„ვცდილობ ის, რასაც ჩემი მშობლები აკეთებდნენ, ჩემმა შვილიშვილებმაც გააგრძელონ“ – როგორ აღნიშნავენ ახალ წელს ტრადიციულ რაჭულ ოჯახში

0

10886248_712837425497669_1596417927_oსოფელ რაჭისუბანში ელზა და გივი ჩაგელიშვილებს  ყველა იცნობს, პედაგოგების ოჯახი  განათლებით, პატიოსნებით და კარგი შვილების აღზრდით გამოირჩევა. მათი ცხოვრების ისტორია ქლუხორის რაიონიდან იწყება. გივიმ ბავშვობა ტებერდაში გაატარა, მიუხედავად გაჭირვებული პერიოდისა, დროს მხიარულად ატარებდნენ და ახალი წლის დადგომას სიხარულით ელოდნენ. 1958 წელს ქლუხორიდან ბოლნისში,  სოფელ რაჭისუბანში სხვა რაჭველებთან ერთად ჩამოასახლეს, 1963 წელს ბედი დაუკავშირა პროფესიით პედაგოგს, ყველასათვის მისაბაძ ქალს ელზა გვერდწითელს  და დღემდე ერთიან, ძლიერ და ბედნიერ ოჯახს უდგანან სათავეში. მათ კიდევ ერთხელ გაიხსენეს ის ემოციები, რასაც ახალი წლის მოახლოებისას განიცდიდნენ. ,,ახალ წელს სიხარულით ველი, ჩემთვის ეს დღე ახლის მოტანასთან ასოცირდება’’ აღნიშნავს ოჯახის დიასახლისი.

– როგორი საახალწლო ტრადიციები გქონდათ, როგორ ხვდებოდით ახალ წელს?

– ჩემს ბავშვობაში ახალ წელს ძველი სტილით, 14 იანვარს ვხვდებოდით. ყველას ოჯახში იკვლებოდა ღორი, სუფრის აუცილებელი ატრიბუტი  მოხარშული ღორის თავი ან  ბეჭი იყო, რომელიც სუფრაზე მთლიანი იდებოდა, ამ ტრადიციას ახლაც ვაგრძელებთ. ვცდილობ ის, რასაც ჩემი მშობლები აკეთებდნენ,  ჩემმა შვილიშვილებმაც გააგრძელონ.  საახალწლოდ  სუფრას ყველა შეძლებისდაგვარად აწყობდა, მდიდარიც და ღარიბიც. ოჯახის უფროსი გავიდოდა გარეთ,  ტაბაკაზე, ანუ ხონჩაზე აწყობდა ტკბილეულს და შემოვიდოდა ძახილით კარი რკინისა და  შემოდგამდა ფეხს ლოცვით.

– ნაძვის ხეს თუ რთავდით?

– ნაძვის ხეს ბავშვები ვრთავდით, უფროსები წინასწარ გვიცხობდნენ სხვადასხვა ფორმის ცხოველებს, რასაც ბუნებრივ ნაძვის ტოტზე ვკიდებდით სათამაშოების მაგივრად, ბავშვები ერთმანეთს ვეჯიბრებოდით ვის უფრო ლამაზად მორთული ექნებოდა ნაძვის ხე.

– მეკვლის ტრადიციის თუ გჯერათ და თქვენ თუ დადიოდით მეკვლედ?

– მეკვლედ ახალი წლის ღამეს  ოჯახის უფროსი შემოდიოდა, თუმცა გვყავდა მეორე დღის მეკვლეც, რომელიც ბარბარობის დღესასწაულზე მოდიოდა, ნამდვილად გვჯეროდა მეკვლის ფეხის, თითქოს მასზე იყო დამოკიდებული მთელი წლის წარმატება-წარუმატებლობა, მეკვლე წმინდა ბასილის ლოცვით შემოდიოდა, რომელსაც ცომისგან გაკეთებული ტკბილი პურები, ბასილები შემოჰქონდა,

მახსოვს  მეკვლე ამ სიტყვებით შემოდიოდა: „შემოვდგი ფეხი, გწყალობდეთ წმინდა ბასილი, მისი მადლით იყავით პურით და ღვინით ავსილი. ჩვენ ნაფეხურს კვალი აჩნდეს წმინდისა ანგელოზისა, ისა გლოცავდეთ, გფარავდეთ ორსავ მარჯვენის მხარისა, გულზე ხატი მაქვს მისვენებული, მოვდივარ მომიხარია, ხელში ტაბაკი მიჭირავს, სანთლებით გაჩაღებული, ზედა აწყვია ვაშლები, თაფლი და გოზინაყები და ერთი პატარა ტყვია, ის მოხვდეს თქვენსა  მტერსა, აყვავდეს ჩვენი ქვეყანა, გამრავლდეს ჩვენი ერია“. მეკვლედ ხშირად დავდიოდი. ბავშვობაში მეუბნებოდნენ კარგი ფეხი გაქვსო და ყველა მეპატიჟებოდა.

მერე ერთმანეთს  ვულოცავდით, ცხვებოდა ქადიანები, ჩვეულებრივ ცომში გაურევდნენ გამდნარ ერბოს, ასევე აუცილებელი იყო ხაჭაპური, რაჭული ხაჭოიანები,  ცოტა ყველით და მეტი ხაჭოთი, რძის თავიდან აკეთებდნენ ერბოს, რომელსაც  ინახავდნენ მთელი ზამთრის განმავლობაში. ის  მჟავდებოდა და ადუღებულ წყალში ხსნიდნენ, რომელსაც წყალდასხმულს ეძახოდნენ.

– დღეს როგორ აღნიშნავთ ახალ წელს?

– როცა ჩვენ ჩამოვედით აქ, უფრო მეტი ტრადიციები იყო. წლების განმავლობაში მეზობლები მივდიოდით ერთმანეთთან და ვულოცავდით ახალ წელს,  ახლა უფრო იშვიათია მისვლა-მოსვლა. ჩვენი  ძირითადი ტრადიციაა რომ ოჯახში ერთად ვიკრიბებით. უკვე ასაკში ვარ, მაგრამ მაინც სიხარულით ველი ამ დღესასწაულს. მიყვარს ახალი წლის სამზადისი.  დღეს უკვე ყველა ერთად ვემზადებით, მეხმარებიან ჩემი რძლები, სუფრა  აუცილებლად დოვლათიანი უნდა იყოს, მჯერა ასე გაწყობილი სუფრით თუ შევხვდები, მთელი წელი ბარაქიანი იქნება. შემორჩენილი გვაქვს ნაძვის ხის მორთვის ტრადიციაც, რომელსაც ყოველთვის ბავშვები რთავენ.

– ვის მიულოცავდით ახალ წელს?

– პირველ რიგში ჩემს ქვეყანას, ჩემს ხალხს მივულოცავდი. დაწყნარებული და გაერთიანებული მენახოს ჩემი სამშობლო. ყველას მინდა მივულოცო ახალი წელი, ოჯახის წევრებს, მეგობრებს, ნათესავებს, შვილებს და შვილიშვილებს ფიზიკური და სულიერი ჯანმრთელობა ვუსურვო მათ. ბედნიერ, გაბრწყინებულ, გაერთიანებულ და მშვიდ ქვეყანაში ეცხოვროთ. საზღვარგარეთ წასული ჩვენი თანამემამულეებიც მალე დაბრუნებულიყვნენ საქართველოში.

მაგდა დევნოზაშვლი


Share.

Leave A Reply