოწექი წელი დაასვენეო“. მათი სიყვარულის ისტორიას კი ლეო თხინვალელი ასე იხსენებს:ლეო ტხინვალელი2

„ახალი დაწყებული მქონდა მუშაობა მევენახედ, ოჯახის შექმნაზე ჯერ არ ვფიქრობდი, მაგრამ კოლმეურნეობაში მუშაობის დროს თვალი მოვკარი ულამაზეს ბერძენ გოგოს, რომელიც 22 წლის იყო. არც გოგონა მიყურებდა გულგრილად, თუმცა ვერცერთი ვერ ვბედავდით გაგვემხილა ეს ამბავი, მაგრამ კარგად მოგეხსენებათ სიყვარული თავად იჩენს თავს და ასეც მოხდა. მე და ლიზა 1946 წელს დავქორწინდით. კოლექტივმა ერთი პატარა ოთახი გვაჩუქა და დავიწყეთ ცხოვრება. მას შემდეგ 69 წელი გავიდა, გვერდიგვერდ ვშრომობთ, ლხინიც ერთი გვაქვს და ჭირიც, ერთად გადავიტანეთ ორი შვილის დაკარგვა და ერთად გავზარდეთ შვილიშვილები და შვილთაშვილები. 4 შვილიდან ორი დაგვეღუპა, გვყავს 7 შვილიშვილი და 10 შვილთაშვილი, რომლითაც ვხარობთ და ვცოცხლობთ“.

ბოლნისში არ ჩატარებულა არცერთი ლიტერატურული საღამო, შეხვედრა, სადაც ლეო თხინვალელი სიტყვით არ გამოსულიყო, არ წაეკითხოს საკუთარი ლექსები და ახალგაზრდებისთვის არ მოეთხროს საკუთარი ცხოვრების შესახებ. მისი ლექსები იბეჭდებოდა სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთებში, რომლებიც გაჟღენთილია სიყვარულით, მეგობრობით, პატრიოტიზმით და მშრომელი კაცის დაფასებით. დღესაც, 95 წლის ასაკში ცდილობს კვლავ მოუხმოს მუზებს და შექმნას ფრაზები, რომლითაც შვილთაშვილები იამაყებენ.

„ძალიან მოხუცდა, სულ ავადმყოფობს, თვალი აღარ უჭრის და ყურშიც კარგად აღარ ესმის, მაგრამ მაინც კითხულობს, არ აგდებს ხელიდან საწერ კალამს. ხშირად ვტუქსავ პატარა ბავშვივით, ვეჩხუბები, არ მინდა გადაიღალოს და ავად გამიხდეს. არც მე ვარ პატარა, 89 წლის ვარ, ერთმანეთს შევაბერდით, ხუმრობა ხომ არაა 69 წლის ერთად გატარება. მიყვარს,  მინდა კიდევ ერთად ვიყოთ და ერთად დავტოვოთ წუთისოფელი“. – ამბობს ელისაბედ თხინვალელი და იმედის თვალით შეჰყურებს ქმარს, რომელიც კვლავ თავჩარგული კითხულობს ჟურნალ-გაზეთებს.

…და მაინც, როდის დგება საღამო? როდის ხვდები რომ აღარ გიჭრის თვალი? აღარ გესმის გაზაფხულის ფოთოლშრიალი, ვეღარ გათბობს ზაფხულის მცხუნვარე მზე და შემოდგომის გაყვითლებულ ფოთოლს ემგვანები, რომელიც ზამთრის სუსხს შემოდგომითვე გრძნობს? პასუხი არ მაქვს, მაგრამ თითოეული ჩვენგანი იგრძნობს ამას,  რადგან განთიადს მიმწუხრი ახლავს. ხოლო როცა 95 წლის ლეო თხინვალელს და მის 90 წელს მიტანებულ ელისაბედს უყურებ, ხვდები როგორ უნდა გიყვარდეს, როგორ  უნდა იცხოვრო, რომ საყვარელ ადამიანთან ერთად სიკვდილამდე ხელჩაკიდებულმა იარო.

დარეჯან ოქრუაშვილი


Share.

Comments are closed.