ირაკლი გიორხელიძე: “პლეი ოფში პირველი ადგილით უნდა გავიდეთ”

0
tigran-cr-300x200იანვრის ბოლოს საქართველოს XXV ეროვნული ჩემპიონატი განახლდება და გათამაშების ლიდერი ბოლნისის “ყოჩები” თავის მატჩს ქუთაისში, “აიას” წინააღმდეგ გამართავს.
გუნდი ამ უმნიშვნელოვანესი დაპირისპირებისთვის დიდი მონდომებით ემზადება. “ყოჩებმა” საახალწლოდ მცირე ხნით შეისვენა და სეზონის საგაზაფხული ნაწილისთვის მზადება 3 იანვრიდან განაახლა და კვირას ავჭალის სარაგბო სტადიონზე თბილისის “ჯიქებთან” საწვრთნელი თამაშიც გამართა, რომლის შემდეგაც გუნდის მწვრთნელ ირაკლი გიორხელიძეს გავესაუბრეთ.
-ძალიან საინტერესო და დიდი სარგებელის მომტანი საწვრთნელი თამაში გვქონდა. ქუთაისში მძიმე შეხვედრა გველის და არ გვსურდა “აიასთან” უთამაშებლად გასვლა. გუნდში ტრავმებული მოთამაშეები არიან და მათი მდგომარეობის გაუარესებას ვერიდებოდით, მაგრამ ამ შეხვედრის ჩატარება მაინც აუცილებელი იყო. საბედნიეროდ, ყველაფერმა ნორმალურად ჩაიარა და თამაშმა ძლიერი და სუსტი მხარეები დაგვანახა. ახლა ზუსტად ვიცით რაზე გვაქვს სამუშაო ქუთაისში გამგზავრებამდე. მოკლედ, ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის და უშუალოდ “აიასთან” მატჩში გამოჩნდება, როგორ მოვემზადებით სეზონის ამ ნაწილისთვის.
-ტრავმები ახსენეთ, რომლებიც 2014 წლის მიწურულს მრავლად იყო და ახლა როგორაა საქმე?
-დიახ, ტრავმირებულები მართლაც მრავლად გვყავდა, მაგრამ მათი უმრავლესობა გამოჯანმრთელდა. ორი-სამი მორაგბის გარდა, წესით ქუთაისში ყველამ უნდა ითამაშოს და იმედია, ის 2-3 მოთამაშეც 2-3 ტურის შემდეგ შემოგვიერთდება.
-დღეს “ყოჩების” შემადგენლობაში უცხოელმა მორაგბემ ითამაშა და ის ჩემპიონატის მატჩებშიც დაგეხმარებათ?
-ჩვენთან სამხრეთ აფრიკელი მორაგბე ჩამოვიდა, რომელიც ამბობს, რომ “შარქსის” აკადემიაში სწავლობდა და “ყოჩებში” თამაში უნდა. შევამოწმებთ და თუ გუნდს გამოადგება, დავიტოვებთ, თუ არა და მის პოზიციაზეა, შერკინების მესამე ხაზში ნამდვილად გვყავს ისეთი ბიჭები, რომლებისთვის კონკურენციის გაწევა ნებისმიერს გაუჭირდება.
-რეგულარული პირველობის დასრულებამდე 7 ტური დარჩა და 14-ქულიანი უპირატესობა გაქვთ. შეძლებთ პლეი ოფში პირველი ადგილით გასვლას?
-დიდი იმედი მაქვს, რომ პლეი ოფში სწორედ პირველი ადგილით გავალთ. წინ მოსაგები შეხვედრები გვაქვს, ამასთან, თამაშის ხარისხი კიდევ უფრო უნდა დავხვეწოთ და გადამწყვეტ ჯახებს საუკეთესო ფორმაში შევხვდეთ. ძალიან დიდი უპირატესობა გვაქვს და არა მგონია ის გავანიავოთ. წესით, კიდევ უნდა მოვუმატოთ და მაშინ, როდესაც ყველაფერს 2-3 ქულა წყვეტს, ასეთი დიდი, 14-ქულიანი უპირატესობა გამოვიყენით. ყველაფერი ხდება, მაგრამ არ მგონია ამ სიტუაციაში რაიმე ისეთი მოხდეს, რომ მისი დაკარგვა “მოვახერხოთ”.
-როგორ ფიქრობთ, ვინ იქნება თქვენი მთავარი კონკურენტი ჩემპიონობისთვის ბრძოლაში?
-როგორც ყოველთვის, ტრადიციული გუნდები, ისეთები, როგორებიც თბილისის “ლელო” და “ლოკომოტივი” არიან. ასევე ტრადიციული გუნდია “აია”, რომელთანაც თამაში რამდენიმე დღეში გვიწევს. გაძლიერდნენ “ბათუმი” და რუსთავის “ხარები”, “ჯიქებს” ვეთამაშეთ და მათაც მშვენიერი გუნდი ყავთ. მოკლედ,” თიბიეს-უნივერსიტეტის” გარდა, ყველას კონკურენტად განვიხილავთ და ვნახოთ ვინ შეგვხვდება გადამწყვეტ მატჩებში.

Share.

Comments are closed.