მთავრობის სხდომაზე პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ პარამეტრებში ცვლილება და რამდენიმე ახალი საწარმოს პროექტი დამტკიცდა

0

logo-atsarmoe sakartveloshiსაქართველოს მთავრობის სხდომაზე სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში კიდევ ხუთი ახალი პროექტი დამტკიცდა – ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, პროექტების დამტკიცებიდან მაქსიმუმ 2 წელიწადში ხუთივე საწარმო ამუშავდება და გამოშვებული პროდუქცია როგორც ადგილობრივ, ასევე საექპორტო ბაზრებზე გაიყიდება. „საწარმოები გაიხსნება რუსთავში, ხობში, ვანისა და აბაშის  მუნიციპალიტეტებში და დასაქმდება ადგილობრივი მოსახლეობა. მინდა ასევე აღვნიშნო, რომ ადგილობრივი წარმოების კიდევ უფრო მეტი ხელშეწყობის მიზნით დღევანდელ მთავრობის სხდომაზე პროგრამის  „აწარმოე საქართველოში“ პარამეტრებში შევიდა ცვლილება, რომლის მიხედვით  ბანკის მიერ დამტკიცებულ პროექტებში საბანკო ინსტიტუტების მიერ მოთხოვნილ საგირავნო უზრუნველყოფაში სახელმწიფოს მხრიდან არსებული 30 პროცენტიანი თანაგარანტია გაიზარდა 50 პროცენტამდე.  მნიშვნელოვანია, რომ ეს არ გამოიწვევს მეწარმეებისთვის მთლიანი პარამეტრებისა ან ვალდებულებების გაზრდას. ვფიქრობთ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იმისთვის, რომ  მცირე და საშუალო ბიზნესს მეტი შესაძლებლობა ჰქონდეთ ჩაერთონ პროგრამაში“ – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

რაც შეეხება მთავრობის სხდომაზე დამტკიცებულ 5 პროექტს: სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ინფრასტრუქტურული მხარდაჭერის კომპონენტის ფარგლებში შპს „ფიგაროს“  სიმბოლურ ფასად გადაეცემაქალაქ ხობში, ქაჯაიას ქუჩაზე მდებარე 32130 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე მდგომი შენობა-ნაგებობები. კომპანია ვალდებულია  ორი წლის განმავლობაში შექმნას ქონებაზე სამშენებლო მასალებისა და პლასტმასის ნაწარმის საწარმო, რისთვისაც1 660 000  ლარის ინვესტიციას განახორციელებს. ახალ საწარმოში 30-50   ადამიანი დასაქმდება. პროდუქცია ადგილობრივ ბაზარზე გაიყიდება.

სახელმწიფო პროგრამის აწარმოე საქართველოში“ ფინანსური მხარდაჭერის კომპონენტის ფარგლებში „თი ბი სი ბანკის“ განიხილა და დაამტკიცა შპს „სი ბი სი-ს“  5 000 000 (ხუთი მილიონი) აშშ დოლარის ოდენობის შეღავათიანი კრედიტი, რომელიც საქართველოში  საყოფაცხოვრებო ნარჩენების შესაგროვებელი ლითონის კონტეინერების საწარმოს შექმნას მოხმარდება.  ამ პროექტის ჭრილში ასევე შეიქმნება ცხლად მოთუთიების საწარმო, რითაც დაინტერესდებიან მოთუთიებული დეტალების შემომტანი და რეალიზატორი იმპორტიორი კომპანიები. აღსანიშნავია, რომ ამ ტიპის წარმოება საქართველოში პირველად იქმნება.  შპს ,,სი ბი სი“ მიერ წარმოდგენილიგეგმის მიხედვით კომპანია საყოფაცხოვრებო ნარჩენების შესაგროვებელი ლითონის კონტეინერების (ნაგვის ურნების) წარმოებისა და მოთუთიების საწარმოს შექმნის მიზნით დანადგარებს შეიძენს. საქართველოშიმოთუთიების საწარმოს გახსნის შემთხვევაში დაინტერესებულ კომპანიებს მინიმუმ ორჯერ გაუიაფდებათ მოთუთიებული დეტალების ღირებულება. წარმოების დაწყება იგეგმება სესხის ათვისებიდან შვიდ თვეში.

ვანის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბზვანში მდებარე 12 351 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი სიმბოლურ ფასად გადაეცემა შპს „„ქართული დაფნას.“  კომპანია ორი წლის განმავლობაში შექმნისდაფნის გადამამუშავებელ საწარმოს და  30-50   ადამიანს დაასაქმებს. ინვესტიციის რაოდენობა 247 200 (ორასორმოცდაშვიდი ათას ორასი) ლარს შეადგენს.  პროდუქციის ექსპორტი იგეგმება ჩინეთში, თურქეთში, კორეაში, ბულგარეთში, ვიეტნაში და პოლონეთში.

შპს „აბაშის რძის ქარხანას“  სიმბოლურ ფასად გადაეცემა ასევე აბაშის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნორიოში მდებარე 126 481 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი.  კომპანია ვალდებულია  ორი წლის განმავლობაში შექმნას რძის გადამამუშავებელი და კვების (რძის) პროდუქტების საწარმო, რისთვისაც 2 529 600  (ორი მილიონ ხუთასოცდახრაათას ექვსასი) ლარის ინვესტიციას განახორციელებს. ახალ საწარმოში 150  ადამიანი დასაქმდება. პროდუქციის ექსპორტი იგეგმება რუსეთში, აზერბაიჯანში, სომხეთსა და თურქეთში.

ქალაქ რუსთავში, ორ წელიწადში ამუშავდება სამშენებლო მასალის საწარმო, რისთვისაც შპს „რებასის“  სიმბოლურ ფასად გადაეცემა მშვიდობის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული 60127 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე მდგომი შენობა-ნაგებობები.

კომპანია 1 444  136  (ერთი მილიონ ოთხასორმოცდაოთხი ათას ასოცდათექვსმეტი) ლარის ინვესტიციას განახორციელებს და  ახალ საწარმოში მინიმუმ 10  ადამიანს დაასაქმებს.

„რებასის“ წარმომადგენლების განცხადებით, პროდუქცია გაიყიდება ადგილობრივ ბაზარზე, ასევე სამომავლოდ იგეგემება ექსპორტზე გატანაც. მათი განმარტებით, ბაზალტის ინოვაციური პროდუქტი გარკვეულწილად ასევე ჩაანაცვლებს იმპორტირებული ფოლადის AR მინა-ბოჭკოს არმატურის იმპორტსაც.

 


Share.

Comments are closed.